აშშ სომხეთს $11 მილიონის ღირებულების სადაზვერვო დრონებს გადასცემს

პუბლიკა

აშშ სომხეთს 11 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სადაზვერვო დრონებს გადასცემს.

ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ერევანში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე დღეს, 9 თებერვალს განაცხადა.

„პრეზიდენტმა ტრამპმა კარგად იცის, რომ მშვიდობის უზრუნველყოფის საუკეთესო გზა საუკეთესო სამხედრო ტექნოლოგიების განლაგება და გავრცელებაა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაამტკიცა 11 მილიონი დოლარის ღირებულების სადაზვერვო დრონების ტექნოლოგიის მიყიდვა სომხეთისთვის. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ მშვიდობა, რომელიც უნდა აშენდეს, იქნება მდგრადი. ეს ასევე ნიშნავს დამატებით სამუშაო ადგილებსა და ინვესტიციებს“, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

ჯეი დი ვენსი სომხეთში სამხრეთ კავკასიაში ვიზიტის ფარგლებში ჩავიდა. ერევანში ის 9-10 თებერვალს დარჩება. მისი მთავარი განსახილველი საკითხია მშვიდობა და „მშვიდობის გზაჯვარედინი“, იგივე TRIPP (ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის).

2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერეს ჩარჩო-ხელშეკრულებას სატრანსპორტო დერეფნის შექმნის შესახებ. ნახჭევანი თურქეთს ესაზღვრება.

დერეფანმა აზერბაიჯანი ნახჭევანის ექსკლავთან უნდა დააკავშიროს. აშშ-მა მიიღო უფლება, განავითაროს დერეფანი აზერბაიჯანსა და ნახჭევანს შორის.

„მშვიდობას არ აშენებენ ფრთხილი ადამიანები, მშვიდობა არ შენდება წარსულში, მშვიდობა შენდება მომავალში. ჩვენ ვაშენებთ არა მხოლოდ მშვიდობას სომხეთისთვის, არამედ კეთილდღეობასაც, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად. ეს შეუძლებელი იქნებოდა თქვენი ქვეყნის ლიდერის ხელმძღვანელობის გარეშე. მე მჯერა, რომ დღევანდელი დღე არის სომხეთსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობისა და პარტნიორობის ახალი დასაწყისი“, – თქვა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

„მშვიდობის გზაჯვარედინის“ შესახებ ჯეი დი ვენსმა თქვა, რომ სომხეთისთვის ახალ ეკონომიკურ პერსპექტივებს გადაშლის.

„ეს რეგიონში რადიკალურ ტრანსფორმაციას გამოიწვევს. საერთაშორისო ვაჭრობის, ტრანზიტისა და ენერგეტიკული ნაკადებისთვის ახალი სამყარო გაიხსნება, რაც უზრუნველყოფს უპრეცედენტო კავშირს სომხეთსა და მეზობელ ქვეყნებს შორის. ეს არა მხოლოდ სომეხი ხალხის კეთილდღეობისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ხელს უწყობს მშვიდობის პროცესსაც. როდესაც აკავშირებთ ენერგეტიკულ სექტორს, ეკონომიკას და ა.შ., თქვენ წვლილი შეგაქვთ მშვიდობაში. ჩვენ გვსურს არა მხოლოდ მშვიდობის დამყარება, არამედ იმის უზრუნველყოფა, რომ ეს მშვიდობა იყოს ხანგრძლივი“, – განაცხადა ვენსმა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ახსენა NVIDIA-ც – 2025 წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ ხელოვნური ინტელექტის ღრუბლოვანი კომპანია Firebird უმსხვილესი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია NVIDIA-ს მხარდაჭერით კავკასიის რეგიონში ხელოვნური ინტელექტის ცენტრს ქმნის.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაამტკიცა არაერთი პატენტი NVIDIA-სთვის. რას ნიშნავს ეს: ახალ ბაზრებს, ახალ სამუშაო ადგილებს. ეს არის ჩიპები, რომლებიც არ არსებობს და ვერ იარსებებს მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში. ახლა ისინი უკვე აქ, სომხეთში იქმნება“, – თქვა ვენსმა.

ერთობლივ პრესკონფერენციამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და ჯეი დი ვენსმა ხელი მოაწერეს „ერთობლივ განცხადებას სომხეთის რესპუბლიკის მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი გამოყენების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულების თაობაზე“.

„ჩვენმა ქვეყნებმა დაასრულეს მოლაპარაკებები სამოქალაქო ბირთვულ ენერგიაზე. ახლა, როდესაც ეს სრულად ამოქმედდება, გზა გაეხსნება ამერიკულ და სომხურ კომპანიებს სამოქალაქო ბირთვულ პროექტებზე ხელშეკრულებების გასაფორმებლად. ეს ნიშნავს: 5 მილიარდ დოლარამდე საწყის ამერიკულ ექსპორტს, პლუს დამატებით 4 მილიარდ დოლარს გრძელვადიან მხარდაჭერას საწვავის და ტექნიკური მომსახურების კონტრაქტების მეშვეობით. ეს არის კლასიკური ორმხრივად მომგებიანი სიტუაცია როგორც სომხეთისთვის, ასევე აშშ-სთვის.

ეს ნიშნავს უფრო ძლიერ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ჩემი ქვეყნისთვის და ვფიქრობ, ასევე ნიშნავს უფრო ძლიერ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას სომხეთისთვისაც. ეს ასევე შექმნის უამრავ ახალ სამუშაო ადგილს აშშ-ში. ეს გულისხმობს მცირე მოდულურ რეაქტორებს. ამ ქვეყანაში ამერიკული ტექნოლოგია შემოდის. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს არის ერთ-ერთი იმ მცირე ქვეყანათაგანი, სადაც თავს საკმარისად თავდაჯერებულად ვგრძნობთ ასეთი დონის ინვესტიციისა და ტექნოლოგიის გამოსაგზავნად. და ეს ხდება პრემიერ-მინისტრის წყალობით“, – თქვა ვენსმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ხაზი გაუსვა სომხეთ-თურქეთის ნორმალიზაციის პროცესის მიმდინარე დიალოგს TRIPP-ის კონტექსტში, მათ შორის გიუმრი-ყარსის რკინიგზის გახსნას. მან მაღალი შეფასება მისცა ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი გამოყენების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ერთობლივი განცხადების ხელმოწერას.

ფაშინიანის თქმით, მხარეებმა ასევე მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს სომხეთ-აშშ-ის სამხედრო და თავდაცვის პარტნიორობის სფეროში, რაც უსაფრთხოების სფეროში მრავალწლიანი თანამშრომლობისა  და სამი წლის განმავლობაში მიმდინარე Eagle Partner-ის სამხედრო წვრთნების გაგრძელებაა.

პრესკონფერენციამდე გამართულ ვახშამზე ჯეი დი ვენსმა სომხურ მხარეს მადლობა გადაუხადა თბილი მიღებისთვის და განაცხადა, რომ „წარმოუდგენლად მადლიერია იქ ყოფნისთვის“.

„სომხეთი, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული კულტურაა მთელ მსოფლიოში, ამიტომ დიდ სიახლოვეს ვგრძნობ სომეხი ხალხის, თქვენი და თქვენი ადმინისტრაციის მიმართ. ვფიქრობ, ჩვენ ნამდვილად გვაქვს შესაძლებლობა, არა მხოლოდ შევქმნათ ისტორიული და ხანგრძლივი მშვიდობა, რომელმაც, როგორც თქვენ თქვით, შეიძლება მიაღწიოს „უკანდაუბრუნებლობის წერტილს“, – თქვა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

ერევნის შემდეგ ჯეი დი ვენსი ბაქოში გაემგზავრება.

ჯეი დი ვენსი არ ჩავა საქართველოში, რომელიც წარსულში რეგიონში აშშ-ის მთავარი მოკავშირე იყო. აშშ-საქართველოს ურთიერთობები მას შემდეგ გაუარესდა, რაც რაც აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა თბილისის დემოკრატიული უკუსვლისა და პრორუსული ორიენტაციის შესახებ განაცხადეს. 2024 წლის 30 ნოემბერს აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა, ხოლო 2024 წლის 27 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილს აშშ-მა სანქციები დაუწესა.