თარგმანი: თამთა მელაშვილი
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში, რომელიც 1963 წლიდან ტარდება, ცნობილმა უკრაინელმა მწერალმა, სერგი ჟადანმა მიიღო მონაწილეობა. წელს, ამ კონფერენციის დამაარსებლის, ივალდ ფონ კლაისტის სახელობის პრიზი, რომელიც ყოველწლიურად გაიცემა, უკრაინელ ხალხს ეკუთვნის მათი გამბედაობის, გაღებული მსხვერპლის და არა მხოლოდ საკუთარი, არამედ მთელი ევროპის თავისუფლებისთვის ბრძოლის აღსანიშნავად. პრიზს პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი მიიღებს.
ჟადანმა თავის სიტყვა 12 თებერვალს წარმოთქვა. (თამთა მელაშვილის თარგმანი)
თეზისი #1
მოდი, ასე დავიწყებ. ხარკოვში, ჩემ კორპუსში, ათი ბინაა. პირველ სართულზე მუსიკალური სკოლა იყო, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველივე წელს დაიკეტა. მეორე სართულზე არავინ ცხოვრობს. ერთ ბინაში მოხუცი ქალი ომამდე გარდაიცვალა, მეორე ბინა ოჯახმა ომის დაწყებიდანვე მალე დატოვა. მესამე სართულზე მოხუცი, მარტოხელა კაცია, რომელსაც ჯერ კიდევ ათი წლის წინ საკმაოდ შთამბეჭდავი გარეგნობა ჰქონდა. მაღაზიაში პროდუქტის საყიდლად უფრო და უფრო იშვიათად გადის, კიბეზე სიარული უჭირს. მის გვერდით ოჯახი ცხოვრობს, რომელიც კორპუსში წესრიგს მეთვალყურეობს და სხვენის გასაღები აბარია. მეოთხე სართულზე ერთი ბინა ცარიელია. როგორც ჩანს, მისმა მფლობელებმაც დატოვეს ქვეყანა. გვერდით ერთი მეწარმე ცხოვრობს – მშვიდი და მარტოსული კაცი, თავისი ოჯახი მანაც საზღვარგარეთ გაარიდა. მეხუთე სართულზე ბინა ცარიელია – მათაც ომის დასაწყისში დატოვეს ქვეყანა. გვერდით ოჯახია, რომელიც არსად წასულა და სახლს დაბომბვების დროსაც კი არ ტოვებს. მეექვსე სართულზე ერთი ბინა გაქირავდა, მფლობელები წავიდნენ. მეორე ბინაში მე ვცხოვრობ.
ჩვეულებრივ, გვაქვს ელექტროენერგია, წყალი და გათბობა. ბოლო რამდენიმე თვეა, დაბომბვის მერე, კორპუსში სრული სიჩუმე ისადგურებს. შუქი მიდის, წყალი წყდება. რამდენიმე საათის შემდეგ კორპუსი ისე ცივდება, თითქოს გზატკეცილზე გატანილი ცხოველი იყოს. მაცხოვრებლებიც იყინებიან. მერე ელექტროენერგია მოდის და შენობასაც სიცოცხლე უბრუნდება. ამ ზამთარს ყველას სცივა. ჩვენი ქალაქები დანგრეულია.
ხანდხან ვფიქრობ – ელექტროენერგია რომ არ აღდგეს, კორპუსი თავის მაცხოვრებლებიანად, უბრალოდ გაიყინება. და გაიყინება საკმაოდ სწრაფად. ვთქვათ, ერთ დღეში. ან ორში.
მოდით, ახლა კი მომავალზე ვილაპარაკოთ.
თეზისი #2
რთულია დანამდვილებით მომავალზე ისაუბრო, როცა აწმყო წონასწორობის ვერანაირ შეგრძნებას ვერ ბადებს. ომი, ყველაზე მეტად, დროის დანაწევრებულ აღქმას გულისხმობს: ცდილობ მთლიანად მოეჭიდო დღევანდელს, აღარ გაქვს ხვალინდელის ნდობა. საჰაერო განგაში მარტივად შეგახსენებს იმას, რომ ვიღაცას შეუძლია ყველა შენი გეგმა ერთი ხელის მოსმით შეცვალოს და იმ ვიღაცას სრულიად არ ადარდებ. თუ ნგრევის მიზნით წამოწყებულ ტოტალური ომის პირობებში, მომავალს ზედმეტად დაეყრდნობი, მაშინ უკიდურესად მოწყვლადი და არაფუნქციური გახდები, რადგან მომავალმა შეიძლება ნებისმიერ მომენტში გიღალატოს. მეორე მხრივ, თუ შენ ცნობიერებას გადარჩენის საჭიროება წარმართავს, შანსი მეტი გაქვს ცოცხალი გადარჩე. ყველა შემთხვევაში, დიდი სივრცე აღარ რჩება წარმოსახვითი აზროვნებისთვის.
სრულმასშტბიანი ომის დაწყების შემდეგ, ბევრი ჩვენგანისთვის, უკრაინელებისთვის, დროის განგრძობითობა, სწორხაზოვნება და წესრიგი დაირღვა. ომის დროს ცხოვრება გარანტიის გარეშე ცხოვრებაა. და მიუხედავად ამისა, ამ ბნელ დროებაში, საჭიროა ვისაუბროთ იმაზე, რა შეიძლება მოხდეს ხვალ. უბრალოდ იმიტომ, რომ უარესისთვის მზად ვიყოთ. იმისთვისაც, რომ მოვლენების საუკეთესო შედეგებმა არ გაგვაკვირვოს.
თეზისი #3
როგორ შეიძლება ვილაპარაკოთ მომავალზე, რომლის ფორმირება მოლაპარაკებებზე ხდება? როგორ შეიძლება მომავლის წარმოსახვა და სურვილი ოკუპანტის რიტორიკას დაუკავშირო, რომელსაც არაფერი უნდა შენი კაპიტულაციის გარდა? ჩვენ ვიცით, როგორი გვსურს იყოს სამყარო, თუმცა სრულად გვაქვს გაცნობიერებული, რომ ჩვენი ყველა მოლოდინი ვერ ასრულდება. სამართლიანობა არაა ჩვენი რეალობის განუყოფელი ნაწილი, მაგრამ ჩვენი მოთხოვნილება მასზე შეუვალი და ბუნებრივია. ჩემი აზრით, ზუსტად ესაა, რაც ბევრ ჩვენგანს საშუალებას აძლევს ილუზიებით არ იცხოვროს და ღირსების შეგრძნება არ დაკარგოს. რისთვისაა ღირსება? იმისთვის, რომ არ გიწევდეს საკუთარ თავად ყოფნის და სურვილის საჭიროების გამართლება. იმისთვის, რომ არ დათმო საკუთარი თავი. იმისთვის, რომ არ გეშინოდეს იყო ის, ვინც ხარ.
უკუნ წყვდიადში ყოფნისას სინათლეზე საუბარი ყველაზე უარესი რამაა, რადგან ცდუნება ძალიან დიდია დაიჯერო, რომ წყვდიადის არსებობა მარადიულია, რომ ის სულ ჩვენთან დარჩება. მარტივი ჭეშმარიტება უნდა გვახსოვდეს – წყვდიადის მომავალიც გაურკვეველია. ისიც ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. და ერთ-ერთ ფაქტორი ჩვენი სურვილია – მას გადავურჩეთ.
თეზისი #4
მოდით, ვეცადოთ, მომავალზე ვისაუბროთ. რა შეიძლება დანამდვილებით ვთქვათ მასზე? ზუსტად ვიცით, საიდან შევაღებთ მის კარს – დღევანდელობის უკუნი წყვდიადიდან. სიბნელიდან და სიშავიდან. და ეს სიშავე, ეს უკუნი ჩვენ მხრებზე ტვირთად დარჩება, როგორც გამოცდილებისა და მეხსიერების განუყოფელი ნაწილი. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. და ესაა მომავლის ერთ-ერთი კომპონენტი, რომელზედაც აქ, ახლა ვლაპარაკობთ. რადგან ნათელია, რომ მომავალი, ყველაზე კაშკაშაც კი, ჩვენ ცხოვრებაში უკვე არსებული ამ უკუნით იქნება დადაღული. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. მოკლედ რომ ვთქვათ, ომი ჩვეულებრივად არ მთავრდება. ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ დიდხანს მოგვიწევს მის ჩრდილებთან და ლანდებთან გამკლავება. ამას ძალისხმევა დასჭირდება. ამას მომავალში ჩვენ მეხსიერებაზე ბევრი მუშაობა დაჭირდება. დღეს კი წარმოსახვაზე მუშაობა ჭირდება.
მომავალზე ფიქრისას, ხშირად, მას იდეალურად წარმოვიდგენთ, თუმცა ისტორიამ დაგვანახა, რომ ის, რაც იდეალურია, წარსულს ეკუთვნის. წარსულს, რომელსაც ვაიდეალებთ. და როგორი იქნებ მომავალი? ჩვენ შემთხვევაში, ომის შემდგომი მომავალი?
თეზისი #5
მომავალი ნამდვილად ვეღარ იქნება წარსულის მსგავსი. ეს ერთგვარი მახეა. ზოგიერთი ჩვენგანი – ისინიც, ვინც უკრაინაშია და ისინიც, ვინც გარედან გვგულშემატკივრობენ, ცნობიერად თუ არაცნობიერად, მომავალზე წარსულის თვალით ლაპარაკობს. ეს დიდი შეცდომაა. ის რაც იყო, აღარასოდეს იქნება. რაღაც სხვას უნდა ველოდოთ. ეს ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ კარგი აღარაფერი მოხდება. სავსებით შესაძლებელია მომავალი კარგიც იყოს და ბედნიერიც. უბრალოდ, მას წარსულს ვეღარ შევადარებთ.
ჩვენი წარსული შეუქცევადად და გადაჭრით დაანგრია ამ ომმა. უკვე დაანგრია და შეგახსენებთ, რომ აგრძელებს მის ნგრევას. სანამ ჩვენ აქ მომავალზე ვლაპარაკობთ, იქ ომი გრძელდება. ქვეყნებს შორის (და უფრო კი, ხალხებს შორის) ურთიერთობებში ბევრი რამ ავტომატურად ვეღარ აღდგება, პირობითი (თუ უპირობო) ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ. ღიაობის, ნდობის შეგრძნება ვერ აღდგება. ბევრი ლიდერი და ინსტიტუცია, ინიციატივა თუ პროექტი ვეღარ დაიბრუნებს ძალაუფლებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ძველი უსაფრთხოების შეგრძნება აღარ იარსებებს. ის განსხვავებული იქნება, რომელიც ზუსტად ახლა, ამ დღეებში, ამ თვეებში იძენს თავის ფორმას.
რისი თქმა მინდა ამით? აწმყოს იძულებითი პაუზის სახით წარმოდგენა არასწორია. მომავლის ცნება, როგორც შესაძლებლობა დავუბრუნდეთ იმას, რაც აქამდე იყო – არასწორია. მომავალი, როგორც წარსულის გადავადებული ვერსია – ილუზიაა. მომავალი ჩვენგან შედგება – ისეთებისგან, როგორიც ვართ, როგორიც ვიქნებით, როგორიც შეგვიძლია რომ ვიყოთ.
თეზისი #6
აქა-იქ, ალბათ, გესმით მოსაზრება, რომ ყველა ომი ოდესმე სრულდება. ომი, რომელიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ წამოიწყო – ესეც დასრულდება. ეს თეზისი, მიუხედავად მისი სიცხადისა, საფრთხეს მოიცავს. თავის დროზე, ევროპელების რამდენიმე თაობისთვის ასწლიანი ომი არასოდეს დამთავრებულა. მათ უბრალოდ ვერ იცოცხლეს მის დასასრულამდე, დაიხოცნენ და არა მაინცდამაინც ომში სიკვდილით. ეთიკური კუთხით, ყველა ომის დასრულების, როგორც გარდაუვალი ფაქტის აღქმა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ომის დასრულება უდიდეს ძალისხმევასა და შრომას მოითხოვს. მას ასევე ძალიან სჭირდება რწმენა და მოთმინება. ამ კონტექსტში მომავალზე საუბარი არაა რეალობისგან გაქცევა, არამედ პირიქით, თავად რეალობის ობიექტური აღქმაა. მომავალი ოთახის კარია, რომელიც ჩვენი მხრიდან იღება – იმ ოთახიდან, სადაც ჩვენ ყველანი ერთად ვიმყოფებით.
თეზისი #7
რატომაა ასე მნიშვნელოვანი, რომ დღეს ვისაუბროთ მომავალზე? რადგან მომავალში, ჩვენ შორის გაუგებრობა კიდევ უფრო გაღრმავდება. ამის საფუძველი გამოცდილებათა შორის უკიდურესი განსხვავება იქნება, უკან მოტოვებული სრულიად განსხვავებული წარსული და შესაბამისად – ძალიან განსხვავებული მომავლის აღქმა. ისიც ნათელია, რომ ყურადღება, რომელსაც ახლა მსოფლიო უკრაინას უთმობს, გადასხვაფერდება. რამდენად შეძლებს მსოფლიო ემპათია შეინარჩუნოს ქვეყნის მიმართ, რომელიც, მოვა ერთი დღე და აღარ დაიბომბება? რა შეცვლის ამ ემპათიას? საღი რაციონალიზმი? თუ უსამართლობისგან გამოწვეული რიგითი ემოციური გადაღლა, იმ უსამართლობისგან, რომელიც პირდაპირ შენ არ გეხება?
ჩვენ ახლა ვცდილობთ მსოფლიოს ხმა მივაწვდინოთ იმის იმედით, რომ მოგვისმენთ, გაგვიგებთ და მხარს დაგვჭერთ. მაგრამ რამდენი ხანი შეიძლება შეინარჩუნო ეს ყურადღება საკუთარ ტანჯვაზე ხმამაღლა ყვირილით? და რამდენად ზუსტი იქნება ჩვენი მოთხოვნები ყურადღებასა და გულისხმიერებზე, როცა საფრთხის მასშტაბები შეიცვლება? დაგველაპარაკება მსოფლიო, როცა ჩვენ მასიურ ხოცვას ბოლო მოეღება? აქვს მსოფლიოს მორალური უფლება ჩვენით დაიღალოს? მაშინ, როგორ უნდა ვიცხოვროთ ჩვენ საერთო მომავალში დაღლილ მსოფლიოსთან, სამართლიანობის საჭიროებით, სრული უნდობლობის შეგრძნებით?
თეზისი #8
ძალიან მნიშვნელოვანია ვისაუბროთ მომავალზე, ზუსტად ისე, როგორც ერთიან მომავალზე. არ ვგულისხმობ პოლიტიკურ ან სამხედრო ალიანსებს, ასოციაციებისა და გაერთიანებების წევრობას. უკვე ყველა დიდი ომი ძალიან ნათლად შეგვახსენებს, რამდენად შეუძლებელია დისტანცირდე დღევანდელი სამყაროს ზეგავლენის და ინტერესის სფეროებად დაყოფის არაეფექტურობისა და ამორალურობისგანაც კი. ამ ომმა – 21-ე საუკუნის პირველმა დიდმა ომმა აჩვენა, რომ მსოფლიოს თავისი წარსული განსაზღვრავს – ვერ ააშენოს უსაფრთხოებისა და ნდობის სართო მომავალი. და ეს, ნამდვილად არ ასხამს მათ წისქვილზე წყალს, ვინც შეიარაღებული აგრესიის მსხვერპლი გახდა. გემზე გაჩენილი ცეცხლი ყველა მგზავრის სადარდებელია, მიუხედავად იმისა, რომელი კლასის ბილეთს ფლობს ის. ალბათ, ამიტომაცაა, რომ ახლა, აქ, მომავალზე ვლაპარაკობთ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩვენგანს საკუთარი გეგმა გვაქვს, ამ შაბათ-კვირისთვისაც და შემდეგი წლისთვისაც.
თეზისი #9
სინამდვილეში, რაა ჩვენი წლევანდელი გეგმები? მაგალითად, ჩემი მეზობლების გეგმაა ამ ზამთარს გადაურჩნენ, გაზაფხულამდე მიაღწიონ, საკუთარ სახლებში არ გაიყინონ. ამ კვირების განმავლობაში, როცა ქვეყანა სიცივის და სიბნელის უდიდეს გამოცდას აბარებს, თანამედროვე სამყაროში ადამიანების მოწყვლადობა უეცრად აუტანლად აშკარა გახდა – მათი დამოკიდებულება ინფრასტრუქტურაზე, საჯარო სამსახურებზე, ფანჯრის გარეთ ტემპერატურაზე და საკუთარი სულის სიმშვიდეზე. ადამიანები არ არიან სარაკეტო დარტყმებისთვის, საათობით ჩართული საჰაერო განგაშისთვის, მათ მოსაკლავად დაძრული დრონების მარშრუტების თვალყურის სადევნებლად დაბადებული. არც იმისთვის, რომ იმ სახლში მოგკლან, სადაც დაიბადე, გაიზარდე და მთელი ცხოვრება გაატარე. ჰიპოთერმიით სიკვდილი საკუთარ საწოლში, აღმოსავლეთ ევროპის მილიონიან ქალაქში ვერ იქნება ადამიანის ცხოვრებისეული გეგმა.
თეზისი #10
მაშინ, რა შეიძლება იყოს ჩვენი გეგმა? არ დავკარგოთ რეალობის კონტურები, აწმყოს კონტურები. ეს ზუსტად ის კონტურებია, რომელზედაც მომავალი აშენდება. ჩვენი საერთო მომავალი. წყვდიადი, მიუხედავად მისი ყოვლისმომცველობისა, სასრულია. ნამდვილად შესაძლებელია მას გაუძლო. მთავარია, რომ არ ვიყოთ პასიური, გულგრილი დამკვირვებლები ამ სიბნელეში, როცა ყველა ჩვენგანისთვის ასეთი მნიშვნელოვანი და ქმედითია წყვდიადთან შეწინააღმდეგება. მოდით, წინააღმდეგობა გავწიოთ ჩვენი სიტყვებით, ჩვენი საქმით. წინააღმდეგობა გავწიოთ მომავლისთვის მზად ყოფნით.
უდიდესი საფრთხე, რაც წყვდიადს ახლავს, ჩვენი უუნარობაა, დავინახოთ რეალობა ისე, როგორიც ის სინამდვილეშია. როცა ეს უკუნი გაქრება, ეს სიბნელე გაქრება, გაგვიკვირდება, რამდენი ვიყავით, რამდენის გაკეთება მოვახერხეთ და რაც ყველზე მთავარია – რამდენად ლამაზი შეიძლება იყოს ეს სამყარო, თუ მასში ცოტა მეტი საღი აზრი და სამართლიანობა იქნება.