უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, კიევში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა.
თავდასხმა ქალაქის სამხრეთ ნაწილში, ჰოლოსიევსკის რაიონში მოხდა. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იჰორ კლიმენკოს განმარტებით, თავდამსხმელმა, რომელიც ამავე უბანში ცხოვრობდა, ცეცხლი ჯერ ქუჩაში გამვლელებს გაუხსნა, შემდეგ კი ახლომდებარე სუპერმარკეტში მყოფი პირები მძევლად აიყვანა.
კლიმენკოს თქმით, პოლიციასთან ორმხრივი სროლის შედეგად თავდამსხმელი სუპერმარკეტშივე იქნა ლიკვიდირებული. მისი მოტივი ამ დროისთვის უცნობია.
მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა ჯერ კიდევ ზუსტდება, თუმცა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამ დროისთვის ცნობილია 15 დაშავებულის შესახებ, მათ შორის არის 12 წლის ბიჭი.
პრეზიდენტის თქმით, ოთხი ადამიანი ქუჩაშივე დაიღუპა, მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, თავდამსხმელმა ასევე მოკლა ერთ-ერთი მძევალი.
როგორც იჰორ კლიმენკო აღნიშნავს, პოლიციის მომლაპარაკებლები თავდამსხმელს სუპერმარკეტში ყოფნისას დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში ესაუბრებოდნენ. მინისტრმა კაცის ქცევა შეაფასა როგორც „ქაოსური“.
„ჩვენ ვცდილობდით მის გადარწმუნებას, რადგან ვიცოდით, რომ იქ დაჭრილი ადამიანი იმყოფებოდა“, – განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ თავდამსხმელს არანაირი მოთხოვნა არ წამოუყენებია. „ჩვენ შევთავაზეთ ტურნიკეტების გადაცემა სისხლდენის შესაჩერებლად და სხვა სახის დახმარება, თუმცა მან არ გვიპასუხა. მას შემდეგ, რაც მან ერთ-ერთი მძევალი მოკლა, გაიცა ბრძანება მისი ლიკვიდაციის შესახებ“.
ოფიციალური პირების ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად ოთხი მძევლის გათავისუფლება მოხერხდა.
უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, რუსლან კრავჩენკომ განაცხადა, რომ თავდამსხმელის იდენტიფიცირება უკვე მოახდინეს – ის წარმოშობით მოსკოველი 58 წლის მამაკაცია. პროკურორის თქმით, თავდამსხმელმა ცეცხლი ავტომატური იარაღიდან გახსნა.