სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე, თამარ გვარამაძე ეუთოს ადამიანური განზომილების „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დანიშნულ მომხსენებელს პატრიცია გრჟებიკს შეხვდნენ.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე ლევან იოსელიანმა 2024 წლის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებულ პირთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით განხორციელებულ ზედამხედველობაზე, მათი დაკავების, განთავსების პირობებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის საკითხზე ისაუბრა.
„ასევე, განიხილა შეკრება-მანიფესტაციის უფლების მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები და სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი კონსტიტუციური სარჩელები.
ამასთან, სტუმარს აქციაში მონაწილეთა სისხლის სამართლის საქმეებზე შემუშავებული სასამართლო მეგობრის მოსაზრებები და ის ღონისძიებები გააცნო, რომლებსაც საქართველოს სახალხო დამცველი თავისი მანდატის ფარგლებში ახორციელებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
29 იანვარს ეუთოს წევრმა 24-მა ქვეყანამ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების შესასწავლად „მოსკოვის მექანიზმი“ აამოქმედა – შეიქმნება ექსპერტთა დამოუკიდებელი მისია, რომელიც დაადგენს ფაქტებს და გააკეთებს შესაბამის რეკომენდაციებს.
რა არის „მოსკოვის მექანიზმი“
„მოსკოვის მექანიზმი“ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო/OSCE) ინსტრუმენტია, რომელიც შექმნილია მონაწილე სახელმწიფოების მიერ ადამიანის უფლებების, ფუნდამენტური თავისუფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ვალდებულებების კუთხით არსებულ სერიოზულ პრობლემებზე რეაგირებისთვის.
„მოსკოვის მექანიზმი“ 1991 წელს, ეუთოს ადამიანური განზომილების კონფერენციის მოსკოვის შეხვედრაზე მიიღეს. იგი ავსებს და აუმჯობესებს 1989 წელს „ვენის მექანიზმს“. ორივე მათგანი მიზნად ისახავს, გამოიძიოს ადამიანის უფლებათა შესაძლო დარღვევები. თუმცა, ვენის მექანიზმი ინფორმაციის გაცვლას ისახავს მიზნად, მოსკოვის მექანიზმი კი იძლევა შესაძლებლობას, შეიქმნას მოკლევადიანი ფაქტების დამდგენი მისია ეუთოს რეგიონში ადამიანის უფლებების კონკრეტულ პრობლემაზე რეაგირებისთვის. ამიტომ, პრაქტიკაში ვენის მექანიზმი ჩაანაცვლა მოსკოვის მექანიზმმა.
ამ დრომდე ეუთომ „მოსკოვის მექანიზმი“ 16-ჯერ გაააქტიურა – საქართველოს შემთხვევა მეჩვიდმეტეა.
მანამდე ეუთოს „მოსკოვის მექანიზმი“ გამოყენებული აქვს, მათ შორის: მოქალაქეებზე თავდასხმების შესასწავლად ხორვატიასა და ბოსნიაში; ასევე, ვითარების შესასწავლად თურქმენეთში, ბელორუსსა და ჩეჩნეთში.
2024 წლის დეკემბერში ქართულმა ოპოზიციურმა კოალიციებმა და პარტიებმა: კოალიცია „ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო“, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“, „გახარია საქართველოსთვის“ ეუთოს მიმართეს მოთხოვნით, „გამოგზავნოს საქართველოში სპეციალური მისია, რომელიც შეისწავლის მიტაცებულ არჩევნებს“.