დღეს, 18 თებერვალს ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის კომიტეტმა (CPT) საქართველოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. მას საფუძლად უდევს 2024 წლის ნოემბერსა და 2025 წლის იანვარში კომიტეტის ვიზიტები საქართველოში.
ანგარიშში, სხვა საკითხებთან ერთად, კომიტეტი ყურადღებას ამახვილებს ადმინისტრაციული წესით დაკავებისა შემთხვევებზე, ასევე, მოქალაქეების მდგომარეობასა და უფლებებზე დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსების შემდეგ.
ანგარიშში ნათქვამია, რომ მათი 2024 წლის ვიზიტის დროს მოქმედებდა იგივე დებულებები, რაც 2018 წელს, კერძოდ: პოლიციას შეეძლო პირების დაკავება საკუთარი უფლებამოსილებით 72 საათამდე, ხოლო უფრო ხანგრძლივი დაკავებისთვის საჭირო იყო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მოქალაქეებს ადმინისტრაციულ პატიმრობას მაქსიმუმ 15 დღის ვადით შეუფარდებდა.
კომიტეტი ხაზს უსვამს, რომ ვიზიტიდან მალევე (2025 წლის თებერვალში), ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა ცვლილებები და ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადა 60 დღემდე გაიზარდა.
CPT აცხადებს, რომ წარსულშიც უსვამდა ხაზს, რომ კონვენციის რამდენიმე წევრ სახელმწიფოში კომიტეტის მიერ შეიმჩნევა ზოგადი ტენდენცია პოლიციის დაწესებულებებში ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადის შემცირების ან ამ ტიპის სანქციის საერთოდ გაუქმებისკენ.
„CPT მიესალმება ამ ტენდენციას, ვინაიდან პოლიციის დაწესებულებები, როგორც წესი, არ არის სათანადოდ აღჭურვილი დაკავებული პირების ასეთი ხანგრძლივი ვადით მოსათავსებლად, განსაკუთრებით ორგანიზებული აქტივობების არარსებობის გამო. სასურველია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში დამნაშავედ ცნობილ პირებს შეეფარდოთ არასაპატიმრო სანქციები. სამწუხაროდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ზემოაღნიშნული ბოლოდროინდელი ცვლილებები საპირისპირო მიმართულებით მიდის.
კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ზემოაღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით, გადახედოს ადმინისტრაციული პატიმრობისადმი მიდგომებს“, – ნათქვამია ანგარიშში.
გარდა ამისა, CPT წერს, რომ თბილისში გამართულ აქციებთან დაკავშირებით დაკავებულმა მრავალმა პირმა, რომლებიც დელეგაციამ 2024 წლის 29 ნოემბერსა და 2025 წლის 22 იანვარს გამოკითხა, განაცხადა, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში, ანუ მანამ, სანამ ისინი დროებითი მოთავსების იზოლატორში არ გადაიყვანეს, არ მიეცათ შესაძლებლობა, საკუთარი დაკავების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინათ ნათესავისთვის ან სხვა მესამე პირისთვის.
CPT რეკომენდაციას იძლევა, გატარდეს ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ დაკავების შესახებ მოქალაქეები არ დააყოვნონ, გადასცენ მესამე პირებს ინფორმაცია მათი დაკავების შესახებ, მათ შორის იმ შემთხვევებშიც, როდესაც ისინი დემონსტრაციების კონტექსტში არიან დაკავებულნი.
დელეგაციის მიერ გამოკითხული დაკავებული პირების უმეტესობამ განაცხადა, რომ მათ მიეცათ წვდომა ადვოკატზე, იქნება ეს კერძო თუ სახაზინო ადვოკატი, თუმცა ეს უფლება, როგორც წესი, ეძლეოდათ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი გადაჰყავდათ დროებითი მოთავსების იზოლატორში, ან ზოგიერთ შემთხვევაში, მხოლოდ პირველი სასამართლო სხდომის დროს.
ადვოკატთან დაკავშირება ზოგ შემთხვევაში შეიძლება მათ მისცემოდათ თავისუფლების აღკვეთიდან რამდენიმე საათის ან 2-3 დღის შემდეგაც კი, განსაკუთრებით მიმდინარე დემონსტრაციების კონტექსტში დაკავებული პირების შემთხვევაში.
კომიტეტი კვლავ იმეორებს თავის რეკომენდაციას, გადაიდგას ნაბიჯები ადვოკატზე წვდომის უფლების სრულად უზრუნველსაყოფად ყველა დაკავებული პირისთვის თავისუფლების აღკვეთის მომენტიდანვე (ანუ იმ მომენტიდან, როდესაც პირი ფიზიკურად ვალდებულია, დარჩეს პოლიციასთან).
დაკავებულ პირებს პოლიციელებმა არასოდეს არ უნდა მოუწოდონ ამ უფლებაზე უარის თქმისკენ და არ უნდა სცადონ მათი გამოკითხვა/დაკითხვა სისხლის სამართლის დანაშაულის თაობაზე მანამ, სანამ მათ არ მიეწოდებათ ინფორმაცია ადვოკატის ყოლის უფლებაზე და არ მიეცემათ ამ უფლების გამოყენების შესაძლებლობა გამოკითხვის დაწყებამდე და მისი მიმდინარეობისას.
გარდა ამისა, წამების პრევენციის კომიტეტის რეკომენდაციით, მოქმედი წესები უნდა შეიცვალოს იმგვარად, რომ თუ დროებითი მოთავსების იზოლატორში მიყვანილ პირებს მანამდე არ ჰქონდათ შესაძლებლობა, მოეთხოვათ სახაზინო ადვოკატის დანიშვნა ან დაკავშირებოდნენ ადვოკატს, ეს დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მიმღებმა ოფიცერმა, რომელმაც სისტემატურად უნდა ჰკითხოს დაკავებულ პირებს, შესთავაზეს თუ არა მათ ადვოკატის, მათ შორის სახაზინო ადვოკატის ყოლა, შეძლეს თუ არა ადვოკატთან დაკავშირება და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, სურთ თუ არა ამის გაკეთება.
კომიტეტისთვის კიდევ ერთი შემაშფოთებელი საკითხია დამკვიდრებული პრაქტიკა, როდესაც პოლიცია პირს ოფიციალურად „მოწმის“ სტატუსით (შესაბამისად, უფრო სუსტი პროცედურული გარანტიებით) კითხავდა იმ დროს, როდესაც პოლიციისთვის ნათელი იყო, რომ აღნიშნული პირი, დიდი ალბათობით გახდებოდა ბრალდებული იმავე საქმეზე.
CPT რეკომენდაციას იძლევა, რომ გატარდეს ზომები მსგავსი პრაქტიკის შესაწყვეტად.
რაც შეეხება ექიმთან ხელმისაწვდომობას, პოლიციის პატიმრობის საწყის ეტაპზე, როდესაც პირები პოლიციის განყოფილებებში პირველადი გამოკითხვის მიზნით იმყოფებოდნენ, ის ფაქტობრივად/დე ფაქტო არ არსებობდა.
CPT მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააძლიეროს ძალისხმევა, რათა ყველა დროებითი მოთავსების იზოლატორში არსებობდნენ ექიმები და ექთნები.
კომიტეტი ასევე იძლევა რეკომენდაციას, მეტი ძალისხმევა იქნას მიმართული დროებითი მოთავსების იზოლატორებში ჩატარებული სამედიცინო შემოწმებების კონფიდენციალურობის უზრუნველსაყოფად.
CPT-ის სურს მიიღოს ინფორმაცია იმის შესახებ, დაკავებული პირებისთვის სათვალეების ჩამორთმევა რუტინული ღონისძიებაა თუ იგი ეფუძნება ინდივიდუალური რისკის შეფასებას.
CPT რეკომენდაციას იძლევა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შემოიღოს ყველა გამოკითხვის/დაკითხვის (მათ შორის პირველადი გამოკითხვის) სისტემატური და სრული ელექტრონული ჩაწერა, რაც გამოყენებული უნდა იქნას ყველა გამოკითხვის სათანადო დოკუმენტირებისა და პოლიციის პატიმრობაში მყოფი პირების არასათანადო მოპყრობისგან დაცვის მიზნით.
ჩაწერილი ჩვენებები უნდა ინახებოდეს სისხლის სამართლის საქმის მასალების ნაწილად და ხელმისაწვდომი უნდა იყოს შესაბამისი პირებისთვის (მათ შორის სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის, პროკურატურისთვის, სასამართლოებისთვის, დაკავებული პირებისთვის და/ან მათი ადვოკატებისთვის, ასევე პოლიციის მონიტორინგზე პასუხისმგებელი პირებისთვის) პოლიციის საქმის მასალებზე წვდომის შესახებ დადგენილი წესების შესაბამისად.
კომიტეტი გასცემს ასევე რეკომენდაციას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გააუმჯობესოს პოლიციის ოფიცრების მომზადება სისხლის სამართლის დანაშაულში ეჭვმიტანილთა გამოკითხვის/დაკითხვის მიმართულებით. CPT-ის ასევე სურს, მიეწოდოს ინფორმაცია პოლიციის აკადემიის ამჟამინდელი სასწავლო გეგმის დეტალების შესახებ, რომელიც ეხება მსხვერპლთა, მოწმეთა და ეჭვმიტანილთა გამოკითხვას/დაკითხვას პოლიციის მიერ.
დაკავების პირობები
კომიტეტი კვლავ იმეორებს თავის რეკომენდაციას, რომ ნებისმიერ პირს, რომელიც ვალდებულია, 24 საათზე მეტხანს დარჩეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, მიეცეს საშუალება ისარგებლოს ეზოთი და მიიღოს შხაპი.
გარდა ამისა, შედარებით ძველ იზოლატორებში (მაგ. თბილისის N3 იზოლატორში და ოზურგეთის იზოლატორში) თითქმის არ იყო ბუნებრივი განათება, ხოლო მრავალადგილიან საკნებში სანიტარული კვანძები კვლავ მხოლოდ ნაწილობრივ იყო შემოსაზღვრული.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ რუსთავის იზოლატორსა და თბილისის N3 იზოლატორში საკნები არ იყო აღჭურვილი გამოძახების სისტემით.
CPT რეკომენდაციას იძლევა, გატარდეს ზომები ამ ხარვეზების გამოსასწორებლად.
რაც შეეხება ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფ პირებს, კომიტეტი კვლავ იძლევა რეკომენდაციას, რომ მანამ, სანამ ადმინისტრაციული პატიმრობის სანქცია კვლავ გამოიყენება, მეტი ძალისხმევა იქნას მიმართული მათთვის რაიმე ფორმის აქტივობის შესთავაზებლად (მაგ. წვდომა რადიოზე/ტელევიზიაზე, წიგნებზე, გაზეთებზე, სამაგიდო თამაშებზე). მსგავსი შეთავაზება არსებობდა თბილისის N2 იზოლატორში, მაგრამ არა სხვა მონახულებულ იზოლატორებში.