მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი გერმანელი ფემინისტი რეჟისორის, ულრიკე ოტინგერის „სისხლიანი გრაფინია“ (Blood Countess) საკონკურსო პროგრამაში არ მონაწილეობს, შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელ ბერლინალეზე გამორჩეულ ინტერესს სწორედ ეს ფილმი იწვევს. ჯერ ერთი, იმიტომ რომ, ნობელის პრემიის ლაურეატისა და მუდამ ექსტრავაგანტურობის ზღვარზე მწერალი ელფრიდე იელინეკის სცენარის მიხედვითაა გადაღებული და მეორე, რაც მთავარია – კინოს მოყვარულებს ფრანგი კინოვარსკვლავის, იზაბელ იუპერის გამოჩენით ჭრის თვალს, რომელიც უნგრელი დიდგვაროვანი ქალის, ვამპირი გრაფინია ერჟებეტ ბატორის როლს განასახიერებს.
ევროპული კინოს დივა ფილმში მეწამულ–სისხლისფერი კაბით გამოჩნდება. თითქმის გაქვავებული და ალიბასტრივით შეთეთრებული სახით, დაჭიმული ზურგით და რაღაც სპეციფიკური, ჩახლეჩილი ხმით ამეტყველდება. ლეგენდის თანახმად, გრაფინიამ ქალწულების სისხლში იბანავა იმ რწმენით, რომ მას მარადიული ახალგაზრდობა ექნებოდა. ვენის ისტორიულ ღირსშესანიშნაობებსა და ქუჩებს შორის ის ეძებს დაკარგულ წიგნს, რომელსაც ვამპირების განადგურება შეუძლია. როგორც თავადაც ვამპირს, მას საკუთარი „შინაური ცხოველი“ – მოშინაურებული ღამურა თან ახლავს და კუბოს ფორმის ჩანთასაც მსუბუქად დაატარებს.
„ვამპირის როლის თამაში ძალიან სახალისოა, თუმცა ეს ის შემთხვევა, როდესაც პერსონაჟს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით უფრო მეტად უნდა ჩავუღრმავდე. როცა ფილმის სტილისტიკა კლასიკურ ვამპირულ მითებს ეყრდნობა და თანაც პაროდიულია, ეს კიდევ უფრო ართულებს მსახიობის ამოცანას“ – განაცხადა იზაბელ იუპერმა პრეს–კონფერენციაზე, რომელიც მსოფლიოს ყველა ცნობილი კინოფესტივალის მუდმივი და სასურველი სტუმარია. იზაბელ იუპერმა ასევე „ბედის საჩუქარი“ უწოდა რეჟისორ ულრიკე ოტინგერთან შეხვედრას და ის ახალგაზრდული ენერგიით სავსე და ავანგარდული ხედვის რეჟისორად მოიხსენია.
1972 წლიდან მოყოლებული (როცა იუპერი პირველად გამოჩნდა ეკრანზე), ფრანგმა კინოვარსკვლავმა მოასწრო ეთამაშა დაახლოებით 150 ფილმსა და სპექტაკლში, რომლებშიც სრულად წარმოაჩინა საკუთარი არტისტული ტალანტი. იზაბელ იუპერი, რომელიც მხოლოდ 157 სმ სიმაღლისაა და 49 კილოგრამს იწონის, ყოველთვის სავსეა შინაგანი ძალით, ენერგიითა შთაგონებით.

წელიწადში რამდენიმე და სრულიად განსხვავებული ჟანრის ფილმებში იღებენ. მართალია ბოლო პერიოდში მისი სრულყოფილ არტისტიზმსა და პერფექციონიზმს კრიტიკოსები უფრო შტამპებად აღიქვამენ და მის თამაშში მოულოდნელ წიაღსვლებსაც ვეღარ ხედავენ, მაგრამ ფაქტია, 70 წელს გადაცილებული იუპერი ერთ–ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული ფრანგი მსახიობია მსოფლიოს მასშტაბი.
მისი როლები წარმოუდგენელ დიაპაზონს ქმნის თანამედროვე „ფემფატალ“-ით დაწყებული, მეძავებით, მკვლელებით, ინტელექტუალებით, მუსიკოსებით თუ მაზოხისტი ქალებით დამთავრებული. და აი, კიდევ ერთი, ამჯერად ვამპირი და დიდგვაროვანი ქალის პაროდიული სახე, რომელიც ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ვიხილეთ.
„სისხლიანი გრაფინია“ ხალისიანი, პაროდიული, მაგრამ ამავდროულად, „დივერსიული კომედიაა“, რომელიც ვამპირების მითს, ისტორიულ ფენტეზსა და სოციალურ სატირას რთული კინემატოგრაფიული ენით აერთიანებს. თუმცა საბოლოოდ, პირველი თხუთმეტი წუთის შემდეგაც, ამ ორსაათიან ფილმში გასაგები ხდება იუპერის სახელობის ვარსკვლავის ემანაცია, ჟანრული პაროდიის ენა და კოსტიუმირებული „პორნოგრაფიის“ გადაჭარბებული დოზაც.
ულრიკე ოტინგერის ექსტრავაგანტული ენითა და საშინელებათა ჟანრის პაროდიით ნაქსოვი ფილმი გამდიდრებულია არა მხოლოდ ნობელის პრემიის ლაურეატის, ელფრიდე იელინეკის სახელითა და ტექსტით, არამედ გერმანელი და ავსტრიელი კინოვარსკვლავების – ლარს აიდინგერის, ბირგიტ მინიკმაიერის და კარლ მარკოვიჩის თამაშითაც. ხოლო ევროვიზიის ყოფილი გამარჯვებული მომღერლის, კონჩიტა ვურსტის გამოჩენა ერთ–ერთ ეპიზოდში, კიდევ უფრო მეტ ხალისს და დამატებით პაროდიულ ელფერს სძენს ფილმის ატმოსფეროს.
ლამის სიკვდილო ნიღბით, გადათეთრებული სახითა და დეკადენტურ, მეწამული ფერის სამოსში გამოწყობილი იუპერის გრაფინია ბატორი სამგლოვიარო–რიტუალური ნავით დაცურავს მიწისქვეშა არხში, ბაროკოს ეპოქის ეტლით მოძრაობს ვენის პრატერის პარკში და ფინალში ჰაერშიც კი დაფრინავს. იუპერი უკვე დიდი ხანია ბრწყინვალედ თამაშობს ტანჯულ, მაზოხისტ, საქმიან თუ ვაპირ ქალებს და ამავე დროს, შეუძლია იყოს კომიკურიც და დაუნდობლად თვითირონიულიც.
სწორედ ეს თვითირონია და საკუთარი თავისაგან გაუცხოება ანიჭებს მის არტისტიზმს განსაკუთრებულობას… და ალბათ, ესაა სწორედ ის არტისტული მაგნიტიზმი თუ მაგია, რითაც თავის დროზე გრეტა გარბო, გლორია სვენსონი, მარლენ დიტრიხი, ბეტ დევისი, ინგრიდ ბერგმანი თუ ჟანა მორო მაყურებელს აჯადოვებდნენ. იზაბელ იუპერის ვამპირი გრაფიანია ბატორიც ალბათ, ამ „ჯადოს“ ფლობს. უბრალოდ, ეს ჯადო ულრიკე ოტინგერის ფილმში გაცილებით პაროდიული და დამცინავია.