სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად 13 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 29 პირი.
1. სუსის განცხადებით, ერთ-ერთი საქმის ფარგლებში, ქუთაისში ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების „უკანონო შეძენის მცდელობისას“ უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს, „რომლებიც გეგმავდნენ ბირთვული მასალა ურანისა და რადიოაქტიური ნივთიერება ცეზიუმ 137-ის უკანონო შეძენას სამ მილიონ აშშ დოლარად და მის უკანონო ტრანსპორტირებას სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე“.
„დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად უცხო ქვეყნის მოქალაქეები ბოლო კვირების განმავლობაში პერმანენტულად ჩამოდიოდნენ საქართველოში და აქტიურად იყვნენ დაკავებული ბირთვული მასალისა და რადიოაქტიური ნივთიერების შეძენა/ტრასპორტირებისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად.
საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ, როგორც წესი, ზემოთ აღნიშნული ნივთიერებები გამოიყენება სხვადასხვა დანაშაულებრივი, მათ შორის, ტერორისტული მიზნებისთვის“, – აცხადებს სუსი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
2. გარდა ამისა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ხე-ტყის უკანონო მოპოვების, სამსახურებრივი გულგრილობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე პასუხისგებაში მიეცა 12 პირი.
„მათ შორისაა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს, იმერეთის სატყეო სამსახურის, ყოფილი თანამშრომლები. ასევე, მარტვილის სატყეო უბნის წარმომადგენელი, ამავე მუნიციპალიტეტში მცხოვრები ორი პირი და მსგავსი საქმე უკავშირდება ვანის მუნიციპალიტეტს, სადაც სამსახურებრივი სიყალბის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება – გამოყენებისა და მერქნიანი მცენარეების უკანონოდ გაჩეხვის ფაქტებზე ბრალდება 3 პირს წარედგინა“, – აცხადებს სუსი.
3. ასევე, უწყების ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ბრალდებით, ბათუმსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ორი პირი დააკავეს.
სუსი ამბობს, რომ ბათუმის შემთხვევა ეხება შპს „სანდასუფთავების“ ერთ-ერთი სამსახურის უფროსის მიერ აღნიშნული შპს-ს ბალანსზე რიცხული სატვირთო ავტომანქანებით სამშენებლო ნარჩენების გატანის სანაცვლოდ ქრთამის აღებას, ხოლო ლაგოდეხის შემთხვევაში, სუსის ცნობით, მერის წარმომადგენელმა სოფელ კაბალში, ქრთამის სანაცვლოდ, მოქალაქეს თავიდან აარიდა სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი – საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა.
4. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ხუთი ადამიანი მიეცა პასუხისგებაში მშენებლობის კოეფიციენტის უკანონოდ გაზრდისა და უნებართვო მშენებლობასთან დაკავშირებით.
5. სახელმწიფოს კუთვნილი მიწების კერძო საკუთრებაში უკანონოდ რეგისტრაციის ბრალდებით პასუხისგებაში მიეცა 6 პირი.
6. სატენდერო პირობების ხელოვნურად მორგების, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით კი სისხლის სამართლებრივი პასუხისგება 2 მოქალაქეს მოუწია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ „კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება ე.წ. „შუა რგოლის კორუფცია“, რასთან შეგუებასაც, ბუნებრივია, არ ვაპირებთ“.
ამიტომ სუსი მოუწოდებს:
1. ყველა მოქალაქეს, ვისაც კი რაიმე შეხება ექნება მსგავს საკითხებთან, ითანამშრომლონ საგამოძიებო ორგანოებთან და მიაწოდონ შესაბამისი ინფორმაცია.
2. ადამიანებს, რომლებსაც ჯერ კიდევ უჩნდებათ სურვილი თავისი მდგომარეობა ბოროტად, მატერიალური უპირატესობისთვის გამოიყენონ, ვაფრთხილებთ, რომ კანონის დარღვევის ნებისმიერი ფაქტი იქნება გამოვლენილი და მას მოყვება შესაბამისი მკაცრი სამართლებრივი რეაგირება.
„თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელი რესურსი აბსოლუტურად განსხვავებულია. ბოლო თვეების განმავლობაში გატარებული შიდა რეფორმების, საკადრო ცვლილებების, მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გაუმჯობესების ხარჯზე, თვისებრივად გაძლიერდა უწყების შესაძლებლობები.
შემოსული, დამუშავებული და რეალიზებული ოპერატიული ინფორმაციის მოცულობა, მხოლოდ ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში დაახლოებით 24-ჯერ არის გაზრდილი, რაც მიუთითებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური და ოპერატიული შესაძლებლობების იმგვარად გაძლიერებაზე, რომ ჩვენს სამსახურს, ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე შეუძლია როგორც კორუფციასთან შეურიგებელი და შედეგიანი ბრძოლა, ასევე ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა პრევენციული ზომების მაღალი ხარისხით უზრუნველყოფა“, – აცხადებს სუსი.