„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ეხმაურება სისხლის სამართლის კოდექსში „ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ დაანონსებულ ცვლილებებს და მათ არაკონსტიტუციურად და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან წინააღმდეგობრივად მიიჩნევს.
„სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი, 316 პრიმა მუხლი სახელწოდებით – „ექსტრემიზმი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“.
ამ მუხლით, ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით (400-დან 600 საათამდე“) ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე დასჯადი ხდება საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არ მქონე პირის მიერ კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოებისადმი მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ, ამავე ორგანოების ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ სისტემურად საჯარო მოწოდება, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლად სხვისი ან საკუთარი თავის თვითნებურად, საჯაროდ და სისტემატურად წარმოჩენა, ჩადენილი სხვა სისტემატური მოქმედება, თუ ზემოაღნიშნული რომელიმე მოქმედება მიმართულია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შესახებ აღქმის დამკვიდრებისკენ და აზიანებს საქართველოს ინტერესებს ან ქმნის მათი დაზიანების რეალურ საფრთხეს.
ე.წ. „ექსტრემიზმის“ ჩადენისთვის იურიდიული პირი დაისჯება ჯარიმით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.
ამასთან, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრისას დგინდება ახალი დამამძიმებელი გარემოება – საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით დანაშაულის ჩადენა.
ამგვარი გარემოების არსებობისას სასჯელის ვადა მინიმუმ 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას….
სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ზემოაღნიშნული ცვლილებები „ქართული ოცნების“ ავტოკრატიული შემობრუნების კიდევ ერთი, უმძიმესი ნაბიჯია, რომელიც არაორაზროვნად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალს და მნიშვნელოვნად ემსგავსება რეგიონში სხვა ავტოკრატიული სახელმწიფოების კანონმდებლობას.
ცვლილებები უგულებელყოფს სამართლებრივი სახელმწიფოს, სამართლებრივი სტაბილურობისა და განჭვრეტადობის პრინციპებს, არღვევს გაერთიანების, გამოხატვისა და აზრისა და რწმენის თავისუფლებებს.
„ქართული ოცნების“ მიერ არჩეული საკანონმდებლო გზა მკაფიოდ მიუთითებს მათი მხრიდან სისხლის სამართლის კანონმდებლობის ბოროტად გამოყენებისა და პოლიტიზაციის სურვილს და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირების თვითნებურად დასჯის მაღალ რისკებს ქმნის,“ – წერია სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ შეფასებაში.