პროკურატურის თანამშრომლების შეურაცხყოფის საბაბით ბაია მარგიშვილის მიმართ სამართალწარმოება დაიწყო

პუბლიკა

საპროტესტო აქციების მონაწილე, ბაია მარგიშვილი, რომელსაც სასამართლოს უპატივცემულობის მუხლით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 5 თებერვალს 5 000-ლარიანი გირაო დაუსწრებლად შეეფარდა, ამბობს, რომ მის წინააღმდეგ პროკურატურის თანამშრომლებმა სასამართლოში ახალი საჩივარი შეიტანეს და მის სამართალდამრღვევად ცნობას ითხოვენ.

მისი თქმით, საჩივარი დაკავშირებულია მის წინააღმდეგ ჩადენილ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე დაწყებულ სისხლის სამართლის საქმესთან, რომლის გამოძიების მოთხოვნითაც სამართალდამცავ უწყებებს 2 წლის წინ მიმართა. თუმცა ამბობს, რომ საქმეზე ეფექტური გამოძიება არ ჩატარებულა, რის გამოც არაერთხელ მოითხოვა საქმის გამომძიებლების შეცვლა და არაეფექტური გამოძიების გამო პრეტენზიით გენერალურ ინსპექციასაც მიმართა.

მაია მარგიშვილის სამართალდამრღვევად ცნობას, სავარაუდო შეურაცხყოფის გამო, სწორედ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება/ზედამხედველობაში ჩართული პირები ითხოვენ.

ბაია მარგიშვილის ინფორმაციით, შეურაცხყოფის მიყენებას მას პროკურატურის სამი თანამშრომელი ედავება. გენერალური პროკურატურის გენინსპექციის პროკურორი- ირაკლი ცირეკიძე; ვაკე- საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორი – გიორგი დოლაკიძე; ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის მოწმის და დაზარალებულის კორდინატორი ანა გამეზარდაშვილი.

მისივე თქმით, მას უწყება ჯერ არ ჩაჰბარებია და მხოლოდ სასამართლოს გამართვის თარიღის შესახებ აქვს ინფორმაცია. პროცესი 4 მარტს გაიმართება და ამბობს, რომ მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

მაია მარგიშვილის თქმით, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეზე ის არაერთი თვის განმავლობაში დაზარალებულად ცნობას ითხოვდა, თუმცა თებერვალში გაიგო, რომ დაზარალებულად ცნობაზე უარი მიიღო.

ბაია მარგიშვილი აქციებში მონაწილეობის გამო ადმინისტრაციული წესით ორჯერ იყო პატიმრობაში. მას 14-დღიანი პატიმრობა 7 ნოემბერს ზვიად ცეკვავამ შეუფარდა. მეორედ კი – 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო.