EU-ისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ირანის ქმედებები დაგმეს

პუბლიკა

დღეს, 5 მარტს ბრიუსელში სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოსა (GCC) და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრა გაიმართა. მათ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ირანზე თავდასხმის შემდეგ განვითარებული მოვლენები და ირანის მხრიდან საბჭოს წევრ ქვეყნებზე თავდასხმები განიხილეს.

საბჭოში შედიან: ბაჰრეინის, ქუვეითის, ომანის, კატარის, საუდის არაბეთის და არაბთა გაერთიანებული საამიროების წარმომადგენლები.

სპარსეთის ყურის ქვეყნების მხარეს წარმოადგენდა დოქტორი აბდულატიფ ბინ რაშიდ ალ-ზაიანი – ბაჰრეინის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი და GCC-ის მინისტრთა საბჭოს მიმდინარე სესიის თავმჯდომარე; შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ჯასიმ მოჰამედ ალ-ბუდაივი – GCC-ის გენერალური მდივანი და სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები.

ევროპულ მხარეს ხელმძღვანელობდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი. სხდომაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები.

შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა მათი ერობლივი განცხადება.

მასში ნათქვამია, რომ ევროკავშირსა და GCC-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა საფუძველს იღებს 1988 წლის თანამშრომლობის შეთანხმებიდან, რაც ხელახლა დადასტურდა 2024 წლის ოქტომბერში ბრიუსელში გამართულ ევროკავშირი-GCC-ის სამიტზე.

განცხადების თანახმად, მინისტრები მკაცრად გმობენ ირანის მხრიდან გაუმართლებელი თავდასხმები GCC-ის ქვეყნების წინააღმდეგ, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონულ და გლობალურ უსაფრთხოებას, და მოუწოდებენ ირანს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავდასხმები.

განცხადების მიხედვით, ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სოლიდარული მხარდაჭერა GCC-ის ქვეყნების მიმართ.

ამავე დროს, მინისტრებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს ერთგულება რეგიონული სტაბილურობისადმი და მოითხოვეს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა, საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სრული პატივისცემა, აგრეთვე გაეროს წესდების პრინციპების დაცვის ვალდებულება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ როგორც სპარსეთის ყურის, ისე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრები თანმიმდევრულად მოუწოდებდნენ ირანს, შეეზღუდა ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამები, თავი შეეკავებინა დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებებისგან რეგიონსა და ევროპაში და შეეწყვიტა შემზარავი ძალადობა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.

ერთობლივ განცხადებაში წერია, რომ მინისტრებმა იმსჯელეს იმ მნიშვნელოვან ზიანზე, რომელიც გამოიწვია GCC-ის წევრ ქვეყნებზე ირანის ბოლოდროინდელმა განურჩეველმა თავდასხმებმა: სამიზნე გახდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის ნავთობობიექტები, მომსახურების ობიექტები და საცხოვრებელი ადგილები, რამაც გამოიწვია მატერიალური ზარალი და საფრთხე შეუქმნა მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხოებასა და სიცოცხლეს.

მინისტრებმა აღნიშნეს ფართომასშტაბიანი დიპლომატიური ძალისხმევა, რომელსაც ევროკავშირი, მისი წევრი სახელმწიფოები და GCC-ის წევრი ქვეყნები თავდასხმებამდე ეწეოდნენ. მათ ასევე ხაზი გაუსვეს ამ უკანასკნელთა მხრიდან დადებულ პირობას, რომ მათი ტერიტორიები არ იქნებოდა გამოყენებული ირანზე თავდასხმების განსახორციელებლად.

განცხადების მიხედვით, მინისტრებმა დაადასტურეს ურყევი ერთგულება დიალოგისა და დიპლომატიისადმი, როგორც კრიზისის მოგვარების საშუალებებისადმი, შეაქეს ომანის კონსტრუქციული როლი ამ მიმართულებით და ხაზი გაუსვეს რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების აღდგენის აუცილებლობას.

მინისტრებმა გაიხსენეს GCC-ის ქვეყნების განუყოფელი უფლება, გაეროს წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად, დაიცვან თავი ინდივიდუალურად და კოლექტიურად ირანის შეიარაღებული თავდასხმებისგან.

მათ დაადასტურეს, რომ GCC-ის სახელმწიფოებს აქვთ უფლება მიიღონ ყველა საჭირო ზომა საკუთარი უსაფრთხოების, სტაბილურობისა და ტერიტორიების დასაცავად, რათა აღადგინონ საერთაშორისო მშვიდობა. მინისტრებმა ასევე აღნიშნეს გაეროს უშიშროების საბჭოს პასუხისმგებლობა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში.

მინისტრები შეთანხმდნენ ერთობლივ დიპლომატიურ ძალისხმევაზე გრძელვადიანი გადაწყვეტის მისაღწევად, რათა არ დაუშვან ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვება, შეწყდეს ბალისტიკური რაკეტების, უპილოტო საფრენი აპარატებისა და ნებისმიერი იმ ტექნოლოგიის წარმოება და გავრცელება, რომელიც საფრთხეს უქმნის რეგიონის უსაფრთხოებას. საბოლოო მიზნად კი დასახელდა ირანელი ხალხისთვის შესაძლებლობის მიცემა, თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი.

მინისტრებმა დაადასტურეს რეგიონული საჰაერო სივრცის, საზღვაო გზებისა და ნავიგაციის თავისუფლების დაცვის მნიშვნელობა, მათ შორის ჰორმუზის სრუტესა და ბაბ-ელ-მანდების სრუტეში, ასევე მიწოდების ჯაჭვების უსაფრთხოება და გლობალური ენერგეტიკული ბაზრების სტაბილურობა. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სპარსეთის ყურის რეგიონის უსაფრთხოება და სტაბილურობა გლობალური ეკონომიკის საყრდენია და მჭიდროდ არის დაკავშირებული ევროპულ და მსოფლიო უსაფრთხოებასთან.

ამ კონტექსტში, მინისტრებმა აღიარეს ევროკავშირის საზღვაო თავდაცვითი ოპერაციების, „ASPIDES“-ისა და „ATALANTA“-ს მნიშვნელობა კრიტიკული წყლის გზების დასაცავად და მიწოდების ჯაჭვების შეფერხების შესამცირებლად.


28 თებერვალს აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დილიდან დაიწყეს. ისრაელის მთავრობამ განაცხადა, რომ ეს „პრევენციული შეტევა“ იყო.

აშშ-ის მტკიცებით, ირანმა ფარულად განაახლა ურანის მაღალ დონეზე გამდიდრება მიწისქვეშა ობიექტებში, რამაც ისინი ბირთვულ იარაღთან კრიტიკულად მიაახლოვა. თებერვლის შუა რიცხვებში დიპლომატიური მოლაპარაკებები ჟენევასა და ომანის დედაქალაქ მასკატში უშედეგოდ დასრულდა.

ამავე დროს, თეთრი სახლის განცხადებით, ირანმა შექმნა რაკეტები, რომლებსაც პოტენციურად შეეძლო აშშ-ის ტერიტორიამდე მიღწევა, რაც „პირდაპირ საფრთხედ“ შეფასდა.

2025-2026 წლებში ირანში მასშტაბური ანტისამთავრობო პროტესტები მიმდინარეობდა. აშშ-მა ირანის ხელისუფლება მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაში დაადანაშაულა და ღიად დაუჭირა მხარი „რეჟიმის ცვლილებას“.

ტრამპმა ირანის სარაკეტო ინდუსტრიის სრული განადგურება დააანონსა.

აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი დარტმების შედეგად ირანის ისლამური რესპუბლიკის ლიდერი, აიათოლა ხამენეი დაიღუპა. ასევე, დაიღუპნენ ირანის სხვა პოლიტიკური ლიდერებიც, მათ შორის თავდაცვის მინისტრი, რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელი, თავდაცვის საბჭოს მდივანი და ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი.

აშშ-მ და ისრაელმა დაბომბეს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) შტაბ-ბინები, საჰაერო თავდაცვის სისტემები, რაკეტების გამშვები პუნქტები და ბირთვული ინფრასტრუქტურა თეირანში, ისპაჰანსა და ყუმში.

საპასუხოდ ირანმა იერიში მიიტანა აშშ-ის სამხედრო ბაზებზე ბაჰრეინში, ყატარში, ქუვეითსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში – გაუშვა ასობით რაკეტა და დრონი ისრაელისა და სპარსეთის ყურეში მდებარე ამერიკული ბაზების მიმართულებით

მათ შორის დაიბომბა: დუბაის საერთაშორისო აეროპორტი; ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტი; ზაიედის საერთაშორისო აეროპორტი, დუბაი; ერბილის საერთაშორისო აეროპორტი, ერაყი; სასტუმრო „ფეირმონტ პალმ“, დუბაი; სასტუმრო „ბურჯ ალ არაბი“, დუბაი; სასტუმრო „კრაუნ პლაზა“, ბაჰრეინი; დუბაის პორტი; ჰაიფას ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა; საცხოვრებელი ტერიტორიები ბეით შემეშიში, ისრაელი; საცხოვრებელი ტერიტორიები თელ-ავივში, ისრაელი; „ერა ვიუს თაუერსის“ საცხოვრებელი ტერიტორია, ბაჰრეინი; საცხოვრებელი ტერიტორიები კატარში.

რეგიონის ქვეყნებმა ჩაკეტეს საჰაერო სივრცე, ავიაკომპანიებმა კი ფრენები შეაჩერეს.

ირანმა ასევე სცადა ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა, რაც საფრთხეს უქმნის მსოფლიოს ნავთობით მომარაგებას.

აშშ-მ გაანადგურა ირანული სამხედრო ხომალდი „ირის დენა“. გემი შრი-ლანკის სანაპიროსთან ჩაიძირა. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა და სამხედრო მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ ამ ოპერაციის მთავარი მიზანი ირანის საზღვაო პოტენციალის „განადგურება“ და „ნეიტრალიზაციაა“, რათა თავიდან აირიდონ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა ან გლობალული საზღავაო თავდასხმა.

ლიბანური „ჰეზბოლა“ და იემენელი ჰუსიტები აქტიურად ჩაებნენ საბრძოლო მოქმედებებში ისრაელისა და ამერიკული ობიექტების წინააღმდეგ. „ჰეზბოლას“ ომში ჩართვის გამო უკვე მეოთხე დღეა, ისრაელი ლიბანის სამხრეთ ნაწილს ბომბავს.