„გაუქმდეს რეპრესიული კანონები“ — ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა საქართველოში ვიზიტი შეაჯამა

პუბლიკა

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, მაიკლ ო’ფლაერტიმ 2026 წლის 14-15 აპრილს საქართველოში ვიზიტი შეაჯამა.

ევროსაბჭო წერს, რომ ვიზიტი განხილული უნდა იქნას მის წინა ინტერვენციებთან ერთობლიობაში.

კომისრის ვიზიტი საქართველოში ძირითადად ეხებოდა სახელმწიფო უწყებების ანგარიშვალდებულების მუდმივ არარსებობას 2024 წელს, ასევე 2025 წლის დასაწყისში საპროტესტო აქციების ძალისმიერი დაშლის გამო. კომისარმა ყურადღება ასევე გაამახვილა გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრებისა და ასოციაციის თავისუფლების უფლებების მზარდ შეზღუდვებზე; ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები და იქიდან დევნილი ადამიანების უფლებებზე.

ანგარიშის თანახმად:

კომისარმა შეაფასა 2025 წლის იანვრის ვიზიტის შემდეგ გაცემული რეკომენდაციების შესრულება, რომლებიც ასევე ეხებოდა ანგარიშვალდებულების ნაკლებობას 2024 წელს და 2025 წლის დასაწყისში გამართული საჯარო დემონსტრაციების დროს სამართალდამცველებისა და დაუდგენელი ნიღბიანი პირების მიერ განხორციელებულ უკანონო დაკავებებსა და ძალის გადამეტებას.

კომისარი წერს, რომ მიესალმება შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გაცხადებულ საკანონმდებლო წინადადებას, რომელიც ყველა სამართალდამცველს ხილული ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ნომრის ტარებას დაავალდებულებს, მაინც შეშფოთებულია იმით, რომ 2024-2025 წლების აქციების ძალისმიერი დაშლისთვის პასუხისგებაში არცერთი პოლიციელი არ მიცემულა.

ევროსაბჭო მიუთითებს, რომ კომისარმა შეხვედრებზე გაიმეორა მოწოდება, ჩატარდეს დამოუკიდებელი გამოძიება მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების შემცველი წყლის ჭავლის შესაძლო გამოყენების შესახებ.

ევროსაბჭოს განცხადებით, კომისარმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა გაეროს 2020 წლის სახელმძღვანელო პრინციპებზე არალეტალური იარაღის გამოყენების შესახებ და მოუწოდა მათ, მოახდინონ ამ სტანდარტების ინტეგრირება სამართალდამცავ სტრუქტურებში.

„ხაზს ვუსვამ, რომ საპროტესტო აქციების მართვა უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3, მე-10 და მე-11 მუხლებს, ისევე როგორც დიდი პალატის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებას საქმეზე „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ’“, – აღნიშნავს კომისარი.

ევროსაბჭო ასევე მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა კომისარმა ხაზი გაუსვა მზარდი შემზღუდველი კანონების კუმულაციურ ეფექტს და ხედავს, რომ ხელისუფლებამ მას შემდეგ კიდევ უფრო მკაცრი კანონები მიიღო: „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესული ახალი ცვლილებები მოითხოვს პოლიციის წინასწარ ინფორმირებას, თუ დემონსტრაცია ტარდება იქ, სადაც ტრანსპორტი ან ხალხი გადაადგილდება; პოლიციას უფლებას აძლევს, შეცვალოს აქციის ადგილი ან დრო, თუ ის საფრთხეს უქმნის გადაადგილებას და მომიტინგეებს ტროტუარის „ბლოკირებასაც“ კი უკრძალავს”.

კომისარი ასევე აღნიშნავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს, რომლებიც 60-დღიან პატიმრობას ითვალისწინებს ისეთ დარღვევებზეც, როგორიცაა ნიღბის ტარება, გზის გადაკეტვა ან დროებითი კონსტრუქციების აღმართვა, მაშინაც კი, როდესაც ეს დარღვევები პირველად არის ჩადენილი. ასევე მიუთითებს სისხლის სამართლის კოდექსში შესულ ცვლილებებზე, რომლითაც გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა: ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა პროტესტთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების განმეორებით ჩადენისთვის.

კომისარი გამოხატავს შეშფოთებას იმის გამო, რომ ეს ცვლილებები მნიშვნელოვნად ზღუდავს მშვიდობიანი შეკრების უფლებას და შეუსაბამოა კონვენციით განმტკიცებულ პრინციპებთან აუცილებლობისა და პროპორციულობის შესახებ.

ხელისუფლებასთან შეხვედრებისას კომისარმა გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის“ შესახებ რამდენიმე კანონის მსუსხავ ეფექტზე (chilling effect) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე (CSO), უფლებადამცველებსა და ჟურნალისტებზე; ასევე – ათობით ორგანიზაციის წინააღმდეგ დაწყებულ ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ დევნაზე უცხოური დაფინანსების მიღების ან „დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი საბოტაჟის“ ბრალდებით.

„ხელისუფლებასთან დისკუსიისას დავაფიქსირე ჩემი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავლენა აქვს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ადამიანის უფლებებზე, ასევე გამოვხატე შეშფოთება „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“  (FARA) კანონთან დაკავშირებით, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს „უცხოური ძალის აგენტად“ რეგისტრაციას ავალდებულებს; „გრანტების შესახებ“ კანონზე, რომელიც ორგანიზაციებს ოფიციალური ნებართვის გარეშე უცხოური დაფინანსების მიღებას უკრძალავს; და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე, რომელიც მედიების უცხოურ დაფინანსებას კრძალავს.

მიუხედავად იმისა, რომ გამჭვირვალობის გაზრდა შეიძლება ლეგიტიმური მიზანი იყოს, ფართომასშტაბიანი შეზღუდვები შეუსაბამოა კანონიერების, ლეგიტიმურობის, აუცილებლობისა და პროპორციულობის კრიტერიუმებთან და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპთან. მოვუწოდებ FARA-ს გაუქმებისკენ და სხვა მჩაგვრელი კანონმდებლობის გაუქმების ან არსებითი გადახედვისკენ, კონვენციასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

კიდევ ერთხელ შევახსენებ ყველას, რომ სამოქალაქო ორგანიზაციები, უფლებადამცველები და ჟურნალისტები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო სივრცის დაცვაში. ამიტომ, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ ათობით ორგანიზაციის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესები მკაცრად ჯდებოდეს სახელმწიფოს ვალდებულებებს კონვენციის ფარგლებში“, – აცხადებს კომისარი ო’ფლაერტი. ​

კომისარი საოკუპაციო ხაზთან მიმდებარე სოფლებშიც ჩავიდა.

„მე ვაღიარებ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, აღმოუჩინოს დახმარება, მათ შორის უფასო ჯანდაცვა და განათლება, ამ ტერიტორიებზე მცხოვრებ და იქიდან დევნილ პირებს. დევნილები კვლავ აწყდებიან ინტეგრაციის გამოწვევებს. მოვუწოდებ ხელისუფლებას, შეინარჩუნოს მუდმივი ყურადღება ისეთ სექტორებზე, როგორიცაა საცხოვრებელი, დასაქმება და განათლება“.

კომისარმა ასევე შეაქო საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა დევნილთა უფლებისადმი, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში უსაფრთხოებისა და ღირსების პირობებში, ისევე როგორც მათი გადაადგილების თავისუფლების უფლებისადმი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. ის აპირებს, მომავალშიც გააგრძელოს ამ საკითხებზე ფოკუსირება.

ვიზიტის ფარგლებში კომისარი შეხვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს; საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს; შინაგან საქმეთა მინისტრ გელა გელაძეს; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანს; გენერალურ პროკურორ გიორგი გვარაკიძეს; გენერალურ აუდიტორ გიორგი გაბიტაშვილს და საქართველოს სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს. იგი ასევე შეხვდა გაეროს რეზიდენტ-კოორდინატორს საქართველოში, დიდიე ტრებიუკს და ქართული სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ის იმყოფებოდა ოძისში, საოკუპაციო ხაზთან და შეხვდა დევნილებს წეროვნის დასახლებაში.