ევროკომისიის სპიკერი „ფორმულასთვის“ გაგზავნილ წერილობით განცხადებაში ამბობს, რომ „საქართველოს ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ შეწყვეტს ნავთობის რეექსპორტს ყულევის პორტიდან“.
ის ფაქტობრივად ადასტურებს, რომ საქართველო რუსეთს ეხმარებოდა სანქციების გვერდის ავლაში.
საქმე ეხება ყულევის ნავთობტერმინალს, რომლის სანქცირებაც განიხილებოდა რუსეთის მიმართ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტით და რომელიც ამ დროისთვის სასანქციო სიიდან ამოღებულია.
ევროკომისიის სპიკერი მიუთითებს, რომ „რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის კონტექსტში საქართველოს პორტი, ყულევი იდენტიფიცირებულ იქნა ჩრდილოვანი ფლოტის გემებთან ურთიერთქმედებისა და იმ შეშფოთების გამო, რომ იგი შესაძლოა ხელახლა ყოფილიყო გამოყენებული რუსული ნავთობის რეექსპორტისთვის ევროკავშირის სანქციების დარღვევით“.
„სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღო პირობა, რომ ის საქმიანობა, რომელიც ჩვენს შეშფოთებას იწვევდა, შეწყდება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აიღო ვალდებულება, რომ ამიერიდან ჩრდილოვანი ფლოტის არცერთ ტანკერს არ მიეცემა საქართველოს პორტებში შესვლის უფლება. დამატებითი ვალდებულებები იქნა მიღებული SOCAR-ისგან აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიისგან, რომელიც ოპერირებას უწევს პორტებს.
ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება ამ ვალდებულებების შესრულებას და არ მოერიდება ზომების მიღებას იმ აქტორების წინააღმდეგ, რომლებიც აქტიურად უთხრიან ძირს ჩვენი სანქციების გავლენას.
საქართველოს ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ისინი შეწყვეტდნენ რეექსპორტს და ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით, რომ ეს ასე იყოს პრაქტიკაში“, – ამბობს ევროკომისიის სპიკერი „ფორმულასთან“.
ინფორმაცია, რომ საქართველოში მდებარე ყულევის პორტი შესაძლოა შესულიყო რუსეთის მიმართ სანქციების მე-20 პაკეტში, თავდაპირველად „რადიო თავისუფლებამ“ გაავრცელა 9 თებერვალს.
გამოცემა წერდა, რომ სანქციების მე-20 პაკეტისთვის ევროკომისიის მიერ მომზადებული დოკუმენტით, სხვა აკრძალვებთან ერთად, მოთხოვნილია რუსეთსა და „მესამე ქვეყნებში“ ოთხ კონკრეტულ საპორტო ტერმინალთან ტრანზაქციების აკრძალვა და სწორედ ამ უკანასკნელ კატეგორიაშია გაყვანილი ყულევის პორტი.
კერძოდ, ყულევის პორტი დასახელებული იყო სიაში, რომელიც ეხება „რუსეთს გარეთ, მესამე ქვეყნებში არსებულ პორტებს“.
ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის კაია კალასი არ ადასტურებდა, თუმცა, არც უარყოფდა, რომ ყულევის სანქცირების საკითხი განიხილებოდა.
ირაკლი კობახიძემაც დაადასტურა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროკომისიას „სრული ინფორმაცია მიაწოდა“ და რომ აღნიშნლი ინფორმაცია „ადასტურებს, რომ ყულევში არ ირღვევა სანქციების რეჟიმი“.
2026 წლის 10 მარტს სამთავრობო პროპაგანდისტულმა „იმედმა“ გამოაქვეყნა სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის, დევიდ ო’სალივანის წერილი, რომელიც მან მაკა ბოჭორიშვილს გაუგზავნა და რომლითაც დაადასტურა, რომ ევროკავშირი არ დაუწესებს სანქციებს ყულევის ნავთობტერმინალს, ვინაიდან „საქართველოს ხელისუფლებამ და პორტის ოპერატორმა პოზიტიური ვალდებულებები იკისრეს“.
წერილში ო’სალივანი მიუთუთებს, რომ „ჩრდილოვანი ფლოტის“ (Shadow Fleet) წინააღმდეგ ბრძოლა არ შემოიფარგლება მხოლოდ გემების სანქცირებით; იგი მოითხოვს ყოვლისმომცველ მიდგომას, რომელიც მიმართულია მთელი ლოგისტიკური ჯაჭვისა და ფართო ეკოსისტემისკენ“.
გარდა ამისა, წერილში ო’სალივანი ხაზს უსვამს, რომ „ევროკავშირს გააჩნია ინსტრუმენტები იმ მესამე ქვეყნების ფინანსური და საკრედიტო ინსტიტუტების სანქცირებისთვის, რომლებიც სანქციებისთვის გვერდის ავლის მიზნით იყენებენ რუსეთის მიერ შემუშავებულ სპეციალიზებულ ფინანსურ სისტემებს“.