ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში მეწყერი ჩამოწვა

პუბლიკა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, მეწყერი ჩამოწვა.

მათივე ცნობით, სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე შესაბამისი ტექნიკა.

„მოვუწოდებთ სოფელ კურსებში მყოფ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და დაემორჩილონ ადგილზე მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებებს“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ტყიბულის მერიის განცხადებით, მეწყრის შედეგად 5 საცხოვრებელი სახლი დაინგრა, თუმცა დაშავებული არავინაა. 

მათივე ცნობით, ადგილიდან 38 ოჯახის ევაკუაცია მოხდა.

„ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში მეწყრული პროცესების განვითარების შედეგად 5 საცხოვრებელი სახლი დაინგრა. მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მეწყრული ზონიდან 38 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. დაშავებული არავინაა. დაზარალებული ოჯახების სასტუმროებში განთავსებას ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს.

სტიქიის ზონაში იმყოფებიან იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი დავით კუბლაშვილი და მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

მეწყრულ ზონაში მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთის სახანძრო-სამაშველოს ჯგუფები და ყველა შესაბამისი სამსახური“, – ნათქვამია განცხადებაში.