დღეს, 16 მარტს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე მინისტრები საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.
საკითხი დღის წესრიში გერმანიისა და საფრანგეთის მოთხოვნით შევიდა.
შეხვედრის დაწყებამდე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა თქვა:
„ჩვენ განვიხილავთ საქართველოს საკითხს. ვითარება უფრო სერიოზული ხდება. ამიტომაც, 6 მარტიდან შევუჩერეთ უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს. მაგრამ განვიხილავთ, კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია, იმიტომ, რომ საქართველოს მთავრობა არ მიდის სწორი მიმართულებით“.
საბჭოს სხდომის დაწყებამდე კომენტარები გააკეთეს ევროკავშირის ზოგიიერთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმაც.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუდის ბუდრისმა საქართველოს შესახებ თქვა:
„საქართველოში ვითარების გაუარესება, რა თქმა უნდა, შეშფოთების საგანია და ჩვენ დღეს ამ საკითხს განვიხილავთ. ე.წ აგენტების კანონის ბოროტად გამოყენება იწვევს ღრმა შეშფოთებას დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ საქართველოში. ასე რომ, ძალიან ველოდები ამ საკითხის განხილვას ჩვენს კოლეგებთან, რომ ვნახოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია“.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას განცხადებით:
„ესტონეთი ყოველთვის ღელავდა ქართველი ხალხის მომავალზე. ჩვენ ყველა დონეზე ძალიან ვუჭერდით მხარს, რათა ქართველ ხალხს მიეღო ის, რაც სურს – ევროკავშირის წევრობა. ახლა ამაზე აღარც კი ვსაუბრობთ. ჩვენ ვსაუბრობთ დემოკრატიაზე, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ გადავრჩეთ. ასე რომ, ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებულები იმით, რაც საქართველოში ხდება“.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ განაცხადა:
„საქართველოში არაფერი შეცვლილა, ვითარება არ გაუმჯობესებულა. ჩვენ ვიცით, რა სურს და რას იმსახურებს ქართველი ხალხი, მაგრამ ეს მთავრობა აშკარად არ არის დაინტერესებული ქვეყნის და ხალხის ევროპული გზით. ჩვენ სრულად გვჯერა, რომ ქართველი ხალხი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, შეასრულებს ევროპულ ვალდებულებებს და უზრუნველყოფს ქვეყნის წინასვლას“.
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოანა სილვია ცოიუმ აქცენტი შავი ზღვის უსაფრთხოებაზე გააკეთა:
„საქართველომ უნდა მიიღოს სათანადო ზომები დემოკრატიის, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესების დასაცავად. ჩვენ შავი ზღვის ქვეყნები ვართ და, ამ გაგებით, ერთ-ერთი პირველი ევროპული ქვეყანა ვართ, რომელმაც საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა. ჩვენ გვსურს, კვლავაც ვიხილოთ საქართველო ევროპულ გზაზე, გვსურს, ვიხილოთ მისი მოქალაქეების ნება ასახული პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში, განსაკუთრებით ახლა, როდესაც შავ ზღვას ასეთი დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში, არამედ ენერგეტიკული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, წყალქვეშა კაბელების თვალსაზრისითაც და, რაც მთავარია, იმ კუთხით, თუ როგორ შეუძლია შავ ზღვას შეასრულოს საკუთარი როლი სხვა კონტინენტებთან დაკავშირების საქმეში“, – თქვა იანა სილვია ცოიუმ.
მისივე განცხადებით, 15 მარტს გაიმართა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ვახშამი „თავისუფალი ზღვების ინიციატივის“ ფარგლებში, სადაც მათ ისაუბრეს საინვესტიციო ფონდის არსებობასა და სათანადო გადაწყვეტილებების მნიშვნელობაზე ზღვების დასაკავშირებლად. ცოიუს თქმით, მათ ასევე იმსჯელეს იმაზე, რომ „უზრუნველყოფილ იქნას საჭირო ენერგეტიკული და ლოგისტიკური დერეფნები“.
„ვფიქრობ, ჰორმუზის სრუტეში არსებული მიმდინარე კრიზისიც აჩვენებს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის განვითარება ენერგიის ალტერნატიული ნაკადების მისაღებად, როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში კრიზისი იჩენს თავს“, – განაცხადა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე საქართველოს შესახებ თქვა:
„მე არა მხოლოდ ყურადღებით ვაკვირდებოდი [საქართველოს], არამედ ვესტუმრე კიდეც საქართველოს და გამოვუცხადე სოლიდარობა ქართველ ხალხს, რომელსაც, სამწუხაროდ, მზარდი ჩაგვრის პირობებში უწევს ცხოვრება. ბოლო კანონი, რომელიც არსებითად კრძალავს სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინანსებას და ზღუდავს ხალხის თავისუფლებას, კიდევ ერთი ნაბიჯია არასწორი მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ „მოსკოვის მექანიზმი“ შესაბამის შედეგებს გამოიღებს, თუმცა, ევროკავშირიც ფხიზლად უნდა იყოს“.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს ესწრება უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტროც. მან თქვა, რომ „კატეგორიულად გმობს და უარყოფს ევროკავშირის გადაწყვეტილებას“, რომლის მიხედვითაც საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს შეუჩერდათ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირში.
პიტერ სიიარტრომ საქართველოს შესახებ რუსული პროპაგანდის ევროსკეპტიკური ნარატივებით ილაპარაკა.
მან ასევე აღნიშნა, რომ შაბათ-კვირას ბუდაპეშტში ირაკლი კობახიძეს და მაკა ბოჭორიშვილს უმასპინძლებს CPAC-ის (კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენცია) ფარგლებში.
„სიგიჟეა – არჩევნებში პატრიოტული პარტია იმარჯვებს, ევროკავშირი მიიჩნევს, რომ დემოკრატია საფრთხეშია. ნუ მოგვექცევით ისე, თითქოს სულელები ვიყოთ. ჩვენ ამას ძალიან მარტივად ვხედავთ: თუ არჩევნებში პატრიოტები იმარჯვებენ, მაშინ ევროკავშირი ამბობს, რომ დემოკრატია მკვდარია, ხოლო თუ ლიბერალები იმარჯვებენ, დემოკრატია საუკეთესო ფორმაშია. ეს ძალიან აშკარაა.
ჩვენ ქართველების მხარეს ვართ. მოუთმენლად ველოდებით პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიღებას შაბათ-კვირას ბუდაპეშტში CPEC-ის ფარგლებში; საქართველოს მთავრობას შეუძლია ჩვენი იმედი ჰქონდეს ყველაფერში. ჩვენ ნამდვილად პატივს ვცემთ თქვენს პატრიოტულ პოლიტიკას.
შემიძლია გითხრათ, რომ მთლიანობაში ევროკავშირის სანქციების პოლიტიკა დიდი მარცხია. ეს უზარმაზარი მარცხია და საბოლოოდ უნდა დავივიწყოთ იგი“.
„ევროსკოპმა“ სიიატროს ჰკითხა, რა ინფორმაცია აქვს საქართველოში ჟურნალისტის და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების პატიმრობის შესახებ. სიიარტრომ პასუხად თქვა, რომ „არაფერი იცის“.
„მე არაფერი ვიცი იმ საკითხზე, რაც თქვენი კითხვის პირველ ნაწილში ახსენეთ. რაც შეეხება მეორე ნაწილს, საქართველოში ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები და ხალხმა გადაწყვიტა, რა მიმართულებით სურს ქვეყნის განვითარება. ის ფაქტი, რომ იმართება აქციები, ეს დემოკრატიის ნაწილია. სანამ აქციების ჩატარება შესაძლებელია, ეს ნიშნავს, რომ დემოკრატია არსებობს“.
ლუქსემბურგის ვიცე-პრემიერმა, ქსავიე ბეტელმა თქვა, რომ ის ინარჩუნებს ურთიერთობას მაკა ბოჭორისშვილთან და პრობლემაა, რომ საქართველო არ მიდის სწორი მიმართულებით.
„პრობლემა ის არის, რომ საქართველო არ მიდის სწორი მიმართულებით. მე ჯერაც მაქვს კარგი კავშირი საგარეო საქმეთა მინისტრთან და ვწუხვარ, რომ გზა ევროპული იყო, მაგრამ ისინი მას არ უახლოვდებიან და ეს არის პრობლემა“.