„უფასო იურიდიული დახმარება ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო სერვისია იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც სოციალურ–ეკონომიკური ბარიერების გამო ვერ ახერხებენ კერძო ადვოკატის დაქირავებას.“ , – ამბობს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის პროექტის ხელმძღვანელი, ლევან ასათიანი.
საქართველოში უფასო იურიდიული დახმარების სისტემას საფუძველი 2007 წელს „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებით ჩაეყარა. წლებთან ერთად სამსახურის მანდატი გაფართოვდა და დღეს იგი მოიცავს უფასო იურიდიულ კონსულტაციას ყველასთვის ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე, წარმომადგენლობას სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე გადახდისუუნარო და კანონით განსაზღვრული სხვა პირებისთვის, ასევე სპეციალურ დაცვას არასრულწლოვანთა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და სხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის.
წლებია გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) იურიდიული დახმარების სამსახურს მხარს უჭერს, როგორც ცნობიერების ამაღლებისა და სერვისებზე წვდომის გაფართოების, ისე ინსტიტუციური გაძლიერების, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და ინფრასტრუქტურული განვითარების მიმართულებით.
ლევან ასათიანი, ბოლო პერიოდის ერთ–ერთ მნიშვნელოვან ინიციატივად გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით შექმნილ მობილურ საკონსულტაციო ცენტრს ასახელებს. ეს იურიდიული კონსულტაციისთვის აღჭურვილი მინი ავტობუსია, რომლის მიზანია უფასო იურიდიული დახმარების გაწევა იმ ადგილებში, სადაც სერვისებზე წვდომა შეზღუდულია, მათ შორის, სოფლებში, მაღალმთიან რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ თემებში.
მობილური საკონსულტაციო ცენტრის ვიზიტი ზემო ნიქოზში
UNDP | Gela Bedianashvili
ინიციატივის მიზანია იურიდიული სერვისების მიტანა იქ, სადაც გადაადგილება, ინფრასტრუქტურა ან ინფორმაციის დეფიციტი ყველაზე დიდ ბარიერს ქმნის. 2023 წლიდან დღემდე მობილურმა საკონსულტაციო ცენტრმა 136 სოფელი და ქალაქი მოიარა, ხოლო ამ პერიოდში 1100-ზე მეტმა მოქალაქემ მიიღო უფასო იურიდიული მომსახურება.

„მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ოფისების არსებობით ან ცხელი ხაზის ფუნქციონირებით. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქალაქეს, მათ შორის დიდი ქალაქებიდან მოშორებით მცხოვრებს, ჰქონდეს რეალური და პრაქტიკული შესაძლებლობა, დაუბრკოლებლად მიიღოს სამართლებრივი დახმარება,“ – აღნიშნავს ლევან ასათიანი.
სწორედ ამ პრინციპს ეფუძნება მობილური კონსულტაციის მოდელი. ბევრ რეგიონში, განსაკუთრებით მაღალმთიან და ადმინისტრაციული ცენტრისგან მოშორებულ სოფლებში, იურიდიული დახმარების მიღება ინფორმაციის დეფიციტს, გადაადგილებასა და დამატებით ხარჯებს უკავშირდება. როდესაც სერვისი თავად მიდის თემში, ეს ბარიერები მცირდება და მოქალაქეს ადგილზე შეუძლია მიიღოს კონსულტაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მიწის რეგისტრაცია, სამემკვიდრეო და საოჯახო დავები, სოციალური დახმარება, შრომითი ურთიერთობები, ადმინისტრაციული ჯარიმები თუ სხვა საჭირბოროტო სამართლებრივი პრობლემები.
თუ გსურთ, რომ მობილური საკონსულტაციო ცენტრი თქვენს რეგიონსაც ეწვიოს ან გჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია სერვისების შესახებ, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ იურიდიული დახმარების სამსახურს:
📞 +995 (32) 293 20 90
📞 +995 (32) 298 84 93
📧 info@legalaid.ge