ფრაქცია „საქართველოსთვის“ პარლამენტში „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ” კანონპროექტს არეგისტრირებს

პუბლიკა

ფრაქცია „საქართველოსთვის“ პარლამენტში „ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ” კანონპროექტს არეგისტრირებს. ამის შესახებ პარტიის დეპუტატმა, სოფიო ხორგუანმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

ხორგუანის თქმით, კანონპროექტი გულისხმობს, როგორც გადაუხდელი, ასევე გადახდილი 8 ათასამდე ჯარიმა-საურავების ამნისტიას.

„ეს კანონპროექტი გულისხმობს ადმინისტრაციული სახდელისგან იმ მოქალაქეების გათავისუფლებას, რომელთაც ისარგებლეს გამოხატვის თავისუფლებით, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით და რომელთა მიმართ 174-ე პრიმა მუხლით გამოცემულია დადგენილება 2026 წლის 1-ელ მარტამდე და შეფარდებულია ჯარიმა.

კანონპროექტი გულისხმობს, როგორც გადაუხდელი, ასევე გადახდილი 8 ათასამდე ჯარიმა-საურავების ამნისტიას.

დღეს, რთული პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ვითარების პირობებში ამ კანონის მიღებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა:

ფინანსური წნეხი იმ ოდენობის ჯარიმებით, რომელიც ოჯახების შემოსავალს ბევრად აღემატება – ეს ამნისტია უმძიმესი სოციალური ტვირთის შემსუბუქება იქნება;

უსამართლობით დატანჯული და რეპრესიული წნეხის ქვეშ მყოფი მოქალაქეებისკენ სახელმწიფოს შემობრუნების შესაძლებლობა შეიძლება გახდეს;

დაყოფილ საზოგადოებაში ერთმანეთისკენ ნაბიჯის გადადგმის მცდელობად იქცეს.

ამ კანონპროექტის კანონად ქცევა მოითხოვს „ქართული ოცნებისგან” გონიერებას, ადამიანურობას, პასუხისმგებლობას, ქართველობას, ქრისტიანობასა და თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფოსთვის აუცილებელ პოლიტიკური ნებას.

ხელისუფლებამ თავისი დაჟინება პოლარიზაციის დასრულებაზე უნდა გადაიქციოს საქმედ. მაშინ, როცა „ქართული ოცნების” მიერ უკვე მიღებულია კანონები, რომლებმაც უკიდურესად შეზღუდა პოლიტიკური უფლებები, აზრის გამოხატვის თავისუფლება და შეკრების უფლება, ჯარიმებისგან გათავისუფლება მისცემს მოქალაქეებს ამოსუნთქვის შესაძლებლობას“,- განაცხადა მან.

ხორგუანი ამბობს, რომ ახლა „ბურთი „ქართული ოცნების” მოედანზეა“ და  გადაწყვეტილება მისაღებია.