აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას „ამერიკის ხმის“ აღდგენა დაავალა

პუბლიკა

აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპის ადმინისტრაციის თითქმის ყველა გადაწყვეტილების ანულირება მოახდინა, რაც ამერიკული მედიაგამოცემის „ამერიკის ხმის“ დახურვას შეეხებოდა.

მოსამართლე როის ლამბერტის გადაწყვეტილებით,  ნიუსრუმის სრულ განაკვეთზე მომუშავე 1000-ზე მეტი თანამშრომელი 23 მარტამდე უნდა დაუბრუნდეს სამსახურს და „ამერიკის ხმამ“ აღადგინოს მაუწყებლობა.

მოსამართლე ლამბერტმა მიუთითა, რომ კონგრესს მიღებული ჰქონდა მკაფიო კანონები, რომლებიც „ამერიკის ხმის“ დაფინანსებასა და ოპერირებას უზრუნველყოფდა „მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვან რეგიონში“, მოსაზრებებისა და ხმების მრავალფეროვნების წარმოჩენით. თუმცა მოსამართლე ლამბერტის თქმით, ტრამპის ადმინისტრაციამ უხეშად უგულებელყო წესები საინფორმაციო სამსახურისა და მისი ზემდგომი სააგენტოს დახურვის მცდელობისას.

როგორც New York Times წერს, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა ტრამპის მოკავშირეს კარი კლერს, რომელიც „ამერიკის ხმის“ ზედამხედველობის სააგენტოს ფაქტობრივი ხელმძღვანელი იყო და პრეზიდენტ ტრამპს, რომელმაც მედიაგამოცემას „რადიკალური ამერიკის ხმა“ უწოდა.

„ამერიკის ხმას“ კი, რომელიც 1942 წელს ნაცისტურ პროპაგანდასთან ბრძოლის მიზნით დაფუძნდა, მიეცა შესაძლებლობა, რომ გააგრძელოს ბრძოლა არსებობისთვის.

ჯერჯერობით, არ გავრცელებულა ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია, გაასაჩივრებენ თუ არა ამ გადაწყვეტილებას.

თუ მოსამართლე ლამბერტის გადაწყვეტილება ძალაში დარჩება, „ამერიკის ხმა“ მალე განაახლებს ოპერირებას იმ მოცემულობით, სანამ დონალდ ტრამპი მის დახურვას გადაწყვეტდა.

როგორც New York Times წერს, „ამერიკის ხმა“ ყოველ კვირას 49 ენაზე მაუწყებლობდა მსოფლიოს მასშტაბით 360 მილიონზე მეტი ადამიანისთვის. თუმცა 2025 წელწ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, საინფორმაციო ჯგუფი შემცირდებოდა „კანონით მოთხოვნილ მინიმალურ ყოფნასა და ფუნქციამდე“.