ორბანი კვლავ ბლოკავს უკრაინის €90-მილიარდიან დახმარებას, EU-ის სამიტზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა

პუბლიკა

ევროკავშირის 2-დღიან სამიტზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა – უნგრეთის პრემიერ-მინისტრი კვლავ ბლოკავს უკრაინის €90-მილიარდიან დახმარებას.

სამიტის დაწყებამდე ორბანმა ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა რამე პროგრესი ამ მიმართულებით, ორბანმა ერთი სიტყვით უპასუხა: „არა“. აზრი მას არ შემდგომში შუეცვლია.

უნგრეთი ბლოკავს უკრაინისთვის ევროკავშირის მიერ დეკემბერში შეთანხმებული 90-მილიარდევროიანი სესხის გაცემას იმ საბაბით, რომ უკრაინის ტერიტორიაზე დაზიანებულია ნავთობსადენი „დრუჟბა“. ამავე საბაბით ის ბლოკავს რუსეთის მიმართ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტს. უნგრეთი „დრუჟბის“ დაზიანებაში უკრაინას ადანაშაულებს, უკრაინა კი აცხადებს, რომ ნავთობსადენი რუსეთის მრავალი საჰაერო თავდასხმის შედეგად დაზიანდა.

გასულ კვირას ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ განაცხადეს, რომ მათ უკრაინას შესთავზეს ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა „დრუჟბის“ აღდგენის მიზნით და რომ უკრაინამ ეს შეთავაზება მიიღო. ევროკავშირმა განაცხადა, რომ მათი ექსპერტები მზად არიან უკრაინაში წასასვლელად. ვოლოდიმირ ზელენსკიმ 17 მარტს თქვა, ნავთობსადენის შეკეთებას თვე-ნახევარი დასჭირდება.

ეს პირობები ორბანისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა – ის გეგმას „ზღაპარს“ უწოდებს და ამბობს, რომ ვეტოს არ მოხსნის, სანამ ნავთობსადენი მუშაობას არ განაახლებს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამიტს დისტანციურად მიმართა და განაცხადა, რომ დახმარება უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია – საქმე ადამიანების სიცოცხლის გადარჩებას ეხება.

სამიტის დასრულების შემდეგ გამართილ პრესკონფერენციაზე ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინა მაინც მიიღებს 90 მილიონი ევროს სესხს.

„დეკემბერში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება სესხის გაცემის შესახებ]. არსებობდა ერთი პირობა: მის გაცემაში მონაწილეობა არ უნდა მიეღო სამ ქვეყანას: უნგრეთს, სლოვაკეთს და ჩეხეთს. ეს პირობა შესრულებულია. ამიტომ, მოდით, ნათლად ვთქვათ, სად ვდგავართ: სესხი კვლავ დაბლოკილია, რადგან ერთი ლიდერი არ ასრულებს თავის სიტყვას. თუმცა, ნება მომეცით შეგახსენოთ ის, რაც უკვე ვთქვი კიევში: ჩვენ ჩვენს პირობას შევასრულებთ რაიმე გზით“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ ვიქტორ ორბანის ქმედებებს „შანტაჟი“ უწოდა.

„ევროპულ საბჭოს ვერავინ დააშანტაჟებს, ვერავინ დააშანტაჟებს ევროპულ ინსტიტუტებს. ის, რასაც უნგრეთი აკეთებს, სრულიად მიუღებელია“, – განაცხადა მან.

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა სამიტის დასრულების შემდეგ თქვა, რომ ვიქტორ ორბანი არღვევს ევროკავშირის თანამშრომლობის „ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს“.

„მისი უარი უკრაინის სესხის დამტკიცებაზე მას შემდეგ, რაც დეკემბერში ოფიციალური თანხმობა განაცხადა, წევრ სახელმწიფოებს შორის არსებული ერთგულების სერიოზული დარღვევაა, რაც ძირს უთხრის ევროკავშირის ქმედუნარიანობას და აზიანებს ევროკავშირის, როგორც ერთიანი სუბიექტის რეპუტაციას“, – განაცხადა მერცმა.

სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრები მედიისთვის დახურული იყო, თუმცა, ოფიციალური პირები მედიებს რიგ ინფორმაციებს აწვდიდნენ. მაგალითად, იმას, რომ ევროკავშირის ლიდერები იყვნენ მკაცრები ორბანის მიმართ.

თუმცა, ხუთმა დიპლომატმა და ევროკავშირის ერთმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა, რომელთაც კონფიდენციალურობის პირობით საუბრის უფლება დართეს, POLITICO-ს უთხრა, რომ „იყვნენ ლიდერები, რომლებმაც საპირისპირო მიდგომა სცადეს: იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი და ბელგიის პრემიერი ბარტ დე ვევერი ორბანის ამბიციებზე (ეგოზე) თამაშს შეეცადნენ; ისინი თანაგრძნობით საუბრობდნენ იმაზე, რომ ესმოდათ მისი პოზიცია“.

თავად ორბანმა თქვა, რომ ის „თავისი ქვეყნის ინტერესებს იცავდა, ვინაიდან უკრაინა ნავთობს ბლოკავს“.

ყველა შემთხვევაში, საკითხის განხილვა ევროკავშირში რამდენიმე კვირით გადაიდო.

90-მილიარდიანი დახმარება უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

თუმცა, Reuters-ის თანახმად, ეკონომისტების განცხადებით, უკრაინას აქვს საკმარისი ფინანსური რეზერვები მომავალი რამდენიმე კვირისთვის. 2026 წლის დასაწყისიდან უკრაინამ 5,5 მილიარდი დოლარის ოდენობის უცხოური ფინანსური დახმარება მიიღო. უკრაინის ხელისუფლება მომავალ კვირებში იაპონიიდან კიდევ 1.2 მილიარდ დოლარს ელის. უკრაინის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანამ 2026 წლის პირველ 2 თვეში $12.4 ​მილიარდი დახარჯა, თანხის 60% კი თავდაცვას მოხმარდა.

ამავე დროს, უნგრეთში 12 აპრილს საპარლამენტო არჩევნებია დანიშნული. ვიქტორ ორბანმა და მისმა პარტიამ შესაძლოა ძალაუფლება დაკარგონ.