დღეს, 26 მარტს გამოქვეყნდა NATO-ს ყოველწლიური ანგარიში.
ანგარიშში, რომელიც 2025 წელს მოიცავს, საქართველოს შესახებ ნათქვამია, რომ „ალიანსის წევრებმა განიხილეს NATO-ს ჩართულობა საქართველოსთან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და მისი შემდგომი პერიოდის გათვალისწინებით. ამის შედეგად, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ელემენტების პრიორიტეტები გადაიხედა, მათ შორის „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის“ (SNGP) ზოგიერთი ასპექტი“.
NATO-ს ანგარიშში აღნიშნულია, რომ „სამხრეთ კავკასია მნიშვნელოვანია ნატოს უსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რეგიონი კვლავ განიცდის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის გავლენას“.
„2025 წელს ნატო მიესალმა მნიშვნელოვან პროგრესს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარების გზაზე და აღიარა ამერიკის შეერთებული შტატების უწყვეტი წვლილი სამშვიდობო პროცესში. აგვისტოს სამშვიდობო შეთანხმების ინიცირება იყო მთავარი ნაბიჯი ნორმალიზაციისა და რეგიონული უსაფრთხოებისკენ. NATO მზადაა გააღრმავოს დიალოგი და თანამშრომლობა ორივე ქვეყანასთან“, – ვკითხულობთ ანგარიშში.
ალიანსი ამის ფონზე აღნიშნავს საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვას.
ამავე დროს, NATO მიუთითებს, რომ „გაგრძელდა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა საქართველოს თავდაცვის ძალებთან, რაც მაისში გამართულმა NATO-საქართველოს წარმატებულმა სწავლებამაც გაუსვა ხაზი. თბილისში NATO-ს სამეკავშირეო ოფისი აგრძელებდა აქტიურ მუშაობას სამივე პარტნიორთან სამხრეთ კავკასიის რეგიონში“.
NATO-ს გენერალურმა მდივანმა „ევროსკოპის“ რედაქტორის, თამარ ნუცუბიძის კითხვის პასუხად თქვა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით NATO მჭიდრო კოორდინაციაშია ევროკავშირთან. მისივე განცხადებით, „აშკარაა, რომ ამჟამად სერიოზული შეშფოთების საფუძველი არსებობს“.
„პირველ რიგში, როდესაც საქმე საქართველოს ეხება, ცხადია, ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვართ ევროკავშირთან. რაც შეეხება NATO-სა და საქართველოს შორის ურთიერთობას, მიგვაჩნია, რომ ამ ურთიერთობის შენარჩუნებას აზრი აქვს. თუმცა, რა თქმა უნდა, მხედველობაში უნდა მივიღოთ ბოლოდროინდელი მოვლენებიც.
სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ საქართველოს, დაუბრუნდეს უფრო პროევროპული, წინსვლაზე ორიენტირებული მიდგომის გზას და უზრუნველყოს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის იმ ტრაექტორიის გაგრძელება, რომელზეც ქვეყანა იმყოფებოდა.
აშკარაა, რომ ამჟამად სერიოზული შეშფოთების საფუძველი არსებობს. ჩვენ გვაქვს დიალოგი და დისკუსიები, თუმცა დავიკავეთ პოზიცია, რომ სჯობს შევინარჩუნოთ ურთიერთობა და გამოვიყენოთ ეს გზა პრობლემური საკითხების განსახილველად, ვიდრე უბრალოდ ვთქვათ, რომ ეს არ მოგვწონს და ურთიერთობა საერთოდ შევწყვიტოთ“, – განაცხადა მარკ რუტემ.