ISFED: 2025 წელს „ოცნებამ“ 26.5 მლნ ლარი მიიღო — ეს მეტია, ვიდრე ყველა სხვა პარტიის ერთად 

პუბლიკა

ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ პოლიტიკური პარტიების 2025 წლის წლიური შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ ინფორმაცია მოიკვლია და გამოაქვეყნა.

ორგანიზაცია ანტიკორუფციულ ბიუროში პარტიების მიერ წარდგენილ ინფორმაციას დაეყრდნო.

ISFED-ის თანახმად:

2025 წლის წლიური შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ ინფორმაცია ანტიკორუფციულ ბიუროში 44- მა პოლიტიკურმა პარტიამ წარადგინა, თუმცა მათ შორის ფინანსური ბრუნვა მხოლოდ 25 პარტიას გააჩნდა. 21 პოლიტიკურ გაერთიანებას გასული წლის განმავლობაში საერთოდ არ ჰქონია შემოსავალი, ხოლო 19-ს — ხარჯი.

ISFED-ის მოკვლევით: 

პოლიტიკური პარტიების 2025 წლის შემოსავლები

  • პოლიტიკური პარტიების ჯამურმა შემოსავალმა 2025 წელს დაახლოებით 49 მლნ ლარი შეადგინა. შემოსავლების მთავარ წყარო კვლავ შემოწირულებები იყო, რომელზეც პარტიების ჯამური შემოსავლების 55% მოდიოდა; სახელმწიფო საბიუჯეტო დაფინანსების წილმა 18% შეადგინა, ხოლო სხვა შემოსავლების წილმა – 27%; საწევრო შენატანების წილი, რომელიც მხოლოდ ერთმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ („კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“) მიიღო, უმნიშვნელო იყო – მხოლოდ 0.01%.
  • პოლიტიკურ ფინანსებზე არათანაბარი წვდომა 2025 წელსაც მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა. „ქართულმა ოცნებამ“ გასული წლის განმავლობაში უფრო მეტი შემოსავალი (26.5 მლნ ლარი) მიიღო, ვიდრე ყველა სხვა პოლიტიკურმა პარტიამ ერთად (22.5 მლნ ლარი). ამასთან ერთად, ცალკეული ოპოზიციური პარტიების შემოსავლები ერთჯერად ოპერაციებზე იყო დამოკიდებული. მაგალითად, შემოსავლების ოდენობით (9.4 მლნ ლარი) რიგით მეორე პარტიამ – „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ – შემოსავლების 95% ქონების, ოფისის, გაყიდვიდან მიიღო. მსგავსად, ოფისის გაყიდვიდან იქნა შევსებული „საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ 2025 წლის მთლიანი შემოსავალი (1.5 მლნ ლარი).

  • ოპოზიციური პარტიების მნიშვნელოვანი ნაწილი ერთი კონკრეტული ტიპის დაფინანსების წყაროზე მაღალი დამოკიდებულებითაც ხასიათდებოდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი 2025 წელს ოპოზიციური პარტიების ძირითადი ნაწილის მიერ სახელმწიფო დაფინანსების დაკარგვა გახდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ექვსი პოლიტიკური პარტიის დასაფინანსებლად გასული წლის განმავლობაში სულ 8.9 მლნ ლარი გაიცა, რომლის 68% „ქართულ ოცნებას“ ერგო. ამასთან, წლის ბოლოსათვის კიდევ უფრო შემცირდა სახელმწიფო დაფინანსების მიმღები პარტიების რიცხვი.

2025 წლის შემოწირულებები

  • 2025 წელს შემოწირულებები 21-მა პოლიტიკურმა პარტიამ მიიღო. შემოწირულებების ჯამური ოდენობა 27 მლნ ლარს აღემატებოდა, რომელთა 97% პარტიების ანგარიშებზე ფულადი სახით იქნა შეტანილი, ხოლო 3% – არაფულადი სახით.
  • შემოწირულებების 67% ერთ პარტიაზე, „ქართულ ოცნებაზე“, მოდიოდა, რომელსაც გასული წლის განმავლობაში ფიზიკურმა პირებმა 18 მლნ ლარზე მეტი შესწირეს. შემოწირულებების ოდენობით (7.7 მლნ ლარი) მეორე ადგილი 4 „ძლიერმა საქართველომ“ დაიკავა, რომელიც 2.3-ჯერ ჩამორჩებოდა ლიდერ პოლიტიკურ პარტიას.
  • „ქართულ ოცნებაში“ შემოწირულებების მნიშვნელოვანი ნაწილი მსხვილ დონორებზე მოდიოდა. 2025 წელს ერთმა შემომწირველმა, საშუალოდ, პარტიას 36,025 ლარი შესწირა. მათ შორის, „ქართული ოცნების“ ანგარიშზე 91-მა პირმა კანონით დაშვებული მაქსიმალური თანხა – 60 ათასი ლარი გადარიცხა (ჯამში 5.4 მლნ ლარი). ამ პირთაგან, 29 მათგანს 2025 წლამდე პარტიისთვის თანხა არ შეუწირავს, 62 პირს კი „ქართული ოცნებისთვის“ წინა წლებში ჯამში 10.7 მლნ ლარზე მეტი ჰქონდა შეწირული. მათ შორის გამოირჩევიან „ქართული ოცნების“ დამფუძნებელთან და საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან, დაკავშირებული პირები და ბიზნესმენები, რომელთა ნაწილი 2012 წელს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველიც იყო.

პოლიტიკური პარტიების 2025 წლის ხარჯები

  • პოლიტიკური პარტიების ჯამურმა საკასო ხარჯმა 2025 წელს 46 მლნ ლარზე მეტი შეადგინა. მათ შორის, 23.8 მლნ ლარი (52%) „ქართულმა ოცნებამ“ დახარჯა, რომელსაც 9.3 მილიონამდე ლარის (20%) დანახარჯით „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო დაახლოებით 7.9 მლნ ლარით (17%) „ძლიერი საქართველო“ მოჰყვებოდნენ. ყველა სხვა პარტიამ ჯამურად პოლიტიკური გაერთიანებების წლიური საკასო ხარჯების მხოლოდ 11% გასწია.
  • პარტიების საერთო ხარჯების უმეტესი ნაწილი რეკლამის (13.9 მლნ ლარი), შრომის ანაზღაურების (5.4 მლნ ლარი), იჯარისა (4.3 მლნ ლარი) და კაპიტალურ (9.4 მლნ ლარი) ხარჯებზე მოდიოდა. 2025 წლის საფინანსო დეკლარაციებში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ასევე საკონსულტაციო, სანოტარო, თარჯიმნის და თარგმნის მომსახურების ხარჯების კატეგორიამ (2.8 მლნ ლარი) და ოფისის ხარჯებმა (1.9 მლნ ლარი).
  • რეკლამაში დახარჯული თანხით ორი პარტია გამოირჩეოდა – „ქართული ოცნება“ (7.1 მლნ ლარი) და „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ (5.7 მლნ ლარი). „ქართული ოცნების“ სარეკლამო გასავალი 2025 წლის განმავლობაში მეტად სტაბილურობით ხასიათდებოდა, მაშინ, როდესაც „ძლიერმა საქართველომ“ და 4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიებმა სარეკლამო ხარჯები ძირითადად საარჩევნო პერიოდში გასწიეს.
  • იმ პოლიტიკურმა გაერთიანებებმა, რომლებმაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს, გასულ წელს რეკლამებში თითქმის 25-ჯერ მეტი თანხა (13.3 მლნ ლარი) დახარჯეს, ვიდრე იმ პარტიებმა, რომლებსაც არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ (543 ათასი ლარი).
  • პოლიტიკური პარტიების 2025 წლის სარეკლამო ხარჯების 35% გარე რეკლამებზე მოდიოდა. ხარჯების ჯამური ოდენობით მეორე ადგილი ინტერნეტ რეკლამას (27%) ერგო, ხოლო მესამე ადგილი – სატელევიზიო რეკლამას (23%).
  • გარე რეკლამაზე „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს 4.1 მილიონზე მეტი ლარის საკასო ხარჯი გასწია, რაც ყველა პოლიტიკური გაერთიანების მიერ ამ ტიპის რეკლამებზე დახარჯული თანხის 85%-ს შეადგენს.
  • „ძლიერმა საქართველომ“ რეკლამებისთვის განკუთვნილი თანხების უმეტესი ნაწილი – 56% – სატელევიზიო რეკლამებისთვის გამოიყენა. „ქართულ ოცნებას“ კი ფასიანი სატელევიზიო რეკლამით არ უსარგებლია.
  • კადრების შენახვა და ადამიანური რესურსების დაფინანსება ძირითადად რამდენიმე მსხვილი პარტიის შესაძლებლობას წარმოადგენდა. შრომის ანაზღაურების კომპონენტში 2025 წელს ყველაზე დიდი დანახარჯი „ქართულ ოცნებასა“ (2.22 მლნ ლარი) და „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“ (2.02 მლნ ლარი) ჰქონდათ. 2025 წელს ფინანსური ბრუნვის მქონე 9 პარტიას შრომის ანაზღაურებაზე ხარჯი არ გაუწევია.
  • საოფისე ფართების იჯარაზე გაწეული ხარჯები ძირითადად „ქართული ოცნების“ ხელში იყო კონცენტრირებული (2.19 მლნ ლარი), რომელსაც მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდნენ „ძლიერი საქართველო“ (დაახლოებით 986 ათასი ლარი) და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ (479 ათასი ლარი); 25 პარტიიდან იჯარის ხარჯი მხოლოდ 12-მა გასწია.
  • ოფისის მიმდინარე ხარჯების ორი მესამედი „ქართულ ოცნებაზე“ მოდიოდა (1.27 მლნ ლარი) და მკვეთრად აღემატებოდა სხვა პარტიების დანახარჯებს, რაც ორგანიზაციული რესურსების მნიშვნელოვან უთანასწორობაზე მიუთითებს.
  • საკონსულტაციო, სანოტარო, თარჯიმნისა და თარგმნის მომსახურების კატეგორიაზე პარტიების მიერ 2025 წელს გაწეული ხარჯების 87% „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობაზე“ მოდიოდა (2.46 მლნ ლარი), რაც კანონით განსაზღვრული მაქსიმალური ოდენობის ორ მესამედს აჭარბებდა.
  • პოლიტიკური პარტიების მივლინებების ხარჯების 83% საზღვარგარეთ ვიზიტებს დაეთმო, ხოლო 17% – საქართველოს შიგნით მივლინებებს. ყველაზე მეტი თანხა – 270 ათასამდე ლარი – მივლინებებში „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ დახარჯა, რომლის 99% პარტიის წარმომადგენელთა საგარეო ვიზიტების ფინანსური უზრუნველყოფისთვის იყო გათვალისწინებული.
  • არაფინანსური აქტივების ზრდა მკვეთრად დომინირებული იყო „ქართული ოცნების“ მიერ (8.28 მლნ ლარი), რაც სხვა პარტიების შესაბამის ხარჯებს მრავალჯერ აღემატებოდა. არაფინანსური აქტივების ზრდა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პარტიების ორგანიზაციულ შესაძლებლობებზე და მომავალ საქმიანობაზე, რის გამოც ამ მიმართულებით არსებული მკვეთრი სხვაობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პარტიებს შორის შესაძლებლობების უთანასწორობას.