რუსეთის საგარეო დაზვერვა საქართველოს პატრიარქის არჩევნებზე განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

რუსეთის საგარეო დაზვერვა საქართველოს პატრიარქის არჩევნებზე განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ მსოფლიო პატრიარქი ორ კანდიდატს ლობირებს.

რუსეთის დაზვერვა ირწმუნება, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეოსი მსოფლიო მართლმადიდებლობაში განხეთქილების შეტანის მცდელობას აგრძელებს და სურს, თავის გავლენას დაუმორჩილოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია.

რუსეთის დაზვერვის მიხედვით, მსოფლიო პატრიარქს სურს, პოსტზე დააწინაუროს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ის წარმომადგენელი, რომელსაც თავად დაეყრდნობა, საამისოდ კი დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამსა და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს განიხილავს.

„რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის (СВР) სამსახურის პრესბიურო იტყობინება, რომ СВР-ში შესული ინფორმაციის თანახმად, კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეოსი კვლავ დაჟინებით აგრძელებს ვერაგულ ხაზს მსოფლიო მართლმადიდებლობაში განხეთქილების შესატანად, რისთვისაც „გათიშე და იბატონეს“ პრინციპით ხელმძღვანელობს.

ამჯერად, მას სურს, თავის გავლენას დაუმორჩილოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რისთვისაც სარგებლობს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებით.

ფანარიოტს სურს, ვაკანტურ თანამდებობაზე დააწინაუროს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ის წარმომადგენელი, რომელსაც თავად დაეყრდნობა. ამ როლის კანდიდატებად ბართლომეოს განიხილავს დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამს (გარმელია) და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს (ბერბიჭაშვილი). თავის უახლოეს გარემოცვაში იგი მათ წარმოაჩენს, როგორც მისი ნების ყველაზე შესაფერის შემსრულებლებს.

საეკლესიო წრეებში აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებმოყვარეობა კონსტანტინოპოლელი განმხეთქილებლის განუყოფელი თანამგზავრი გახდა.

თავისი ქმედებებით ბართლომეოსი „პატივით პირველობას“ კვლავ „ხელისუფლებით პირველობით“ ანაცვლებს და ერევა მორიგი, აღსანიშნავია, ერთ-ერთი უძველესი — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შიდა საქმეებში. აშკარაა, რომ მან, ისევე როგორც უკრაინის, სერბეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების შემთხვევაში, დაივიწყა II მსოფლიო კრების მეორე კანონი: „საოლქო ეპისკოპოსები ნუ განავრცობენ თავიანთ ხელისუფლებას მათი ოლქის გარეთ არსებულ ეკლესიებზე…“, – ნათქვამია განცხადებაში.