კომუნიკაციების კომისიამ „ტელეიმედი“, „პოსტვ“, „ტვ პირველი“ და „ფორმულა“ მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის წერილობით გააფრთხილა. ამის შესახებ კომისიამ დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც კომისია აღნიშნავს, 2025 წლის 1 ივნისამდე მაუწყებლების მიმართ დარღვევის შემთხვევაში საკითხს განიხილავდნენ, თუმცა კანონით გათვალისწინებულ სანქციებს არ იყენებდნენ. იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი ხასიათის დარღვევისთვის სანქცია არ გამოყენებულა, ამიტომ ტელეკომპანიებს მხოლოდ წერილობითი გაფრთხილება მიეცათ.
ComCom-ის თქმით, „ტელეიმედმა“, „პოსტვიმ“, „ტელეკომპანია პირველმა“ და „ფორმულამ“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი დარღვიეს. ტელეკომპანიების მონიტორინგი 2026 წლის თებერვალ-მარტში მიმდინარეობდა.
„გამოვლინდა, რომ აღნიშნულ არხებზე გასულ საინფორმაციო გამოშვებებში იკვეთებოდა წამყვანების/კორესპოდენტების მხრიდან პირადი მოსაზრებების გავრცელების, მიუკერძოებლობისა და ფაქტების ჯეროვანი სიზუსტით გადაცემის, კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ფაქტები” – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.
სამთავრობო „TV იმედის” შემთხვევაში, 4 დარღვევა გამოიკვეთა – გადაცემის წამყვანები ახალ ამბებს აშუქებდნენ პირადი მოსაზრებისა და დამოკიდებულების საფუძველზე.
როგორც ონლაინგამოცემა „მედიაჩეკერი” მოხსენებით ბარათზე დაყრდნობით წერდა, პერიოდული მონიტორინგის ფარგლებში გამოავლინეს, რომ ჟურნალისტები ახალ ამბებს გადასცემდნენ შემდეგი ფრაზების გამოყენებით: „გაბანკროტებულ ოპოზიციაშიც“, „პროპაგანდისტული ოპოზიციური არხების ჟურნალისტები“, „პოლიტიკური ამნეზია მძიმე ფორმებს იღებს“, „მძიმე და უსაფუძვლო ბრალდებები“, „ოპოზიციის მედია“. ეს ფრაზები გაჟღერებული იყო 25-26 თებერვალსა და 9 და 11 მარტს გადაცემულ ახალ ამბებში.
რაც შეეხება ასევე სახელისუფლებო „POSTV”, კომისიამ გამოავლინა 7 დარღვევა, რაც საინფორმაციო გამოშვებების წამყვანების მიერ პირადი მოსაზრებების გამოთქმის აკრძალვისა და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის ჯეროვანი სიზუსტით გადაცემის მოთხოვნების დარღვევას მოიცავდა.
დარღვევის მაგალითად მოხსენებით ბარათში მოყვანილი იყო ფრაზები: „რადიკალური ოპოზიციის წევრებმა წერილი ურსულა ფოლ დენ ლაიერს 22 სექტემბერს გაუგზავნეს“; „ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ კოლექტიურ ნაცმოძრაობას ციხიდან ისევ მსჯავრდებული სააკაშვილი მართავს“; „ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი გზავნილები ამჯერად ოპოზიციური განწყობებით ცნობილმა ექსპერტმა გაიმეორა და აბსურდულ ბრალდებებთან ერთად, საზოგადოებაში პანიკის დათესვაც სცადა“. „ევროკომისიის გადაწყვეტილების მიუხედავად, დღეს ნაცმოძრაობაში ამბობენ, რომ ყულევის პორტთან დაკავშირებულმა, მათ მიერვე წამოწყებულმა ანტისახელმწიფოებრივმა კამპანიამ იმუშავა და ქვეყნის იმიჯი დააზიანა“.
კომუნიკაციების კომისიის თქმით, „TV პირველს” 18 დარღვევა გამოუვლინდა, სადაც იკვეთებოდა საინფორმაციო გამოშვებების წამყვანებისა და კორესპოდენტების მხრიდან ახალი ამბების პირადი მოსაზრებების, მათი დამოკიდებულების საფუძველზე გაშუქების, „მხოლოდ ერთი მხარის პოზიციის წარმოჩენის (ცალმხრივად გაშუქების) და ჯეროვანი სიზუსტის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევები”.
მოხსენებითი ბარათის თანახმად, „TV პირველი” ახალი ამბების პროგრამაში საკითხს მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე აშუქებდა, რაც შემდეგი ფრაზებით გამოიხატებოდა: „ოლიგარქის პარტიამ“, „ივანიშვილის რეპრესიულ პოლიტიკაზე“, „ქართული ოცნების პოლიციამ“, „ოცნება არჩევანს დიქტატორებზე აკეთებს“, „ოცნების მინისტრს“, „ეგრეთწოდებული განათლების რეფორმის“, „აქტივისტებზე ნადირობის ღამე“, „დანარჩენ სინდისის პატიმრებს რადგან ქართული ოცნების მიერ მართულმა კულტურის სამინისტრომ“ და სხვ.
როგორც კომისია განმარტავს, 20 შემთხვევაში დაარღვია „ფორმულამ” „მაუწყებლობის შეასხებ” კანონი. დარღვევები ძირითადად უკავშირდებოდა მიუკერძოებლობის პრინციპს, კერძოდ, ახალი ამბების პირადი მოსაზრების, დამოკიდებულების საფუძველზე გაშუქებას. ამასთან, დაფიქსირდა ბალანსის დაცვის მოთხოვნის დარღვევაც, სადაც წარმოდგენილი იყო ერთი მხარის პოზიცია.
მოხსენებითი ბარათის თანახმად, ტელეკომპანია იყენებდა ისეთ ფრაზებს როგორებიცაა: „რეჟიმი“,„ოლიგარქის გუნდი“, „ოცნების პარლამენტი“, „ოცნების მთავრობა“, „ივანიშვილის პრემიერ-მინისტრი“, „ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება“, „ივანიშვილის დეპუტატი“, „ოლიგარქის პარტია“, „ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო“, „ოცნების მინისტრი“ და სხვ.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით აკრძალულია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და ცალკეული საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე გაშუქება. ახალი ამბების პროგრამაში მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების გამოხატვის შეზღუდვა, ასევე, ახალ ამბებში ბალანსის დაცვისა და ფაქტის ჯეროვანი სიზუსტით გაშუქების მოთხოვნების დაცვა ემსახურება მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობისა და მაყურებლის უფლებების დაცვას, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ ობიექტური, მრავალმხრივი ინფორმაცია” – ნათქვამია ComCom-ის განცხადებაში.
6 მარტს, მას შემდეგ რაც ბრიტანეთმა სახელისუფლებო „იმედისა“ და „Postv“ დაასანქცირა, კომუნიკაციების კომისიამ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, აუცილებლად მიიჩნიეს, პრაქტიკაში აამოქმედონ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი ნორმები, რათა „მაუწყებელთა ობიექტურობა სათანადო პროცედურის საფუძველზე და მაღალი სამართლებრივი სტანდარტით შეფასდეს”. ამ დრომდე კომისია მხოლოდ საჩივრებზე რეაგირებდა.
2025 წლის მარტში „მაუწყებლობის შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებების (ამოქმედდა აპრილში) საფუძველზე კომისიის უფლებამოსილება გაფართოვდა მაუწყებლობის სტანდარტების შესრულებაზე კონტროლის, ზედამხედველობისა და მაუწყებელთა სანქცირების თვალსაზრისით.