მედიის დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევებას გმობენ

პუბლიკა

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“ (IPI) მედიის თავისუფლების სწრაფი რეაგირების მექანიზმზე (MFRR) ხელმომწერ პარტნიორებთან და მედიის თავისუფლების, ჟურნალისტთა და გამოხატვის თავისუფლების დამცველ სხვა ორგანიზაციებთან ერთად გმობს აფგან სადიგოვის საქართველოდან აზერბაიჯანში გაძევებას.

ორგანიზაციების შეფასებით, სადიგოვის დეპორტაცია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისტი ვალდებულებების უხეში დარღვევაა და ამას მკაცრი დაგმობა სჭირდება.

„[სასამართლო გადაწყვეტილება] დაუყოვნებლივ აღსრულდა და ჟურნალისტი რამდენიმე საათში აზერბაიჯანში გადაიყვანეს. ეს ქმედება განხორციელდა მიუხედავად იმისა, რომ სადიგოვის მიმართ მოქმედებდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECtHR) დროებითი ღონისძიება, რომელიც კრძალავდა მის ექსტრადიციას აზერბაიჯანში.

დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე აზერბაიჯანმა სადიგოვის წინააღმდეგ არსებული ძველი სისხლის სამართლის საქმე შეწყვიტა და ექსტრადიციის მოთხოვნა გააუქმა.

საქართველოს ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია 1 აპრილს მიიღო, რის შემდეგაც, 3 აპრილს, ქართულმა სასამართლომ მას გირაო და გადაადგილების შეზღუდვა მოუხსნა.

ეს ორი ქმედება, რომელიც კოორდინირებულად გამოიყურება და მიზნად ისახავს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის გვერდის ავლას, ნიშნავდა იმას, რომ სადიგოვის მიმართ შეიძლებოდა გამოყენებულიყო დეპორტაცია და არა ექსტრადიცია. ჟურნალისტის ოჯახი მიიჩნევს, რომ საქართველოში წაყენებული ბრალდებები ყალბია და მისი მიზანი მისი ქვეყნიდან გაძევების საბაბის შექმნა იყო.

ბაქოში ჩასვლის შემდეგ, 6 აპრილს, სადიგოვის მეუღლემ და ადვოკატმა გაავრცელეს ინფორმაცია მისი დაკავების შესახებ. გავრცელებული ცნობებით, ჟურნალისტი ქუჩაში სამართალდამცველებმა გააჩერეს, უთხრეს, რომ ის ძებნილი იყო, დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული და შემდეგ გაათავისუფლეს. ამ ეტაპზე მისთვის ბრალი არ წარუდგენიათ.

აზერბაიჯანი თითქმის ორი წლის განმავლობაში ითხოვდა სადიგოვის ექსტრადიციას საქართველოდან თაღლითობისა და გამოძალვის ბრალდებით. 2024 წლის 4 აგვისტოდან სადიგოვი საქართველოში საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფებოდა. მისი დეპორტაცია აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის საქართველოში ოფიციალურ ვიზიტამდე ზუსტად ერთი დღით ადრე მოხდა“, – ნათქვამია განცხადებაში.