ამერიკულმა Fox News-მა ირანისა და საქართველოს შესახებ „ჰადსონის ინსტიტუტის“ კვლევაზე მოამზადა მასალა სახელწოდებით „ანგარიში: ირანის რეჟიმი სანქციებისთვის გვერდის ასავლელად და სამხედრო მანქანის დასაფინანსებლად ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას იყენებს“.
მასალაში საუბარია 3 მარტს გამოქვეყნებულ კვლევაზე საქართველოში ირანის „მზარდი გავლენების“ შესახებ. კვლევის ავტორები „ჰადსონის ინსტიტუტის“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ლუკ კოფი და „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ პროექტების მენეჯერი, გიორგი კანდელაკი არიან.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამ კვლევაზე გამოძიებაც დაიწყო და გამოსაკითხად დაიბარა კვლევის თანაავტორები და სხვა პირები.
Fox News წერს, რომ „იმ ფონზე, როდესაც ირანი სულ უფრო იზოლირებული ხდება, ბოლო ცნობებით, თეირანმა გააღრმავა კავშირი სამხრეთ კავკასიაში საქართველოს რესპუბლიკასთან და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელიც ბოლო დრომდე განიხილებოდა, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი და NATO-ს პოტენციური წევრობის კანდიდატი, ნელ-ნელა დაუახლოვდა თეირანს.“
„ირანმა საქართველოში გავლენის ფართო ინფრასტრუქტურა შექმნა, რომელიც მოიცავს ისეთ სუბიქტებს, რომლებიც ექსტრემიზმთან კავშირის გამო აშშ-ის მთავრობის მიერაა სანქცირებული და ვაშინგტონში განიხილება, როგორც ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ფასადები“ – Fox News Digital-ს განუცხადა კვლევის თანაავტორმა გიორგი კანდელაკმა.
Fox News-ის მიხედვით, გიორგი კანდელკამა აღნიშნა, რომ თბილისის ირანისკენ შებრუნება ცუდია როგორც ქართველებისთვის, ასევე რეგიონში აშშ-ის ინტერესებისთვის.
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველო დიპლომატიურად ნეიტრალური დარჩა, ჰადსონის ინსტიტუტის ანგარიში დეტალურად აღწერს ორ ქვეყანას შორის გაღვივებულ კავშირებს და იმას, თუ როგორ იყენებს ირანი საქართველოს სადაზვერვო ინფრასტრუქტურის ქსელად, აღწევს რელიგიურ, საგანმანათლებლო და კულტურულ ინსტიტუტებში, რათა გავლენა მოახდინოს საზოგადოებაზე“, – წერს Fox-ი.
გამოცემა წერს, რომ ჯერ კიდევ 2007 წელს ირანმა გახსნა ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის ფილიალი საქართველოში, რომელიც განიხილება ირანის ერთ-ერთ მთავარ ბერკეტად ისლამური რესპუბლიკის დამფუძნებლის, აიათოლა რუჰოლა ხამენეის იდეოლოგიის საზღვარგარეთ გავრცელებისთვის.
Fox News-ის მიხედვით, 2020 წელს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის „ყუდსის ძალები“ საქართველოში ალ-მუსტაფას უნივერსიტეტს იყენებენ , როგორც საერთაშორისო გადაბირების ქსელს და მოქმედებენ როგორც ისლამური რესპუბლიკის იდეოლოგიური და უსაფრთხოების ინტერესების გამტარები.
გამოცემა აღნიშნავს, რომ 2003 წლის ვარდების რევოლუციიდან მოყოლებული საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია აშშ-სთან პოლიტიკური და უსაფრთხოების კავშირების გასამყარებლად და შავი ზღვის რეგიონში რეგიონული უსაფრთხოების საფუძველი გახდა. Fox News მიუთითებს, რომ ათწლეულების განმავლობაში საქართველომ ალიანსი შეკრა აშშ-სთან, მონაწილეობდა ერაყისა და ავღანეთის მისიებში და 2009 წელს ხელი მოაწერა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებასაც.
გამოცემის მიხედვით, თეირანთან თბილისის კავშირები „პრორუსული „ქართული ოცნების“ მმართველობისას გაფართოვდა“.
„ანალიტისკოსების აზრით, ეს კავშირი გამყარდა მას შემდეგ, რაც პროდასავლელ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს 6-წლიანი ვადა 2024 წელს ამოეწურა და მის ნაცვლად ახლადშექმნილმა კოლეგიამ, რომელშიც, გავრცელებული ინფორმაციით, „ოცნების“ მხარდამჭერები დომინისრებდნენ, აირჩია მიხეილ ყაველაშვილი.
ყაველაშვილის დანიშვნას წინ უძღოდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც თბილისში აშშ-ის საელჩოს თანახმად, გარკვეული დარღვევებით წარიმართა“, – წერს Fox News.
მედია ახსენებს 2024 წელს ირაკლი კობახიძის ირანში ვიზიტებსაც, როცა კობახიძე ირანის პრეზიდენტ რაისის დაკრძალვაზე, ხოლო შემდეგ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად ჩავიდა.
Fox News მიუთითებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ ინფორმაციაზე, რომ ბევრ ქართულ კომპანიას ირანიდან ნავთობი და ნავთობპროდუქტები შემოაქვს, რაც ირანის რეჟიმის და საომარი ძალისხმევის მთავარი ეკონომიკური საყრდენია.
„2024 წელს ირანის ნავთობის ექსპორტის შემოსავალმა შეადგინა დაახლოებით 43 მილიარდი დოლარი, რაც ირანის მთლიანი საექსპორტო შემოსავლის დაახლოებით 57%-ს შეადგენს.
Civic IDEA-ს თანახმად, 2022-დან 2025 წლამდე საქართველოში რეგისტრირებულმა 72-მა კომპანიამ განახორციელა ირანული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი, მათ შორის რვა კომპანია დაკავშირებულია მმართველი „ქართული ოცნების“ დონორებთან, რაც ზრდის ირანის შემოსავლების ნაკადს იმ პირობებშიც კი, როდესაც იგი მკაცრად არის სანქცირებული დასავლური ქვეყნების მიერ“, – წერს მედია.
Fox News მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობისთვის გაგზავნილ სატელეფონო და ელექტრონულ მოთხოვნებს კომენტარის შესახებ პასუხი არ მოჰყოლია.