ადამიანის უფლებათა დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-მა ადამიანის უფლებათა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2025 წლის განმავლობაში მსოფლიოს 144 ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობას ეხება.
საქართველოსთან დაკავშირებით ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს რეპრესიულ კანონმდებლობაზე, რომელმაც შეზღუდა გამოხატვის თავისუფლება, ასევე, საჯარო სამსახურებიდან იმ თანამშრომლების გათავისუფლებაზე, რომლებმაც დაგმეს „ქართული ოცნების“ ანტიევროპული გადაწყვეტილება. ანგარიშში ასევე საუბარია პოლიციელთა მხრიდან 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა მიმართ სასტიკ მოპყრობაზე, მზია ამაღლობელის პატიმრობაზე, უსამართლო სასამართლო პროცესებსა და სხვა უფლებადარღვევებზე.
საქართველოს შესახებ Amnesty International-ის ანგარიშში წერია:
„გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება მკაცრად შეიზღუდა. რეპრესიულმა კანონმდებლობამ, უსამართლო სასამართლო პროცესებმა და პოლიციის მიერ ძალის უკანონო გამოყენების დაუსჯელობამ ხელი შეუწყო ხელისუფლების მხრიდან მიმდინარე რეპრესიებს. მშვიდობიანი მომიტინგეები, ჟურნალისტები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და აქტივისტები გახდნენ თვითნებური დაკავების, წამებისა და სხვა სახის სასტიკ მოპყრობის ობიექტები, რასაც მოჰყვა უსამართლო სასამართლო პროცესები.
უფლებადამცველები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია მუდმივი დევნის წინაშე აღმოჩნდა, მათ შორის, მათ გაუყინეს აქტივები, იყო ზეწოლა მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან. აქციების ქალი მონაწილეები გახდნენ გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლები.
საპროტესტო აქციები 2024 წლის ბოლოს, მას შემდეგ დაიწყო, რაც მმართველმა პარტია „ქართული ოცნებამ“ გააკეთა განცხადება, რომ აჩერებს მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრების შესახებ. პროტესტი მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდა. იყო ყოველდღიური დემონსტრაციები თბილისში, ასევე, რეგულარული აქციები სხვა დიდ ქალაქებში.
საპროტესტო ტალღის საპასუხოდ, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო რეპრესიული კანონების სერია.
პარტიამ გამოიყენა თავისი პოლიტიკური გავლენა კონტროლის გასამყარებლად და სამართალდამცავი ორგანოები, სასამართლო სისტემა და ზედამხედველობის უწყებები პოლიტიკური შურისძიების იარაღად აქცია.
„წმენდა“ გავრცელდა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტზე, რასაც მოჰყვა იმ საჯარო მოხელეებისა და ოფიციალური პირების მასობრივი დათხოვნა, რომლებიც პროტესტს მხარს უჭერდნენ.
ასობით ადამიანი აგრძელებდა ყოველდღიურ პროტესტს დაშინების, მძიმე ჯარიმების, თვითნებური დაკავებების, სასტიკი მოპყრობისა და უსამართლო სასამართლოების მიუხედავად. აშკარად მშვიდობიან დემონსტრაციებს არაერთხელ დაუპირისპირდა უკანონო ძალა, რამაც გაზარდა დაძაბულობა და გამოიწვია ძალადობის ცალკეული შემთხვევები, რაც ძირითადად იყო რეაქცია პოლიციის აგრესიაზე.
2024 წლის ბოლოს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით დაწესდა დიდი ჯარიმები მშვიდობიანი საპროტესტო ქმედებებისთვის, როგორიცაა ნიღბის ტარება ან გზის გადაკეტვა. ამას მოჰყვა კანონების ახალი, ყოვლისმომცველი პაკეტი, რომელმაც კიდევ უფრო შეზღუდა მშვიდობიანი შეკრების უფლება. სამართალდამცავებს მიენიჭათ ფართო უფლებამოსილება, დაეპატიმრებინათ ადამიანები მშვიდობიანი საპროტესტო აქტებისთვის, მათ შორის სახის დაფარვის, კარვების გაშლის ან გზების გადაკეტვის გამო.
ეს ქმედებები ისჯება 15 დღემდე დაკავებით (ხოლო ორგანიზატორებისთვის – 20 დღემდე), ხოლო განმეორებითი სამართალდარღვევა ითვალისწინებს ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ხელისუფლებამ დაიწყო აქტივისტების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის მხარდამჭერების სისტემატური დევნა, ჩხრეკა და საპროტესტო მასალების კონფისკაცია. კანონების მიღებიდან ერთ კვირაში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
ნიღბიანი ოფიცრები სისტემატურად სცემდნენ დაკავებულებს როგორც აყვანისას, ისე პატიმრობის დროს. სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი დაუდგენელი პირები (ზოგიერთი შეიარაღებული და აშკარად ხელისუფლებასთან დაკავშირებული) პოლიციის ხელშეწყობით აშინებდნენ და თავს ესხმოდნენ მომიტინგეებსა და ჟურნალისტებს, მათ შორის ეს ხდებოდა მათ სახლებთან და სამუშაო ადგილებთან. ბევრ დაკავებულს უარი ეთქვა ადვოკატებთან, ნათესავებთან დარეკვაზე ან გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაზე.
საბა სხვიტარიძეს, რომელიც 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს, 3 სექტემბერს მიესაჯა ორი წლით თავისუფლების აღკვეთა პოლიციელისთვის სხეულის დაზიანების მიყენების ბრალდებით. მან აღწერა, თუ როგორ დაკითხეს ადვოკატის გარეშე და როგორ აწამა არაერთხელ ნიღბიანმა ოფიცერმა. მიუხედავად პატიმრობაში მიყენებული დაზიანებების სამედიცინო მტკიცებულებებისა, წლის ბოლომდე ეფექტური გამოძიება არ ჩატარებულა.
წლის განმავლობაში პოლიცია აგრძელებდა უკანონო ძალის გამოყენებას მშვიდობიანი მომიტინგეების დასაშლელად, მათ შორის ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით. ასობით მომიტინგემ განაცხადა მძიმე დაზიანებების, მათ შორის მოტეხილობებისა და ტვინის შერყევის შესახებ. დაშავდა 100-ზე მეტი ჟურნალისტი.
პოლიციის ძალადობა გამწვავდა 4 ოქტომბრის პროტესტის შემდეგ, რომლის დროსაც ზოგიერთმა მონაწილემ პრეზიდენტის რეზიდენციაში შეჭრა სცადა.
საპასუხოდ სპეცდანიშნულების რაზმებმა ჩაატარეს მილიტარიზებული რეიდები, გამოიყენეს გადამეტებული ძალა და 60-ზე მეტი მომიტინგე საკუთარ სახლებში დააკავეს. მიუხედავად ძალადობისა და სასტიკი მოპყრობის შესახებ გავრცელებული ცნობებისა, 2025 წლის ბოლომდე არც ერთი პოლიციელი თუ პროსამთავრობო თავდამსხმელი არ მიცემულა პასუხისგებაში.
დეკემბერში ხელისუფლებამ დაიწყო გამოძიება BBC-ის ბრალდებებზე, რომ მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლში გამოყენებული იყო აკრძალული ტოქსიკური ქიმიკატები. ბრალდებებზე რეაგირების ნაცვლად, გამოძიება ცდილობდა იმ ექსპერტებისა და მოწმეების დაშინებას, რომლებმაც BBC-ის ანგარიშისთვის მტკიცებულებები წარადგინეს.
მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციონერი ფიგურების თვითნებური დაკავება ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ზოგიერთი ადამიანი დააკავეს სახლში, სამუშაო ადგილზე ან ქუჩაში მხოლოდ პროტესტში მონაწილეობის გამო. სასამართლოები სისტემატურად, მკაფიო საფუძვლის ან პატიმრობის გამამართლებელი მტკიცებულებების გარეშე ამბობდნენ უარს გირაოს გამოყენებაზე.
ათობით პირი, განსაკუთრებით ანტისამთავრობო პროტესტში ჩართულები, დაექვემდებარნენ უსამართლო სასამართლო პროცესებს, რომლებიც ხასიათდებოდა პროცედურული დარღვევებითა და პროკურატურის მიკერძოებით.
ცნობილი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში გამართულ აქციაზე ორჯერ დააკავეს” თავდაპირველად მხოლოდ საპროტესტო სტიკერის გაკვრის გამო. გათავისუფლების შემდეგ იგი ხელახლა დააკავეს სისხლის სამართლის ბრალდებით ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის გამო. მას უარი ეთქვა გირაოს შეფარდებაზე და 5 აგვისტოს მიესაჯა ორი წლით თავისუფლების აღკვეთა. პატიმრობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა.
იანვარში მომიტინგეებს, ომარ ოკრიბელაშვილსა და საბა მეფარიშვილს, პოლიციის ბარიერების დაზიანებისთვის 30-30 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. განაჩენი გამოიტანეს რამდენიმეთვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ, სადაც მათ მიმართ, გავრცელებული ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა სასტიკ მოპყრობას.
ისინი 14 ნოემბერს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდნენ. 19 წლის საბა ჯიკიას ივლისში ოთხ წელზე მეტით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა აქციაზე პოლიციელისთვის ფეხის დარტყმის ბრალდებით. პროცესმა გააჩინა კითხვები სამართლიან სასამართლოსთან დაკავშირებით, მათ შორის სადავო ვიდეომასალის გამოყენებისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცედურების გამოუყენებლობის გამო, რაც საქართველოში ჩვეულებრივ 19 წლის ახალგაზრდებზეც ვრცელდება.
სექტემბერში, უსამართლო სასამართლო პროცესის შემდეგ, ცხრამეტი მომიტინგე, მათ შორის მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, ორ ან ორ-ნახევარი წლით დააპატიმრეს. მათ მსჯავრი დაედოთ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით 2024 წლის ბოლოს პროევროპულ აქციებზე „ჯგუფურ ძალადობაში“ მონაწილეობისთვის. ივნისიდან ნოემბრამდე რვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თვითნებურად დააკავეს და დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც მათ უარი თქვეს საპარლამენტო კომისიასთან თანამშრომლობაზე, რომლის ლეგიტიმურობა და მიუკერძოებლობა საყოველთაო ეჭვქვეშ იყო. წლის ბოლოს ისინი კვლავ პატიმრობაში რჩებოდნენ.
სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები, დამოუკიდებელი მედიები და ოპოზიციური პარტიები გახდნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული დევნის სამიზნე. 2024 წლის კანონის საფუძველზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ხელისუფლებამ დამოუკიდებელი ჯგუფები ინტრუზიულ შემოწმებებსა და სისხლისსამართლებრივ გამოძიებებს დაუქვემდებარა.
იმ ჯგუფებს, რომლებიც იღებდნენ უცხოურ დაფინანსებას და ეწეოდნენ ბუნდოვნად განსაზღვრულ „პოლიტიკურ საქმიანობას“, დასჯით დაემუქრნენ. აგვისტოში ხელისუფლებამ გაყინა შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები იმ ბრალდებით, რომ ისინი ეწეოდნენ საბოტაჟს 2024 წელს მომიტინგეებისთვის სამედიცინო მასალების, დამცავი აღჭურვილობისა და იურიდიული დახმარების მიწოდებით.
რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერი არაერთხელ გამოიძახეს დაკითხვაზე. ოქტომბერში „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სარჩელი შეიტანა სამი ოპოზიციური პარტიის: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ლელო/ძლიერი საქართველოს“ აკრძალვის მოთხოვნით. პარტიამ მათ ბრალად დასდო კონსტიტუციური წესრიგის დამხობის მცდელობა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ძირის გამოთხრა. ქალი მომიტინგეები სულ უფრო ხშირად ხდებოდნენ გენდერული ნიშნით შეურაცხყოფის სამიზნე, რაც მოიცავდა სექსისტურ შეურაცხყოფას, სექსუალური ძალადობის მუქარას და დამამცირებელ ჩხრეკას. მსგავსი დარღვევები კვლავ ხდებოდა მიუხედავად ივნისში მთავრობის მიერ გაცემული პირობისა, რომ სრული ჩხრეკა შეწყდებოდა.
მაღალჩინოსნების მხრიდან მიზოგინიური და სექსისტური რიტორიკა კიდევ უფრო აძლიერებდა ქალი მომიტინგეების მიმართ ძალადობას. ოპოზიციის ლიდერი ელენე ხოშტარია 28 მარტს პარლამენტის წინ მშვიდობიანი პროტესტის გამო დააკავეს. მან განაცხადა, რომ დაკავებისას მას ძალის გამოყენებით გახადეს ტანსაცმელი და აიძულეს შიშველი ყოფილიყო, ასევე უარი უთხრეს მისი მდგომარეობისთვის საჭირო მედიკამენტებზე. აქტივისტ ქრისტინა ბოტკოველს აიძულეს გაშიშვლებულიყო 1 თებერვალს მის სახლში ჩატარებული თვითნებური რეიდის დროს, რის გამოც მას პანიკური შეტევა დაეწყო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
ადგილობრივმა აქტივისტებმა წამოჭრეს სერიოზული გარემოსდაცვითი პრობლემები ბალდის კანიონში დაგეგმილ ტურისტულ პროექტთან და თბილისში კრწანისი-შინდისის ურბანულ განვითარებასთან დაკავშირებით. ორივე პროექტს თან ახლდა გამჭვირვალობის ნაკლებობა და შეზღუდული საჯარო კონსულტაციები“.