კალაძე: უნდა მოხდეს [პაველ ჰერჩინსკის] დაბარება და დაისვას კონკრეტული კითხვები

პუბლიკა

„ქართული ოცნება“ კვლავ აკრიტიკებს ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის.

ჰერჩინსკიმ გუშინ, 22 აპრილს, ევროპის საგარეო საქმეთა სამსახურში საქართველოს შესახებ გამოფენის გახსნაზე სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ „ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება“.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ ამის გამო „ელჩის დაბარება უნდა მოხდეს“.

კალაძემ გაიმეორა „ოცნების“ პროპაგანდისტული ნარატივები იმის შესახებ, რომ „დასავლეთი საქართველოს ომში ჩართვას ცდილობს“ და რომ „საქართველოს პარტნიორები სჭირდება და არა ბატონები“.

„ძალიან შემაშფოთებელი განცხადება იყო – საუბარი იყო ომზე, სამოქალაქო დაპირისპირებაზე. ძალიან მძიმეა ამ ყველაფრის მოსმენა. თუ აქამდე შენიღბულად მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვაზე, აგერ პირდაპირ გამოვიდა და ისაუბრა სამოქალაქო დაპირისპირებაზე, დაემუქრა ქართველებს და სახელმწიფოს. ეს არის ძალიან მძიმე. პირველ რიგში, აუცილებლად უნდა მოხდეს მისი დაბარება და უნდა დაისვას კონკრეტული კითხვები, რაზეც პასუხები გვჭირდება“, – თქვა კახა კალაძემ.

ჰერჩინსკის განცხადების შეფასება ჟურნალისტებმა დღეს ირაკლი კობახიძესაც სთხოვეს:

„ამ განცხადების შეფასებაც კი რთული არის ჩემთვის, როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. შეუძლებელია ამის შეფასება. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმას, რომ ბატონი ელჩი არის, სამწუხაროდ, ტრაგიკულ მდგომარეობაში, როდესაც მას უწევს ასეთი მუქარებით გამოსვლა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ეს თავისთავად მეტყველებს მის მძიმე მდგომარეობაზე“, – განაცხადა პასუხად კობახიძემ.