„პროკურატურა ამ გეგმას ეძებს პოლიტიკოსის განცხადებებში, მაგრამ არ უძებნია მაგალითად, მის ტელეფონში, პირად თუ სამსახურებრივ კომპიუტერში, მის პირად თუ სამუშაო ოთახებში – რასაც ობიექტური გამოძიებისა და რეალური ეჭვის არსებობის შემთხვევაში, რომ რაღაც გეგმა არსებობს – აუცილებლად გააკეთებდა გამომძიებელი”, – ამის შესახებ ირაკლი ნადირაძის ადვოკატმა ირაკლი ნადირაძემ დასკვნით სიტყვაში თქვა.
მან ირაკლი ნადირაძის ბრალდების სამართლებრივ შეფასებამდე პოლიტიკურ კონტექსტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლის ნების უგულებელყოფასა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებულად გამოცხადებას მოჰყვა საქართველოს მოქალაქეების აქტიური და მწვავე პროტესტი, რომელიც დღემდე გრძელდება ყოველდღიურ რეჟიმში უკვე 500 დღეზე მეტი ხანია.
„ამ დღეების განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან, უშუალოდ მისი წარმომადგენლების (ე.წ. სამართალდამცველების მხრიდან) ან მათგან აშკარად წახალისებული არაფორმალური ჯგუფების (ტიტუშკების) მიერ ჩადენილი იქნა არაერთი ძალადობრივი თავდასხმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ, რომლის შედეგად ასეულობით მოქალაქე გახდა წამების მსხვერპლი, მათ შორის უკვე პოლიციის მხრიდან მათი დაკავების შემდეგ, რაც განსაკუთრებით საგანგაშოა.
აღნიშნული დანაშაულებიდან არცერთი დღემდე გამოძიებული არ არის. სახელმწიფომ დაიწყო ასევე ე.წ. საკანონმდებლო რეპრესიებიც, რომლის დროსაც უკიდურესად გამკაცრდა პასუხისმგებლობა მოქალაქეების მხრიდან თავისი აზრის თავისუფლად გამოხატვის შესაზღუდად (გაიზარდა ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობა, შემოღებული იქნა უალტერნატივოდ პატიმრობა შეკრების ჩატარების წესების დარღვევისთვის, დანაშაულად გამოცხადდა შეკრების ჩატარების წესების განმეორებით დარღვევა და ასე შემდეგ)”, – აღნიშნა მან.
აბესაძის შეფასებით, საკუთარი მიტაცებული ძალაუფლების ლეგიტიმაციის პრობლემა თავად ,,ქართულმა ოცნებამაც” აღიარა, როდესაც თანამდებობის პირების ხელისუფლებად არაღიარება სისხლის სამართლის დანაშაულად გამოაცხადა (სსკ-ის 3161 მუხლი) და ფაქტობრივად საზოგადოებას განუცხადა – „მაღიარეთ, თუ არა დაგიჭერთ”.
„ამ ვითარებაში, სახელმწიფო ხელისუფლების დემოკრატიული ლეგიტიმაცია, აშკარად გონივრული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. სწორედ ეს კონტექსტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლიტიკური აქტორების წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის გამოყენების შეფასებისას, რადგან ის წარმოშობს დასაბუთებულ რისკს, რომ სისხლის სამართლებრივი დევნის მექანიზმები გამოყენებულ იქნას ისე, რომ შეზღუდოს ან დაისაჯოს პოლიტიკური გამოხატვა. ეს კი სასამართლოს აკისრებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, არ დაუშვას სისხლის სამართლის ნორმების გაფართოებული, თვითნებური და პოლიტიკური ინტერპრეტაცია, რასაც ადგილი აქვს განსახილველ შემთხვევაში საგამოძიებო უწყებების მხრიდან”, – თქვა მან.
სამართლებრივი შეფასება
ირაკლი ნადირაძეს ბრალი სამი მუხლით აქვს წარდგენილი:
-
განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად – [სსკ-ის 19-222-ე მუხლი].
-
ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა – [სსკ-ის 225-ე მუხლი]
-
მოწოდება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ – [სსკ-ის 317-ე მუხლი].
ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა
აბესაძემ პროცესზე განაცხადა, რომ საქმის მასალები ვერ ადასტურებს ორგანიზებული ჯგუფის არსებობას იმ მნიშვნელობით, რასაც მოითხოვს როგორც სისხლის სამართლის კოდექსი, ასევე საერთაშორისო სამართალი (პალერმოს კონვენცია).
მისი თქმით, არ არსებობს არც სტრუქტურა, არც წინასწარი შეთანხმება, არც როლების განაწილება და არც კოორდინირებული მოქმედება, მითუმეტეს არ არსებობს ფინანსური ან სხვაგვარი მატერიალური სარგებლის მიღების განზრახვა.
„პროკურატურას არ წარმოუდგენია არცერთი მტკიცებულება, რომელიც დანაშაულის ორგანიზების რომელიმე კომპონენტს დაადასტურებდა. და პირიქით, მოწმეები (მათ შორის, სამართალდამცველები, იხ. ლაშა ჯუღელის სასამართლოსთვის 11 თებერვალს მიცემული ჩვენება, ნინო ჯიოშვილის სასამართლოსთვის 26 თებერვალს მიცემული ) თავიანთ ჩვენებებში პირდაპირ მიუთითებენ, რომ მათ არ დაუნახავთ ორგანიზების ნიშნები, ხოლო პროცესში მონაწილე პირები მოქმედებდნენ სპონტანურად, ერთმანეთთან შეუთანხმებლად და დამოუკიდებლად”, – თქვა მან.
ადვოკატის თქმით, ამ ნაწილში ბრალდება ძირითადად ეფუძნება ირაკლი ნადირაძის საჯარო განცხადებებს, რომლებიც, მისი თქმით, რეალურად ეხება მშვიდობიან პროტესტს და პოლიტიკური ცვლილების აუცილებლობას. აბესაძე კი ამბობს, რომ ირაკლი ნადირაძის საჯარო განცხადებები პირთა განუსაზღვრელი წრისადმი იყო გაკეთებული და არ აკმაყოფილებს დანაშაულის ორგანიზების შემადგენლობის ობიექტურ ნიშნებს.
„პირთა განუსაზღვრელი წრისადმი მიმართული საჯარო განცხადება თავისი ბუნებით ვერ აკმაყოფილებს დანაშაულის ორგანიზების კრიტერიუმებს, ვინაიდან იგი არ შეიცავს არც კონკრეტული პირების ჩართვას, არც ქმედებების კოორდინაციას და არც როლების განაწილებას. ასეთი განცხადება შეიძლება შეფასდეს მხოლოდ როგორც ზოგადი პოლიტიკური გამოხატვა ან, უკიდურეს შემთხვევაში, აბსტრაქტული მოწოდება (ამ შემთხვევაში 317-ე მუხლი, რომლითაც ისედაც აქვს ბრალი წაყენებული ირაკლი ნადირაძეს)”, – ამბობს აბესაძე.
მისი თქმით, ირაკლი ნადირაძის განცხადების – ,,გეგმა ხალხშია”, წარმოჩენა ისე, თითქოს მან თქვა, რომ არსებობს დანაშაულის ორგანიზების გეგმა და ის ხალხშია უკვე გავრცელებული, პროკურატურის სუბიექტური დამახინჯებული ინტერპრეტაცია.
„პროკურატურა ამ გეგმას ეძებს პოლიტიკოსის განცხადებებში, მაგრამ არ უძებნია მაგალითად, მის ტელეფონში, პირად თუ სამსახურებრივ კომპიუტერში, მის პირად თუ სამუშაო ოთახებში – რასაც ობიექტური გამოძიებისა და რეალური ეჭვის არსებობის შემთხვევაში, რომ რაღაც გეგმა არსებობს – აუცილებლად გააკეთებდა გამომძიებელი. ამ შემთხვევაში კი ნათელია, რომ გამოძიებამაც კარგად იცის, რომ ირაკლი ნადირაძის მხრიდან არანაირი გეგმა არ არსებობს და შესაბამისად, მის მოსაძებნად საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას აზრი არ აქვს”, – ამბობს აბესაძე.
განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა
აბესაძე დასკვნით სიტყვაში აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის ეს მუხლი განზრახი დანაშაულია ანუ წინასწარ უნდა ყოფილიყო მიზანი, რომ მომხდარიყო პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის მუშაობის პარალიზება. ამის საპირისპიროდ, მისი თქმით, ირაკლი ნადირაძის ქმედება აშკარად იყო სიმბოლური ხასიათის და პროტესტის გამოხატვის ფორმა.
„მან თავად განმარტა ჩვენების მიცემისას, რომ როდესაც დაინახა, რომ ღობე იყო გადაქცეული და აქციის რამდენიმე მონაწილე გადასული სასახლის ტერიტორიაზე, მან თავის მორალურ ვალდებულებად აღიქვა თავადაც სიმბოლურად შესულიყო ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა წარმოუდგენელია, გქონდეს განზრახვა ხელში ჩაიგდო პრეზიდენტის სასახლე და გდდ-ს თანამშრომლებთან დასაპირისპირებლად, (რომელთა დანაშაულებრივი სისასტიკე არაერთხელ გინახავს პირადად) სპეციალური აღჭურვილობის გარეშე, ხელცარიელი, უფრო მეტიც – ხელიხელგადახვეული მეორე ადამიანთან, მურთაზ ზოდელავასთან ერთად შეხვიდე (რაც რა თქმა უნდა გამორიცხავს ფიზიკური დაპირისპირების განზრახვის ქონას).
საბოლოო ჯამში, ირაკლი ნადირაძის ზემოაღწერილი ქმედება არ შეიცავს არც ობიექტზე კონტროლის დამყარების, არც მისი ფუნქციონირების შეფერხების და არც რეალური საფრთხის ელემენტებს. შესაბამისად, მისი კვალიფიკაცია როგორც სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება წარმოადგენს სისხლის სამართლის ნორმის გაფართოებულ და არაპროპორციულ ინტერპრეტაციას”, – თქვა აბესაძემ.
მოწოდება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ
აბესაძის თქმით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით პროკურატურა აკვალიფიცირებს ირაკლი ნადირაძის პოლიტიკურ განცხადებებს, რომლებიც შეიცავს გამოთქმას – ,,მშვიდობიანი დამხობა”.
მისი თქმით კი, აღნიშნული განცხადებები, რომლებიც გაკეთებულია თბილისის საკრებულოს მოქმედი წევრის, პოლიტიკოსის მიერ სრულად ექცევა გამოხატვის თავისუფლების სფეროში და მისი ობიექტური განმარტება არ აკმაყოფილებს იმ ზღვარს, რომელიც საჭიროა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად.
„სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლის სწორი განმარტება პირდაპირ მოითხოვს ძალადობის, როგორც მეთოდის, პროპაგანდას, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვიდოდა, რომ ხელისუფლების შეცვლის შესახებ ნებისმიერი პოლიტიკური განცხადება პროკურატურას შეიძლება შეეფასებინა, როგორც მოწოდება ხელისუფლების დამხობისკენ. ირაკლი ნადირაძის ყველა განცხადება კი ხაზგასმით ხელისუფლების შეცვლის მშვიდობიან გზას შეეხება, თუნდაც პოლიტიკოსი იყენებდეს ისეთ სიტყვას, როგორიც ,,დამხობაა”, – აცხადებს ის.
მან პროცესზე ასევე დასვა რიტორიკული შეკითხვა – თუ განცხადებები, რომლებსაც ირაკლი ნადირაძე 13 სექტემბრის შემდეგ აკეთებდა – შეიცავდა [დამხობისკენ მოწოდების] ნიშნებს, მაშინ რატომ არ მოხდა მისთვის ბრალის წაყენება 4 ოქტომბრამდე, მაშინ როდესაც მსგავსი განცხადებების გამო ბრალი ლევან ხაბეიშვილს სწორედ 13 სექტემბერს წარედგინა.
შეჯამების სახით, აბესაძემ აღნიშნა, რომ პროკურატურის ამოცანა წმინდად პოლიტიკურია – მოახდინოს ხელისუფლებისთვის მიუღებელი პოლიტიკური აზრის გამოხატვის კრიმინალიზაცია, რაც მიმართულია იმისკენ, რომ ,,მსუსხავი ეფექტის” გათვალისწინებით შეიზღუდოს პოლიტიკური ოპონირება.