„ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ პაატა ბურჭულაძემ მიიღო მონაწილეობა საერთოდ რამის დაორგანიზებაში, გარდა ეროვნული კრებისა”, – თქვა დასკვნით სიტყვაში პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ.
სამართლებრივ შეფასებაში მან პაატა ბურჭულაძის მიმართ ბრალად წარდგენილი სამი მუხლის მიხედვით ისაუბრა. ესენია:
-
განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად – [სსკ-ის 19-222-ე მუხლი].
-
ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა – [სსკ-ის 225-ე მუხლი]
-
მოწოდება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ – [სსკ-ის 317-ე მუხლი].
განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა
თუთბერიძემ აღნიშნა, რომ ობიექტის ხელში ჩაგდებულად ითვლება მაშინ, როცა დამნაშავეს მიეცემა შესაძლებლობა, თავისი შეხედულებისამებრ აამუშაოს ისინი (მაგალითად, გადასცეს ინფორმაცია ტელევიზიით ან რადიოთი) და არ დაემორჩილოს შესაბამისი დაწესებულების ან ობიექტის ხელმძღვანელობას.
„სწორედ აქ ისმის პირველი სამართლებრივად მნიშვნელოვანი კითხვა, რაზეც ჩვენ პასუხი უნდა გავცეთ – რა მიზანი შეიძლებოდა ჰქონოდა პაატა ბურჭულაძეს?…”, – აღნიშნა მან და განაგრძნო:
„70 წელს გადაცილებული ოპერის მომღერლის „შეჭრა“ ეზოში არაერთხელ იქნა აღწერილი არაერთი მოწმის მიერ ამ დარბაზში. ყველა მოწმემ, ვინც აღნიშნულ ფაქტს შეესწრო, თავად ბურჭულაძის ჩათვლით, ერთმნიშვნელოვნად მიუთითეს, რას შვებოდა ბურჭულაძე ეზოში
- ანგრევდა შენობის კედელს? არა.
- ცდილობდა ყოფილი ფეხბურთელი გამოეყვანა სასახლიდან? არა.
- ყვიროდა, რომ ცეცხლია წასაკიდებელი სამშობლოს ყველა მოღალატისთვის? არა.
- ცდილობდა კორდონი გაერღვია? არა.
იგი პოლიციელებს სთხოვდა, საკუთარი ხალხი არ გაეწირათ ისე, როგორც პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა კრიმინალებმა გაწირეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს. ცდილობდა სიტუაციის დეესკალაციასა და მოვლენების განვითარებისთვის არაძალადობრივი ხასიათის მიცემას”, – თქვა თუთბერიძემ.
მისივე თქმით, თქვენ ვერ ნახავთ საქმეში ვერც ერთ მტკიცებულებას, რომელიც დაადასტურებს, რომ პაატა ბურჭულაძეს რომელიმე შენობის ხელში ჩაგდება სურდა ან მიზნად რაიმე ობიექტის საკუთარ კონტროლქვეშ გადასვლას ისახავდა.
მოწოდება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ
თუთბერიძემ აღნიშნა, რომ ამ ბრალთან დაკავშირებით, ერთადერთი რელევანტური მტკიცებულება და ეპიზოდი, რაც პროკურატურას საჯილდაო ქვად გაუხდია, არის პაატა ბურჭულაძის მიერ სცენიდან წაკითხული ეროვნული კრების დეკლარაცია.
„ეს დეკლარაცია არც ბურჭულაძის ავტორობითაა გამოცემული და იგი არც ძალადობისკენ მოწოდებას არ შეიცავს. ამასთან, ნამდვილად სიმპტომატურია, რომ კონკრეტული, პოლიტიკური თანამდებობის არმქონე ფულიანი პირის მშვიდობიანი დამხობის მოწოდებას რომ სახელმწიფოს რეპრესიული აპარატი სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივ დამხობად თარგმნის – ნამდვილად სიმპტომატურია და ეს სიმპტომი სახელმწიფოს „ჯანმრთელობის მდგომარეობის“ თვალსაზრისით, კარგზე არაფერზე მიუთითებს”, – თქვა ადვოკატმა.
ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა
თუთბერიძე ამბობს, რომ ეს დანაშაული, ორგანიზების კუთხით, პირმა რომ ჩაიდინოს, მისი ქმედება უნდა გამოიხატოს „არეულობის ადგილის შერჩევაში, მასების მოწოდებაში, შეესიონ ამა თუ იმ ობიექტს და დაარბიონ, ცეცხლი წაუკიდონ მას, მასობრივი არეულობის დროისა და მისი ჩადენის ხერხის განსაზღვრაში, მასების თავმოყრაში ამ ადგილას“.
„ბატონო მოსამართლევ, ჩვენ არ მოგვისმენია არც ერთი ჩვენება, არ გვინახავს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ რომელიმე ამ ქმედების განხორციელებას დაადასტურებდა.
აქვე, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბრალდების მხარემ ისიც კი ვერ დაადასტურა, რომ რაიმე სახის ჯგუფი არსებობდა და აქ, პროცესების მიმდინარეობისას, კარგად გამოჩნდა, რომ ჩვენ, პირდაპირი მნიშვნელობით, შემთხვევით შერჩეულ ადამიანებს ვასამართლებთ იმ დანაშაულის სავარაუდო ჩადენისთვის, რომლის შესახებაც არც ერთმა მათგანმა არ იცის.
ბრალდების მხარემ ვერც იმის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოადგინა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა მიიღო მონაწილეობა საერთოდ რამის დაორგანიზებაში, გარდა ეროვნული კრებისა”, – განაცხადა თუთბერიძემ.