მაკა ბოჭორიშვილმა თქვა, რომ ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის „თბილისში შეხვდებიან, როცა ის ბრიუსელიდან დაბრუნდება“.
„დიპლომატიურ უწყებას აქვს რეაგირების დიპლომატიური გზები და, რა თქმა უნდა, ჩვენ მას გამოვიყენებთ. ჩვენ არ გვიჭირს პაველ ჰერჩინსკისთან კომუნიკაცია და გვექნება შესაძლებლობა თბილისში შევხვდეთ მას, როდესაც ის ბრიუსელიდან დაბრუნდება.
ჩვენ კიდევ ერთხელ გავაჟღერებთ იმ პოზიციას, რაც თბილისში გაჟღერდა პოლიტიკოსების მხრიდან, რაც ჩვენთვის შემაშფოთებელია. შემაშფოთებელია ევროკავშირის ბიუროკრატიის დღევანდელი დამოკიდებულება საქართველოსთან და შემაშფოთებელია მუდმივად უგულებელყოფა ქართველი ხალხის ინტერესების და არჩევანის“, – თქვა მაკა ბოჭორიშვილმა.
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში გამართულ ფოტოგამოფენაზე „საქართველო ფოკუსში“ სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ „ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება“.
„ოცნების“ წევრებმა პასუხად გაიმეორეს პროპაგანდისტული ნარატივები იმის შესახებ, რომ „დასავლეთი საქართველოს ომში ჩართვას ცდილობს“. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით“.