„ირაკლი შაიშმელაშვილის ვიდეომიმართვები წარმოადგენს არა ძალადობისკენ მოწოდებას, არამედ პოზიციის დაფიქსირებას იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც უკავშირდება სახელმწიფოს მართვას, სამართალდამცავი სისტემის მოქმედებას და მოქალაქეთა უფლებებს”, – ამის შესახებ ირაკლი შაიშმელაშვილის ადვოკატმა ნათია მეზვრიშვილმა დასკვნითი სიტყვის დროს განაცხადა.
ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული – მოწოდება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ.
ადვოკატის თქმით, მას ბრალი წარედგინა 2025 წლის 17 ოქტომბერს — იმ დროს, როდესაც იგი უკვე თითქმის ერთი წელი არ იმყოფებოდა საქართველოში.
„ამაზე ყურადღებას შეგნებულად ვამახვილებ, რადგან მნიშვნელოვანია: ბატონი ირაკლი არ გაქცეულა ბრალის წარდგენის შემდეგ და არ დამალვია გამოძიებას”, – თქვა მან.
ვიდეომტკიცებულებები ირაკლი შაიშმელაშვილის წინააღმდეგ:
ადვოკატი ამბობს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ძირითადი მტკიცებულებები არის სამი ვიდეომასალა, რომლებიც, მათი შინაარსის ანალიზით, არის არასრული და კონტექსტიდან ამოგლეჯილი -„თუმცა ასეთი სახით მოტანილი მტკიცებულებებშიც კი არ იკვეთება არც ძალადობისკენ და არც რაიმე უკანონო ქმედებისკენ პირდაპირი ან ირიბი მოწოდება”.
„ვიდეოებში არ იკვეთება არც ძალადობისკენ მოწოდება, არც სახელმწიფო წყობილების ძალადობრივი შეცვლისკენ მიმართული განცხადება და არც რაიმე ქმედებისკენ წახალისება, რომელიც შეიძლებოდა დაექვემდებარებინა სისხლისსამართლებრივ შეფასებას. შესაბამისად, წარმოდგენილი მასალები ვერ ქმნის იმ ხარისხის მტკიცებულებს ს, რომელიც გამორიცხავდა გონივრულ ეჭვს და დაასაბუთებდა პირის ბრალეულობას.
პირიქით — ისინი ადასტურებს მხოლოდ ერთს: ბრალდების მხარე ცდილობს იმ შინაარსის კრიმინალიზაციას, რომელიც თავისი ბუნებით წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს.
ირაკლი შაიშმელაშვილის საჯარო მიმართვები სრულად თავსდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, რომელიც გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით”, – თქვა მეზვრიშვილმა.
ადვოკატი ამბობს, რომ ირაკლი შაიშმელაშვილი თავის ვიდეომიმართვებში პირდაპირ მიმართავს მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს და აფრთხილებს მათ შესაძლო პროვოკაციების შესახებ.
„იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აქციაზე შეიძლება იყვნენ პროვოკატორები და მოუწოდებს მოქალაქეებს, არ წამოეგონ ასეთ ქმედებებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ მიმართონ ძალადობას”, – ამბობს ის.
მოწმეთა ჩვენებები
ადვოკატმა მიმოიხილა სხდომაზე დაკითხული მოწმეების – საქმის მთავარი გამომძიებლის კონსტანტინე კერესელიძისა და პატაკის ავტორის, ილია ბერიაშვილის ჩვენებები.
ადვოკატი აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევის და მოწმეთა დაკითხვის დროს ჰკითხეს, როგორც პროკურორებს, ასევე მათ მიერ მოწმედ წარმოდგენილ პირებს, დაესახელებინათ თუნდაც ერთი კონკრეტული წინადადება ბატონი ირაკლი შაიშმელაშვილის ვიდეომიმართვებიდან, რომელიც შეიცავდა დანაშაულის შემადგენელ ნიშნებს – „თუმცა ვერც პროკურატურამ და ვერც მათმა მოწმეებმა ვერ შეძლეს ასეთი შინაარსის ფრაზის მითითება”.
„ასევე, ბატონ კონსტანტინე კერესელიძეს დაკითხვის დროს მოვუყვანეთ ბატონი ირაკლი შაიშმელაშვილის ვიდეომიმართვიდან ციტატა: „გაიხადეთ ფორმა, დადექით ხალხის მხარეს, ემსახურეთ ქვეყანას და არა ხალხზე“ და ვკითხეთ, შეიცავდა თუ არა აღნიშნული სიტყვები დანაშაულის ნიშნებს.
მიუხედავად ბრალდების მხარის მცდელობისა, მიეღო საპირისპირო პასუხი, მოწმემ ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ აღნიშნული ფრაზა არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და მსგავსი შინაარსის განცხადებაზე გამოძიების დაწყების საფუძველიც კი არ ექნებოდა.
ბატონო მოსამართლევ, როდესაც თავად გამომძიებელი გამორიცხავს დანაშაულის ნიშნების არსებობას, ხოლო მიუხედავად ამისა, კონკრეტულ შემთხვევაში მაინც იწყება და გრძელდება სისხლისსამართლებრივი დევნა, ეს უკვე სცდება ჩვეულებრივი სამართლებრივი შეფასების ფარგლებს.
აღსანიშნავია ასევე, რომ მოწმეთა დაკითხვისას პატაკის ავტორმა, გამომძიებელმა ილია ბერიაშვილმა განმარტა, რომ ბატონი ირაკლი შაიშმელაშვილის ვიდეომასალა მას მიაწოდა კონფიდენტმა, თუმცა ეს ვიდეოები ისედაც საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო და მათი მოპოვება არ საჭიროებდა რაიმე დამატებით საგამოძიებო მოქმედებებს.
შემდეგი მტკიცებულება, რომელიც პროკურატურამ წარმოადგინა, იყო მოქალაქე ნანა სანდერის პოსტი, სადაც იგი ამტკიცებს, რომ ირაკლი შაიშმელაშვილი საქმის ორგანიზატორია. თუმცა პროკურატურას ამ განცხადებაზე სათანადო რეაგირება არ მოუხდენია — ნანა სანდერი ამ საკითხზე არ დაუკითხავთ და მისი ინფორმაციის სისწორე არ გადაუმოწმებიათ. გაურკვეველია, ეფუძნება თუ არა მისი განცხადება რეალურ გარემოებებს და საერთოდ იცნობდა თუ არა იგი ირაკლი შაიშმელაშვილს”, – თქვა ადვოკატმა.
„სამართალდამცველთა დემორალიზება”
დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ პროკურატურამ ვერ დაასაბუთა „მოწოდების“ ნაწილი და საბოლოოდ დასკვნით სიტყვაში ყურადღება გადაიტანა ე.წ. „დემორალიზაციის“ თეზაზე, თითქოს „ირაკლი შაიშმელაშვილი თავისი ვიდეომიმართვებით ახდენდა სამართალდამცავების დემორალიზებას”.
„სასამართლოში გამოკვლეული ვიდეომიმართვის მიხედვით, ირაკლი შაიშმელაშვილი პოლიციელებს მიმართავს სიტყვებით: „გაიხადეთ ფორმა, დადექით ხალხის მხარეს, არ გამოიყენოთ ძალა, ემსახურეთ ხალხს და ქვეყანას“.
ამავე კონტექსტში იგი ხაზს უსვამს, რომ პოლიციელები ფიცით არიან ვალდებული ემსახურონ ხალხს და ქვეყანას, რაც გულისხმობს საზოგადოების ინტერესების დაცვას და არა ძალის ბოროტად გამოყენებას…
დემორალიზაციის ცნება თავისი ბუნებით უკავშირდება საბრძოლო კონტექსტს და გულისხმობს ბრძოლისუნარიანობის შესუსტებას. მისი გადატანა მშვიდობიან, სამოქალაქო პროცესებში, სადაც ადგილი აქვს საჯარო დისკუსიასა და კრიტიკულ შეფასებებს, სამართლებრივად გაუმართავია.
საქმეში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ირაკლი შაიშმელაშვილი სამართალდამცავებს მოუწოდებდა საბრძოლო სულისკვეთების დაკარგვისკენ ან რაიმე იმგვარი ქმედებისკენ, რაც შეიძლება შეფასდეს დემორალიზაციად”, – თქვა ადვოკატმა.
ადვოკამტა აღნიშნა, რომ საქმეში არ დგინდება: არც ძალადობისკენ მოწოდება; არც რაიმე უკანონო ქმედებისკენ წახალისება; არც კონკრეტული ქმედება, რომელიც შეიძლება შეფასდეს დანაშაულად; არც შედეგი და არც მიზეზ-შედეგობრივი კავშირი.