„სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ნათელია, რომ ლაშა ბერიძე, პრეზიდენტის სასახლის ეზოში, ადმინისტრაციული შენობის ხელში ჩასაგდებად კი არ შევიდა, არამედ პაატა ბურჭულაძეს დაეხმარა ადმინისტრაციის ეზოს დატოვებაში, რომელსაც იმ მომენტში წიწაკის სპრეისა და მხუთავი აირის გამო, შეზღუდული გქონდა მხედველობა”, – განაცხადა დასკვნით სიტყვაში ლაშა ბერიძის ადვოკატმა, რამაზ ჩინჩალაძემ.
დღეს, 30 აპრილს სასამართლომ 4 ოქტომბრის ორგანიზატორად მიჩნეული პირების საქმეზე დასკვნითი სიტყვები მოისმინა.
ლაშა ბერიძეს ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი:
-
განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად;
-
ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა.
ადვოკატმა აღნიშნა, რომ ბერიძე საკუთარი ინიციატივით გამოვიდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოდან და არა ვინმეს მოწოდების ან ძალისხმევის შედეგად.
„მას არც სდსს-ის წარმომადგენლებისთვის, არც გდდ-ის თანამშრომლებისთვის, არც შსს-ს წარმომადგენლებისთვის არ შეუქმნია წინაღობა ან/და რაიმე სახის დაბრკოლება, რაც გაართულებდა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მოქმედებას მართლწესრიგის აღდგენის კუთხის და ამით გაამარტივებდა აქციის მონაწილეთა მოქმედებას სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების ან ბლოკირების მიზნით”, – აღნიშნა ადვოკატმა.
ჯგუფური ძალადობის ორგანიზება
ამ მუხლთან მიმართებით ადვოკატი განმარტავს, რომ 225-ე მუხლის კომენტარების მიხედვით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება გამოიხატება არეულობის ადგილის შერჩევაში, მასობრივი არეულობის დროის და მისი ჩადენის ხერხის განსაზღვრაში, პირთა ჯგუფის თავმოყრაში იმ ადგილას და სხვა. შემდეგ კი ამატებს:
- ლაშა ბერიძემ არეულობის ადგილი შეარჩია? – არა.
- მასობრივი არეულობის დრო და ჩადენის ხერხი განსაზღვრა? – არა.
- პირთა ჯგუფს თავი მოუყარა კონკრეტულ ადგილას? – არა.
მისივე თქმით, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა შეიძლება გამოიხატოს არეულობის დროს ჯგუფისთვის მითითების მიცემაში, თუ კონკრეტულად რა ქმედება ჩაიდინონ მათ, ასევე ხელმძღვანელობა გამოიხატება მოწოდებაში, რომ არ შეწყვიტონ ძალადობა და ა.შ. ამ დებულებიდან გამომდინარე კი ადვოკატი სვამს შეკითხვებს:
- ლაშა ბერიძემ აქციაში მონაწილეთა ჯგუფს ან თუნდაც ერთ ადამიანს მისცა რაიმე სახის მითითება? – არა.
- კონკრეტულად ვინმეს უთხრა ვის გაეწია წინააღმდეგობა პოლიციისათვის? – არა.
- ვის შეეგროვებინა კერძო პირთა და მუნიციპალური ქონება? – არა
- ვის წაეკიდებინა ცეცხლი სხვადასხვა ნივთისთვის? – არა
- ვის გაეკეთებინა ბარიკადები? – არა.
- ვის გადაენგრია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ღობე? – არა.
- ვინმეს მოუწოდა, რომ არ შეეწყვიტათ ძალადობა ? – არა.
ე.წ. საორგანიზაციო კომიტეტის ვიდეო
ადვოკატის თქმით, ლაშა ბერიძემ კიდეც რომ თქვას – „დიახ, მე ვარ ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორი და ხელმძღვანელი” ან რომ თქვას, „მე შევეცადე ხელში ჩამეგდო სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი და განმეხორციელებინა მისი ბლოკირება” – გამოკვლეული მტკიცებულებები მაინც არ იძლევა საფუძველს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
მისივე განმარტებით, სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ბრალდებულის აღიარება, თუ ის არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით, საკმარისი არ არის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
„შესაბამისად მხოლოდ იმიტომ, რომ პაატა ბურჭულაძემ თქვა – „ჩვენ ვართ ორგანიზატორები“ – ამას კიდეც რომ დაეთანხმოს ლაშა ბერიძე, სისხლისსამართლებრივი სტანდარტი ობიექტური სასამართლოსათვის, მაინც არ იძლევა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს.
განცხადებაზე, რომ ,,ჩვენ ვართ ორგანიზატორები“ დუმილი ავტომატურად არ ნიშნავს თანხმობას. ზოგადად, დანაშაულის ჩადენისას პირის დუმილი არ ითვლება თანხმობად ან დანაშაულში მონაწილეობად. საჭიროა აქტიური ქმედება, და განზრახვა. დუმილი შეიძლება პროკურორისთვის საეჭვოდ ჩანდეს, მაგრამ მხოლოდ დუმილის საფუძველზე პასუხისმგებლობა არ დგება”, – თქვა ადვოკატმა.
მისივე თქმით, თუ არსებობს ეჭვი, იმის გამო, რომ პაატა ბურჭულაძის თქვა – ,,ჩვენ ვართ ორგანიზატორები“ – აღნიშნული ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.