მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორად გიორგი შონია დაინიშნა

პუბლიკა

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორად გიორგი შონია დაინიშნა. ბრძანება ირაკლი კობახიძემ 29 აპრილს გამოსცა.

გიორგი შონია უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან, 1 მაისიდან, შეუდგა. მან თანამდებობაზე ბექარ ურუშაძე ჩაანაცვლა.

გიორგი შონია 2025 წლის აგვისტოდან „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორის თანამდებობას იკავებდა. წყალმომარაგების კომპანიის დირექტორად დანიშვნამდე, იგი ამავე კომპანიაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და დირექტორის მოადგილე იყო. 2025 წლის ივნისის ბოლომდე ეკავა ინფრასტრუქტურის სამინისტროში ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინაციისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის პოზიცია, ასევე იყო მინისტრის მრჩეველი. 2018-2025 წლებში იგი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სამდივნოს უფროსის პოზიციას იკავებდა, ხოლო 2014-2018 წლებში საკრებულოში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.