როგორ დაკარგა საქართველომ დემოკრატიული ლიდერობა სამხრეთ კავკასიაში

ქეთი გოგუაძე

საქართველომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში დათმო დემოკრატიული ლიდერობა, რომელსაც ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდა. Freedom House-ის ბოლო, 2026 წლის ანგარიშში ქვეყნის მაჩვენებელი რეიტინგში „თავისუფლება მსოფლიოში“ [Freedom in the world] მკვეთრად, 4 ქულით გაუარესდა და მიუხედავად იმისა, რომ ერევნის პოზიცია ბოლო სამი წლის განმავლობაში არ გაუმჯობესებულა, რეგიონში სომხეთი დაწინაურდა. 

საქართველო რეიტინგში 2004 წლიდან ეტაპობრივად მიიწევდა წინ და სომხეთს წლების განმავლობაში სტაბილურად უსწრებდა, ხოლო აზერბაიჯანი, სისტემური პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვების ფონზე, დღემდე არათავისუფალ ქვეყნადაა მიჩნეული და არამხოლოდ რეგიონში, მსოფლიოშიც კი ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (წელს 6 ქულა) აქვს. 

დემოკრატიის უკუსვლის, ევროკავშირთან ურთიერთობების დაპაუზებისა და აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების ფონზე, ექსპერტების შეფასებით, თბილისს დასავლეთთან ურთიერთობაში თანდათან მეზობელი სომხეთი ანაცვლებს, რომელიც, თავის მხრივ, სულ უფრო და უფრო შორდება რუსეთს.

რამ გამოიწვია საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა 

ვაშინგტონში ბაზირებული Freedom House ყოველწლიურ ანგარიშში „თავისუფლება მსოფლიოში“ (Freedom in the World) 208 ქვეყანასა და ტერიტორიას აფასებს ორი კრიტერიუმით – პოლიტიკურ უფლებებსა და სამოქალაქო თავისუფლებებზე მოქალაქეების ხელმისაწვდომობით. 

ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები შესაფასებლად სიახლეებს, ანგარიშებსა და საველე მოკვლევებს იყენებენ, რათა განსაზღვრონ ქულები და 25 სპეციფიკური ინდიკატორის მიხედვით 4-ქულიან სკალაზე გაანაწილონ. ორგანიზაცია ამზადებს შინაარსობრივ ანგარიშსაც, რომელშიც შესაფასებელ პერიოდში კონკრეტულ ქვეყნებში განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენებია თავმოყრილი.

Freedom in the World-ის რეიტინგში ოთხქულიან ვარდნას მხოლოდ სტატისტიკური მნიშვნელობა არ აქვს. როგორც სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე, იურისტი გიორგი ბურჯანაძე „პუბლიკასთან“ განმარტავს, Freedom House-ის ანგარიში ყველაზე მნიშვნელოვანი შეფასების ფორმაა, რომელსაც პოლიტიკურ და ეკონომიკურ წრეებში დიდ ყურადღებას აქცევენ.

„მას იყენებენ აკადემიურ წყაროებში, მას იყენებენ ხელისუფლებები, მას აქცევენ ყურადღებას ინვესტორები, მას აქცევენ ყურადღებას საერთაშორისო კორპორაციები, როცა ქვეყნებში შედიან. მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე მაღალავტორიტეტულ შეფასებად. „ქართული ოცნებაც“ კი თავის დროზე, როცა არ იყო ავტორიტარული, და როცა ჰქონდა პრეტენზია, რომ დემოკრატიულ მმართველობას ახორციელებდა, ძალიან ხშირად ამაყობდა თითო ქულითაც კი“, – ამბობს ბურჯანაძე.

2025 წლის იმ ძირითად მოვლენებს შორის, რომელთა გამოც საქართველო რეიტინგში  4 ქულით დაქვეითდა, ორგანიზაცია ასახელებს ოპოზიციის წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეებს; ოპოზიციური პარტიების ასაკრძალად „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ საკონსტიტუციო სარჩელს; ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, რომელსაც ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ ბოიკოტი გამოუცხადა; ანტისამთავრობო პროტესტის მონაწილეებზე თავდასხმებს, მათ წინააღმდეგ დაწყებულ სამართლებრივ პროცესებს და პატიმრის მიმართ ძალადობისა და დარღვევების ფაქტებს; სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობისთვის საფრთხისშემცველი კანონმდებლობის მიღებას.

2024 წლიდან მიღებულმა კანონებმა, უფლებადამცველების შეფასებით, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის მუშაობა მნიშვნელოვნად გაართულა. 

საუბარია „გამჭვირვალობისა“ და „უცხოური გავლენისგან ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის” არგუმენტით მიღებულ კანონებზე, რომელთა მიხედვითაც უცხოეთიდან დაფინანსების მიმღები არასამთავრობო ორგანიზაციები ღირსების შემლახავ რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გათვალისწინებულია მძიმე ფინანსურ ჯარიმები და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც კი. ორგანიზაციების დიდმა ნაწილმა „ქართული ოცნების“ ეს ნაბიჯები მათი საქმიანობის შეზღუდვად შეაფასა და „უცხოური აგენტის“ იარლიყის ქვეშ რეგისტრაციაზე უარი განაცხადა. 

ამერიკული FARA-ს ქართული ანალოგისა და ე.წ. რუსული კანონის შემდეგ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გრანტების კანონშიც ცვლილებები შეიტანა, რომლითაც დონორ ორგანიზაციებს მთავრობის ნებართვის გარეშე გრანტების გაცემა აუკრძალა. 

მალევე ე.წ. FARA-სა და „გრანტების კანონის“ საფუძველზე ანტიკორუფციულმა ბიურომ რამდენიმე არასამთავრობო და მინიმუმ ოთხ მედიაორგანიზაციას წერილები გაუგზავნა კანონის მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო შესაძლო პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, რაც ამ ორგანიზაციებმა მუქარად შეაფასეს. 

2024 წლის საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში კი პროკურატურამ შვიდი არასამთავრობოს ანგარიშები დააყადაღა და მათი ხელმძღვანელები გამოკითხვაზე დაიბარა. უწყება აცხადებდა, რომ მათი დაფინანსება გამოყენებული იყო აქციებისთვის აღჭურვილობის შესაძენად (ე.წ. პირბადეების საქმე). პროკურატურა დაკავებულებისა და დაჯარიმებულების იურიდიულ დახმარებასაც დანაშაულად განიხილავდა.

საბოლოოდ, ქვეყანაში შექმნილი რეპრესიული გარემო არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების მუშაობაზეც აისახა და ზოგმა ორგანიზაციამ მუშაობა შეწყვიტა, ნაწილმა კი საქმიანობა შეზღუდული რესურსებით გააგრძელა. მათ შორის, 31-წლიანი მუშაობის ისტორიის მქონე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განაცხადა, რომ გადადის „კრიზისულ რეჟიმზე“ და საქმიანობას მხოლოდ სტრატეგიული სამართალწარმოების მიმართულებით გააგრძელებს.

Freedom House ყურადღებას ასევე ამახვილებს ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და პარტიების დევნაზე. მხოლოდ 2025 წელს „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე არმისვლის გამო რვა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა 7-8-თვიანი პატიმრობა მოიხადა. მმართველმა პარტიამ მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხი ოპოზიციური პარტიის, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“ „ახალის“ და „ფედერალისტების“ აკრძალვის მოთხოვნით.

გარდა ამისა, რვა პოლიტიკოსს, მათ შორის ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს წარედგინა ბრალდებები ე.წ. „საბოტაჟის საქმეზე“. აგამოძიებო უწყება ამტკიცებს, რომ პოლიტიკოსები ხელისუფლების დამხობის მიზნით სხვადასხვა აქტივობას ეწეოდნენ, მათ შორის, მუშაობდნენ საერთაშორისო პარტნიორებთან სანქციების დასაწესებლად, ორგანიზებას უწევდნენ ანტისამთავრობო აქციებს.  

გარდა ამისა, პარტიებს აეკრძალათ უცხოური და ბიზნესდონორებისგან დაფინანსების მიღება, ბიზნესსუბიექტებს კი შეეზღუდათ საჯარო პოლიტიკური აქტივობა. ასევე სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდა „კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციის არაღიარება“.

Freedom House-ის ყურადღების ცენტრში მოექცა საპროტესტო აქციებზე ძალის არაპროპორციული გამოყენება და დემონსტრანტების მასობრივი დაკავებები.

2024 წლის „რუსული კანონის“ წინააღმდეგ დაწყებული პროტესტი გაამწვავა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ირაკლი კობახიძის განცხადებამ 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან მოხსნის თაობაზე.

აქციების დაშლისას პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებამ, ჟურნალისტებზე და ასობით მოქალაქეზე ძალადობამ და არასათანადო მოპყრობის ბრალდებებმა (მათ შორის სახალხო დამცველის ანგარიშში აღწერილმა შემთხვევებმა)  დასავლეთის მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა. 

აქციების დაშლისას სამართალდამცველებმა და ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა სასტიკად სცემეს და დააკავეს ასობით მოქალაქე, მათ შორის, ჟურნალისტები. მომხდარზე სამართლებრივი პასუხისმგებლობის წინაშე არავინ დამდგარა.

ამ პროცესების პარალელურად გამკაცრდა შეკრება-მანიფესტაციების კანონმდებლობა, რაც, კრიტიკოსების შეფასებით, პროტესტის თავისუფლებას მნიშვნელოვნად ზღუდავს. გამოხატვის ისეთ ფორმებზე, როგორებიცაა – საავტომობილო გზის გადაკეტვა და სახის დაფარვა, ჯერ სოლიდური ჯარიმები დაწესდა, შემდეგ კი – უალტერნატივო ადმინისტრაციული პატიმრობა. მოგვიანებით სამართალდარღვევად იქცა ტროტუარზე გამოხატული პროტესტიც. აქციის მონაწილეებს დაეკისრათ შსს-ს წინასწარ გაფრთხილების ვალდებულებაც. რიგი დარღვევების განმეორებით ჩადენისთვის კი განისაზღვრა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. 

აღნიშნული მუხლებით ასობით მოქალაქეა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული. საქმის წარმოება დაიწყო ჟურნალისტების მიმართაც, რომლებიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. ჯარიმების გადაუხდელობის გამო ყადაღდება აქტივისტების საბანკო ანგარიშებიც. ადმინისტრაციული წესით დაკავებულები საუბრობენ იზოლატორებში დამამცირებელ მოპყრობაზე, კერძოდ, ჩხრეკისას გაშიშვლების იძულებაზე. 

Freedom House-ის ანგარიშში ასევე მითითებულია, რომ საქართველოში მედიაგარემო პლურალისტურია, მაგრამ პარტიზანული. ჟურნალისტები რეგულარულად აწყდებიან ძალადობას სამუშაოს შესრულების დროს, ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად აგრესიული არიან კრიტიკული მედიის მიმართ და მათზე ზეწოლას ახდენენ.

სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშიდანაც ჩანს, რომ 2024 წლიდან მოყოლებული, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლაზე მიმდინარე 22 საქმიდან პასუხისმგებლობა ამ დრომდე მხოლოდ ერთ საქმეზეა დაკისრებული. Freedom House მედიის მდგომარეობის კონტექსტში განიხილავს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაკავებასაც, რომელსაც პოლიციელისთვის გაწნული სილისთვის 2 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.

სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე „პუბლიკას“ ეუბნება, რომ ქვეყანაში განვითარებულმა ამ და სხვა პროცესებმა თავისუფლების ინდექსის ბუნებრივი შემცირება გამოიწვია. მისი თქმით, მიზეზი, რის გამოც საქართველო ჯერ კიდევ დემოკრატიული ქვეყნის სტატუსს ინარჩუნებს, ქვეყანაში სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის „ნარჩენების“ არსებობაა.

„ნებისმიერ უფლებას რომ გავყვეთ, წამების აკრძალვით დაწყებული, გაგრძელებული თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებითა და სამართლიანი სასამართლოს უფლებით, საქართველოს ყველა მიმართულებით აქვს არათუ გაუარესება, არამედ დრამატული ვარდნა. შესაბამისად, ეს განსაკუთრებული გაუარესება საბოლოო ჯამში ქვეყნის შეფასებაზეც აისახება“, – ამბობს იურისტი.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკა და საქართველოს ურთიერთობა დასავლეთთან

საქართველოს მხრიდან ევროკავშირის მიმართ რიტორიკის ცვლილება ჯერ კიდევ კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში ევროკომისიის მიერ ქვეყნისთვის წაყენებულ პირობებს მოჰყვა, თუმცა 2024 წლიდან – „რუსული კანონის“ მიღების, საპარლამენტო არჩევნების შედეგებისა და ევროკავშირის მოლაპარაკებების დაპაუზების შემდეგ უკვე ურთიერთობების გაუარესებაში გადაიზარდა. 

2024 წლის ოქტომბერში ევროპულმა საბჭომ ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს გაწევრების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია. ამას მოჰყვა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის გაყინვა და დიპლომატიური პასპორტის მფლობელთათვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეზღუდვა. ბრიუსელმა გაყინა „ევროპის სამშვიდობო ფონდიდან“  (EPF) თავდაცვის სფეროსთვის განკუთვნილი დახმარება და 120 მილიონ ევროზე მეტი საბიუჯეტო მხარდაჭერა სახელმწიფო უწყებებიდან სამოქალაქო სექტორისკენ გადაამისამართა. სამთავრობო პროგრამების დაფინანსების შეწყვეტის გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ინდივიდუალურადაც მიიღეს.

გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა შინაგან საქმეთა მინისტრს, გენერალურ პროკურორსა და ძალოვანი სტრუქტურების სხვა მაღალჩინოსნებს, ხოლო ბალტიისპირეთის ქვეყნებმა პერსონალური შეზღუდვები აამოქმედეს მმართველი გუნდისა და სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენლების წინააღმდეგ. 

„როცა ვსაუბრობთ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე, ეს ურთიერთობები ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ჩვენ ფინანსური დახმარება შევუჩერეთ მთავრობას, დიპლომატიური პასპორტების მქონე პირები შევზღუდეთ. ჩვენი დახმარება მივმართეთ მთავრობიდან სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მიმართულებით, რომლებიც რთულ მდგომარეობაშია“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ 2025 წლის 28 თებერვალს.

ურთიერთობების გადახედვა დაიწყო ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც. 2024 წლის 30 ნოემბერს ქვეყანამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა.

შტატებმა საქართველოს მთავრობას 95 მლნ. დოლარის პროგრამები შეუწყვიტა, გაურკვეველი ვადით გადადო სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი“. დაასანქცირა მმართველი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი,  საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე პასუხისმგებელ  პირებსა და მათ ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა.

„ქართული ოცნება“ იმედს ტრამპის ადმინისტრაციაზე ამყარებდა, თუმცა ორი ქვეყნის ურთიერთობა ახალ ეტაპზე ისევ არ გადასულა. 30 მარტს ირაკლი კობახიძე სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს ესაუბრა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, საუბრისას განიხილეს ორმხრივი ინტერესის სფეროები, მათ შორის, კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება. ირაკლი კობახიძემ საუბრის შინაარსი საიდუმლოდ დატოვა და აღნიშნა:

 „ჩვენთვის ურთიერთობების გადატვირთვის ერთადერთი საზომი არის სტრატეგიული პარტნიორობის განახლება. ამას ყველგან ვაფიქსირებთ, როდესაც ვესაუბრებით ამერიკელ პარტნიორებს“.

კულმინაცია იყო ეუთოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ ე.წ. მოსკოვის მექანიზმის ამოქმედება, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაციის 24-მა წევრმა ქვეყანამ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის შესასწავლად ექსპერტებით დაკომპლექტებული ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი მისია შექმნა.

„მოსკოვის მექანიზმის“ თითქმის 200-გვერდიანი ანგარიში დეტალურად აღწერს 2024 წლის დასაწყისიდან დღემდე არსებულ ვითარებას პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების კუთხით და რეკომენდაციებს გასცემს არა მხოლოდ კანონების გაუქმებაზე, არამედ ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დასაცავად გადასადგმელ ნაბიჯებზეც. 

„მოსკოვის მექანიზმის” ანგარიშს „ქართული ოცნების” ხელისუფლების კრიტიკა მოჰყვა – დოკუმენტი შედგენილია მანკიერი ვიწრო პოლიტიკური ინტერესის კარნახით“, – განაცხადა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ანგარიშის საპასუხოდ.

ვინ ხდება რეგიონის დემოკრატიული ლიდერი?

Freedom House-ის წინა ანგარიშების მიხედვით, აზერბაიჯანის ავტორიტარულ რეჟიმში, სადაც ძალაუფლება ალიევების ოჯახის ხელშია კონცენტრირებული, მძლავრობს კორუფცია და ხანგრძლივმა დევნამ ფორმალური ოპოზიციაც დაასუსტა.

მმართველ პარტიას სრული კონტროლი აქვს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო შტოებზე. დამოუკიდებელი მედია მკაცრ ცენზურას ექვემდებარება, რაც ქვეყანას პრესის თავისუფლების მხრივ ერთ-ერთ ყველაზე დაბალრეიტინგულ ქვეყნად აქცევს. ჟურნალისტებს გამოგონილი ბრალდებებით აკავებენ. სახელმწიფო ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებას. 

რაც შეეხება სომხეთს, Freedom House-ის შეფასებით, 2018 წლის შემდეგ ქვეყანა აგრძელებს ბრძოლას სისტემურ კორუფციასთან და მუშაობს საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებაზე, თუმცა წინსვლა შენელებულია.

2025 წელს სომხეთში განვითარებული მოვლენები შეფასებული აქვს კიდევ ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, Human Rights Watch-ს. 

HRW-ის მიხედვით, სომხეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობა არაერთგვაროვანია: ქვეყანა ერთი მხრივ ისწრაფვის ევროინტეგრაციისა და ანტიკორუფციული რეფორმებისკენ, თუმცა, მეორე მხრივ, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს სახელმწიფო თვალთვალის გაძლიერება, პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევების არაეფექტური გამოძიება, სასამართლო დამოუკიდებლობის ნაკლებობა. 

შეფასების მიხედვით, დემოკრატიულ პროცესს აფერხებს მედიაზე გაზრდილი სამართლებრივი წნეხი და დამოუკიდებელი გამოცემების ფინანსური კრიზისი. 

HRW მიუთითებს, რომ ქვეყანაში კვლავ მოუგვარებელია სისტემური დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით, ხოლო ოჯახური ძალადობის შემთხვევების სიმრავლე და მათი არაეფექტური სამართლებრივი რეაგირება მიუთითებს იმაზე, რომ სომხეთი, მიუხედავად დეკლარირებული დასავლური კურსისა, კვლავ მნიშვნელოვანი შიდა რეპრესიული და სოციალური გამოწვევების წინაშე დგას.

ქვეყანაში არსებული გამოწვევების მიუხედავად, სომხეთის ხელისუფლება დასავლეთთან დაახლოებასა და რუსეთისგან დისტანცირებას აქტიურად ცდილობს.

2024 წლის თებერვალში სომხეთმა ფაქტობრივად გაყინა წევრობა „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში“ (ОДКБ). ამის პარალელურად ის ახალ მოკავშირეებს ევროპასა და ამერიკაში ეძებს. ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური დაძაბულობაა, თუმცა რუსეთი რჩება სომხეთის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად და ენერგეტიკის ძირითად მიმწოდებლად. 

2025 წელი გარდამტეხი იყო ევროკავშირთან დაახლოებისთვის. სომხეთის პარლამენტმა მიიღო „ევროინტეგრაციის აქტი“, რომელიც ოფიციალურად ამტკიცებს ევროკავშირში გაწევრების პროცესს. ბრიუსელმა და ერევანმა დაასრულეს მუშაობა პარტნიორობის ახალ დღის წესრიგზე, რომელიც ეკონომიკას, უსაფრთხოებასა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას მოიცავს. 

ევროკავშირს გამოყოფილი აქვს თანხა სომხური შეიარაღებული ძალებისთვის „ევროპის მშვიდობის ფონდიდან“ და სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების მხარდასაჭერად, მიმდინარეობს ვიზალიბერალიზაციის დიალოგიც.

4-5 მაისს სომხეთში გაიმართება პირველი ევროკავშირ-სომხეთის სამიტი, სადაც ევროკავშირის ლიდერები ჩავლენ. 

2025 წლის დასაწყისში სომხეთმა ხელი მოაწერა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას. აშშ მხარს უჭერს სომხეთის თავდაცვის რეფორმას და უზრუნველყოფს სახსრებს საზღვრის უსაფრთხოებისთვის, კიბერთავდაცვისთვის და ატარებს ერთობლივ წვრთნებს. აშშ-მა და სომხეთმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის შეთანხმებას სამოქალაქო ბირთვულ ტექნოლოგიებზე, რომლის მიზანიც რუსეთსა და ირანზე სომხეთის ენერგოდამოკიდებულების შემცირებაა. მათ შემუშავებული აქვთ ვაჭრობის და ინვესტიციების ხელშეკრულების ჩარჩოც.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ჩართულობით სომხეთმა და აზერბაიჯანმა 2025 წლის 8 აგვისტოს ხელი მოაწერეს სამშვიდობო შეთანხმებას და ვაჭრობისა და დიპლომატიური ურთიერთობის დაწყებაზე შეთანხმდნენ. 

მეზობელი ქვეყნები მუშაობენ სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაზე, რომელსაც ტრამპის გზა მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის, ე.წ. მშვიდობის გზაჯვარედინი (TRIPP) ეწოდა. 43-კილომეტრიანმა სატრანსპორტო დერეფანმა აზერბაიჯანი თურქეთის მოსაზღვრე ნახჭევანის ექსკლავთან უნდა დააკავშიროს. დერეფნის განვითარების უფლება აშშ-მა მიიღო. 

თებერვალში ერევანსა და ბაქოს ეწვია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი „მშვიდობის გზაჯვარედინის“ საკითხის განსახილველად. ვიზიტის დროს ცნობილი გახდა, რომ აშშ სომხეთს 11 მილიონი დოლარის ღირებულების სადაზვერვო დრონებს გადასცემს.

სომხეთმა ასევე მზადყოფნა გამოთქვა, რომ აზერბაიჯანიდან თურქეთში და პირიქით პირდაპირი ტრანზიტი უზრუნველყოს.

„სომხეთი არ გადადგამს ნაბიჯებს ОДКБ-ში (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია) აქტიური მუშაობის განახლებისთვის, სომხეთის რესპუბლიკის წევრობა ОДКБ-ში გაყინულია და საქმიანობის განახლებისთვის არანაირი ნაბიჯები არ გადაიდგმება“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 20 აპრილს მისი პარტიის წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე. 

მან აღნიშნა, რომ სომხეთი კვლავ დარჩება გაეროს, ევროპის საბჭოს, ეუთოს, დსთ-ს, ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ევროპული პოლიტიკური გაერთიანების აქტიური წევრი: „სომხეთის რესპუბლიკა ასევე გახდა მშვიდობის საბჭოს წევრი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინიციატივით შეიქმნა და გააგრძელებს თავის მუშაობას ამ ფორმატში“, — განაცხადა ფაშინიანმა.

„დემოკრატიისა და უსაფრთხოების რეგიონული ცენტრის“ ხელმძღვანელი ტიგრან გრიგორიანი „პუბლიკასთან“ საუბარში ამბობს, რომ სომხეთი ცდილობს, დასავლეთთან ურთიერთობაში დემოკრატიის იმიჯი გამოიყენოს და ეს მიდგომა 2018 წლის „ხავერდოვანი რევოლუციის“ პირველი დღიდან მოქმედებს. 

გრიგორიანის თქმით, პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სომხეთს „დემოკრატიის ბასტიონად“ სახავს. ის ამ ჩარჩოს საერთაშორისო პოლიტიკაში გამოყენებას ცდილობს და სხვადასხვა ხარისხის წარმატებასაც აღწევს.

ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ საქართველოს ევროკავშირიდან დაშორების შემდეგ სომხეთი სამხრეთ კავკასიაში უფრო პროგნოზირებადი პარტნიორის ადგილს იკავებს.

„ეს ცვლილება აისახება სომხეთისადმი მზარდ დიპლომატიურ და პოლიტიკურ ყურადღებაში. ამის დასტურია, უპრეცედენტო ჩართულობა და, ზოგიერთ შემთხვევაში, ევროკავშირის ზოგიერთი წევრის მიერ რესურსების საქართველოდან სომხეთში გადატანა. 

ასევე იყო შემთხვევები, როდესაც ზოგი საელჩო თბილისიდან ერევანში გადავიდა. ეს ტენდენცია ასახავს როგორც ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებში არსებულ კრიზისს, ისე სომხეთის მზადყოფნას, გააღრმაოს კავშირები ბრიუსელთან“, – ამბობს გრიგორიანი.

ტიგრან გრიგორიანის მსგავსად, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი კორნელი კაკაჩიაც მიიჩნევს, რომ სომხეთი ახლა დასავლეთისთვის ისეთივე „ფავორიტი“ ხდება, როგორიც საქართველო იყო ბოლო 30 წლის განმავლობაში. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთიც შორს არის იდეალური დემოკრატიისგან, ისევე როგორც თავის დროზე „ასოცირებული ტრიოს“ ლიდერი საქართველო იყო, ევროკავშირს სჭირდება, რომ ჰყავდეს ფლაგმანი და ახლა ამ როლს სომხეთი ასრულებს. 

„როგორც „ასოცირებულ ტრიოზე“ არსებობდა ასეთი გამოთქმა: „საქართველო იყო ლიდერი არა იმიტომ, რომ რამე განსაკუთრებული რეფორმები გაატარა, არამედ იმიტომ, რომ სხვა არავინ მონაწილეობდა რბოლაში“, კავკასიაშიც ასეთი სიტუაციაა. ორ ქვეყანას – საქართველოს და აზერბაიჯანს – ავტოკრატიული ხელისუფლებები ჰყავს და სომხეთი ავტომატურად მოიაზრება ლიდერად, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ერთმნიშვნელოვანი არ არის ეს შეფასება და ვინ ვის ჯობია – ეს პირობითია“, – ამბობს კორნელი კაკაჩია.

კაკაჩიას შეფასებით, საქართველო ევროკავშირთან „რევერსული პირობითობის“ რეჟიმშია და ნაცვლად იმისა, რომ თავად შეასრულოს ევროკავშირის პირობები როგორც კანდიდატმა ქვეყანამ, გაერთიანებას იქით უყენებს პირობას, რომ თუ ევროკავშირი არ შეიცვლება, შესვლას არ მოინდომებს. 

„ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს“, – ამბობს ის და დასავლეთთან „ქართული ოცნების“ ურთიერთობის გაუარესებას ბიძინა ივანიშვილის მიერ ხელისუფლების შენარჩუნების სურვილით ხსნის.

საქართველოში ვენდეტის მექანიზმი მოქმედებს. ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ იციან, რომ თუ ხელისუფლებას დაკარგავენ, მათი ბევრი ლიდერი ციხეში აღმოჩნდება, ამიტომ ცდილობენ, დიდხანს დარჩნენ ხელისუფლებაში. ამას ხელს უწყობს გეოპოლიტიკური კონტექსტიც – სამეზობლოში, სომხეთის გარდა, თითქმის ყველა სახელმწიფო ავტორიტარულია და „ოცნების“ მესვეურებმა იფიქრეს, საქართველოც ჩამჯდარიყო ავტორიტარულ სისტემაში“, – ამბობს ანალიტიკოსი.

„ოცნების“ შიდა პოლიტიკის შედეგად, კაკაჩიას შეფასებით, საქართველო თვითიზოლაციის რეჟიმშია არა მხოლოდ დასავლეთთან, არამედ რეგიონშიც. სომხეთისა და აზერბაიჯანის მცდელობების ფონზე, ჩამოშორდნენ რუსეთს და დაუახლოვდნენ დასავლეთს, საქართველომ, შესაძლოა, სატრანზიტო მონოპოლიაც დაკარგოს.

„აშკარად იკვეთება, რომ საქართველო არა მხოლოდ ევროპისგან დისტანცირდა, არამედ რეგიონულ იზოლაციაშიც აღმოჩნდა. მაშინ, როცა მეზობელი ქვეყნები დასავლეთთან ურთიერთობების დალაგებასა და რუსეთისგან დისტანცირებას ცდილობენ, საქართველოს ხელისუფლება დასავლეთთან კონფრონტაციაშია შესული. 

ამის მაგალითია „ტრიპის“ (TRIPP) პროექტიც, რომლის ფარგლებშიც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი სომხეთს ეწვია, თუმცა საქართველოში არ ჩამოსულა. შედეგად, თბილისი რისკავს, დარჩეს რეგიონულ იზოლაციაში.

საქართველო თავის სატრანზიტო პოტენციალსა და საზღვაო პორტებს ყოველთვის გამოიყენებს, თუმცა ჩვენი მონოპოლია რეგიონში სრულდება. თურქეთ-სომხეთის საზღვრის მოსალოდნელი გახსნაც ნიშნავს, რომ ერევანი აღარ იქნება სრულად დამოკიდებული საქართველოს პორტებზე“, – ამბობს კაკაჩია.

გეოგრაფიული მდებარეობა და ჩინეთ-ევროკავშირის სავაჭრო „შუა დერეფანი“ გეოპოლიტიკურ რუკაზე  „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი აქცენტია საქართველოს როლზე საუბრისას. 

სწორედ დაკავშირებადობაზე და რეგიონული სატრანზიტო ჰაბის ფუნქციაზე საუბრობდა 17 აპრილს ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე, სადაც მან განაცხადა, რომ „საქართველო, როგორც ბუნებრივი ხიდი ევროპასა და აზიას შორის, მაქსიმალურად ცდილობს თავისი ფუნქციის რეალიზებას და პარტნიორებს საიმედო სერვისებს სთავაზობს“. 

„მიმდინარე მოვლენების ფონზე, სამხრეთ კავკასია განსაკუთრებულ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს და ჩვენ აქტიურად ვიყენებთ ამ შესაძლებლობებს. საქართველო, როგორც ბუნებრივი ხიდი ევროპასა და აზიას შორის, მაქსიმალურად ცდილობს თავისი დაკავშირებადობის ფუნქციის რეალიზებას. ჩვენს პარტნიორებს ვთავაზობთ საიმედო სერვისებს და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა საქართველომ განიმტკიცოს რეგიონული სატრანზიტო ჰაბის სტატუსი“, – თქვა კობახიძემ.

„შუა დერეფანი“ (Middle Corridor), რომელზეც ირაკლი კობახიძე საუბრობდა, ლოჯისტიკური პროექტია, რომელიც ჩინეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპასთან აკავშირებს. დერეფანი რუსეთზე გამავალი „ჩრდილოეთის მარშრუტის“ ალტერნატივაა. 

საქართველო, რომელმაც 2023 წელს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერა ხელი, პოზიციონირებს როგორც სატრანზიტო ჰაბი, ასევე უსაფრთხოების „ხიდი“ ევროპასა და აზიას შორის.

აღსანიშნავია, რომ TRIPP-ის („მშვიდობის გზაჯვარედინის“) პროექტი პირდაპირ კონკურენციას უწევს ტრადიციულ „შუა დერეფანს“ და საქართველოს სატრანზიტო მონოპოლიას საფრთხეს უქმნის. თუ აქამდე თბილისი დასავლეთისთვის რეგიონის ერთადერთ „კარიბჭედ“ მიიჩნეოდა, ახლა თეთრი სახლი „მშვიდობის გზაჯვარედინს“ განიხილავს, როგორც ახალ ლოჯისტიკურ ცენტრს, რომელიც ინდოეთსა და ცენტრალურ აზიას ევროპასთან დააკავშირებს.

პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას აზრით, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ საქართველოს „შუა დერეფნის“ სატრანზიტო ფუნქციაზე და დაკავშირებადობაზე დიდ აქცენტს აკეთებს, ევროკავშირთან ურთიერთობების გაფუჭებით სატრანზიტო ფუნქციის სრულფასოვნად შესრულებას ვეღარ შეძლებს.

„ხელისუფლება ცდილობს, საკუთარი კურსი „მულტივექტორულ პოლიტიკად“ გაასაღოს და დიდ აქცენტს აკეთებს „შუა დერეფანსა“ და დაკავშირებადობაზე, თუმცა, სინამდვილეში, ჩვენ საქმე გვაქვს „ცრუ მულტივექტორულობასთან“. ნამდვილი მრავალვექტორიანი პოლიტიკა ყველა საკვანძო აქტორთან კარგი ურთიერთობის ქონას გულისხმობს. „შუა დერეფნის“ წარმატებისთვის აუცილებელია ორივე მხარის — ჩინეთისა და ევროკავშირის — თანაბარი ჩართულობა. დღეს კი, როცა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს, ხოლო ევროკავშირთან ურთიერთობა, ფაქტობრივად, გაწყვეტილია, ქვეყანა სატრანზიტო კორიდორის ფუნქციას სრულფასოვნად ვეღარ ასრულებს“, – აცხადებს კაკაჩია.

„ამ მომენტისთვის სომხეთის ევროინტეგრაციის გზაზე ყველაზე დიდი პრობლემა ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაყინული პოლიტიკური დიალოგია. საქართველო ჩვენთვის არის გზა ევროკავშირისკენ“ – ეს განცხადება სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას 11 მარტს გააკეთა.

ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთის ევროკავშირში გაწევრების პროცესის დაწყების შესახებ კანონი მას შემდეგ მიიღეს, რაც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, რამაც სომხეთის პერსპექტივაც ხელშესახები გახადა.

ამ საკითხზე სომხეთის პრემიერის პოზიციას იზიარებენ ანალიტიკოსები კორნელი კაკაჩია და ტიგრან გრიგორიანი.

გრიგორიანი „პუბლიკას“ ეუბნება, რომ საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა სომხეთის დემოკრატიული კონსოლიდაციის პერსპექტივისთვის გამოწვევაა, რადგან ვითარებამ რეგიონში შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს სომხეთის ტრაექტორიაზე. მისი თქმით, სომხეთი საქართველოს ყოველთვის განიხილავდა როგორც პარტნიორს, რომელთან ტანდემშიც დასავლეთთან მჭიდო ინტეგრაცია უფრო ადვილი იქნებოდა.

„თუმცა არსებობს პოტენციური შემარბილებელი ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება დააბალანსოს ეს რისკები, – აღნიშნავს ის – მათ შორისაა სომხეთ-თურქეთის საზღვრის შესაძლო გახსნა, ასევე რეგიონული ინფრასტრუქტურული ინიციატივები, როგორიცაა – TRIPP პროექტი, რამაც შეიძლება მოახდინოს სომხეთის დაკავშირებადობის ვარიანტების დივერსიფიკაცია და შეამციროს საქართველოზე გადამეტებული დამოკიდებულება“.

სომხეთისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ საქართველომ შეინარჩუნოს ევროპული გზა, იმიტომ, რომ ისინი აპირებენ ზუსტად იმას, რასაც ჩვენ ვაპირებდით უკრაინასთან და მოლდოვასთან — რომ ლოკომოტივს ჩაებას რომელიღაც ჯგუფთან ერთად“, – ამბობს კორნელი კაკაჩია.

ის ხაზს უსვამს სომხეთში მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობას  და აღნიშნავს, რომ თუ ისევ ნიკოლ ფაშინიანი გაიმარჯვებს და იმავე კურსს გააგრძელებს, დასავლეთთან ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება.