ვის სურს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა

პუბლიკა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კონკურსში 6 კანდიდატი დარეგისტრირდა.

იუსტიციის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატის შესარჩევ კონკურსში დარეგისტრირდნენ:

  1. თამარ ალანია
  2. დიმიტრი გვრიტიშვილი
  3. გიორგი გოგინაშვილი
  4. ლიანა კაჟაშვილი
  5. დავით მამისეიშვილი
  6. სალომე სამხარაძე

უზენაეს სასამართლოში 2027 წლის 30 აპრილიდან ერთი ადგილი თავისუფლდება.

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის უვადო მოსამართლეს, მაია ვაჩაძეს 2027 წლის 29 აპრილს საპენსიო ასაკი უსრულდება.

კანონის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში 28 მოსამართლე შედის.

პარლამენტისთვის წარსადგენ კანდიდატს იუსტიციის საბჭო შეარჩევს. მოსამართლე უზენაეს სასამართლოში პარლამენტის მხარდაჭერის შემდეგ დაინიშნება.

ვის სურს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა

თამარ ალანია 2006 წლიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა და 2017 წლიდან  თანამდებობაზე უვადოდაა განწსებული. 2013-17 წლებში იყო იუსტიციის საბჭოს წევრი.

თამარ ალანიას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა 2018 წელსაც სურდა. ის გახმაურებულ 10-კაციან სიაში იყო, რომლის წინააღმდეგაც იურიდიული კომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარე, ეკა ბესელია წავიდა. მოსამართლეების დანიშვნის შესაჩერებლად ბესელიამ მაშინ თანამდებობაც დატოვა.

თამარ ალანია აღმოჩნდა 2019 წელს პარლამენტისთვის წარდგენილ კანდიდატთა შორისაც. უზენაესში მის დანიშვნას პარლამენტმა მაშინ მხარი არ დაუჭირა.

დიმიტრი გვრიტიშვილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია. სასამართლო სისტემაზე მომუშავე ორგანიზაციები უვადო მოსამართლის სახელს აკავშირებენ ე.წ. სასამართლო კლანთან – გავლენიან ჯგუფთან, რომელიც არაფორმალურად მართავს სასამართლო სისტემას.

გვრიტიშვილი არაერთხელ იყო უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატთა სიაში.

თამარ ალანიას მსგავსად, ისიც 2018 წლის კონკურსის 10-კაციანი სიის წევრი იყო.

2020 წლის კონკურსში მონაწილეობისთვის წარდგენილ ავტობიოგრაფიაში გვრიტიშვილი წერდა:

„ჩემი კარიერა თავბრუდამხვევად განვითარდა… მსურს, გავხდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. აბსოლუტურად მესმის, რამხელა გამოწვევაა, მაგრამ მივიჩნევ, რომ ადამიანი არ უნდა შეჩერდეს, მუდამ ზრუნავდეს პროფესიულ განვითარებაზე და არც სიძნელეებს შეუშინდეს. მაქვს საკუთარი თავის იმედი, რომ გავართმევ თავს. ეს ყოველთვის იყო ჩემი ოცნება და კარიერის პიკი“.

2026 წლის კონკურსში წარდგენილ ავტობიოგრაფიაში კი გვრიტიშვილი წერს:

„ვფიქრობ, რომ, ჩემი კეთილსინდისიერების და კვალიფიკაციის შესაბამისად, მაქვს წარმატებული კარიერა სასამართლო სისტემაში; ვარ უზომოდ ბედნიერი და მოტივირებული, რათა მართლმსაჯულების ნებისმიერ ინსტანციაში ეფექტიანად განვახორციელო ჩემი უფლებამოსილება.“

გიორგი გოგინაშვილი მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანების საფუძველზე, 2006 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა.

2016 წელს დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ, 2018 წლიდან კი თანამდებობაზე უვადოდ განწესდა.

არის მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარე.

ლიანა კაჟაშვილი 2021 წლიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წევრია. 2024 წლიდან თანამდებობაზე უვადოდაა განწესებული.

2026 წლის 24 აპრილს ლიანა კაჟაშვილმა ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა.

ლიანა კაჟაშვილის ქმარი ამირან ძაბუნიძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეა, ხოლო მისი და – ლიტუვის მიერ დასანქცირებული გულიკო კაჟაშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

დავით მამისეიშვილს სასამართლო სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს ის მუშაობდა აჭარაში, 2013-16 წლებში იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, 2021 წლიდან იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის საქმეთა პალატის მოსამართლე, 2025 წლის ნოემბრიდან კი არის ამავე ინსტანციის სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე. თანამდებობაზე განწესებულია უვადოდ.

დავით მამისეიშვილის სახელი სააპელაციო სასამართლოს მიერ განხილულ არაერთ საქმეში ფიგურირებს, მათ შორის, გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ წამოწყებულ ბიძინა ივანიშვილის ბიტკოინების საქმეში, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი კუჭუაშვილის საქმეში,  ნიკა გვარამიას საქმეში. ბათუმის საქალაქო სასამართლოში მამისეიშვილი განიხილავდა სააკაშვილის „საზღვარზე შემოპარვის საქმეს.“

სალომე სამხარაძე 2021 წელს დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ, 2024 წელს კი თანამდებობაზე უვადოდ განწესდა. 2026 წლიდან მუშაობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში.