რამაზ ჩადუნელი – გელა ხასაიას ბრალდების საქმეში დაზარალებულად არის ცნობილი. ის დღეს, 4 მაისს პროცესზე მოწმის სახით დაიკითხა.
მან ვერ მიუთითა პროცესზე მჯდომ ხასაიაზე, რომ ის იყო ერთ-ერთი ის პირი, ვინც მას ფიზიკურად გაუსწორდა. მან ვერც კონფლიქტის დაწყების მიზეზი დააკონკრეტა. განაცხადა, რომ ნასვამი იყო და არ ახსოვს.
საქმის მასალების მიხედვით, შემთხვევა 1 სექტემბერს მოხდა. საქმეში ფიგურირებს ჯამში 4 ადამიანი – დაზარალებულის სტატუსის მქონე რამაზ ჩადუნელი, ბრალდებულები – გელა ხასია და ვასილ ქერდიყოშვილი და მისი თანმხლები პირი – ჯაჯანიძე.
ჩადუნელი ჰყვება, რომ სამსახურის მერე გამოვიდა ქუჩაში, სეირნობდა. ჩავიდა „დეზერტირების ბაზართან”, ე.წ. ვაგზალზე, სადაც გაიცნო 2 პიროვნება [საუბარია ვასილ ქერდიყოშვილზე და მოწმე ჯაჯანიძეზე].
„ერთს სპორტულები ეცვა, მოლურჯო ფერში, მეორეს – მაისური, ჯინსის შარვალი და ჩანთა ჰქონდა გადაკიდებული… ლუდი მივირთვით, შემდეგ წამოვედით, ერთმა სქროლი მთხოვა. ახლობლის არის, მას გამოვართვი… წავიდა სეირნობდა და დამიბრუნა მერე უკან. შევჩერდით მერე მაღაზიასთან, სიგარეტი ავიღოთ, ლუდი”, – იხსენებს ჩადუნელი.
მან დააზუსტა, რომ „ქვემოთ მხარეს” რომ მოდიოდნენ, მესამე პირი შეუერთდა მას. [გამოძიების ვერსიით, სწორედ ესაა გელა ხასაია].
„დაბალი პიროვნება იყო, მწვანე შორტი ეცვა. მე არ ვიცი, მოიყვანა ერთ-ერთმა. თავიდან რომ გავიცანი, იქიდან ერთ-ერთმა”, – თქვა მან.
მისი თქმით, ეს 4 ადამიანი „დაბლა მხარეს ჩავიდნენ, „პადზემკასთან”, ლუდი მოიტანეს და სვამდნენ.
მისი თქმით, მოუვიდა ბიჭებთან კამათი. შეკითხვაზე, თუ ვის შორის მოუხდა კამათი, აღნიშნა, რომ:
„დაბალი იყო ერთი და მეორე – სპორტულები რომ ეცვა. მესამეს – ჯინსის შარვალი რომ ეცვა, ის არ იყო… ვინ დამარტყა ხელი, ეგ აღარ მახსოვს ზუსტად, საავადმყოფოში რომ გადავედი, გონზე მოვედი, გავიხსენე, რომ ის გვაშველებდა და ეუბნებოდა იმ ორ ადამიანს”.
„ამ ორი ადამიანიდან – ერთი დაბალი იყო, მწვანე შორტით, მეორეს კი სპორტულები ეცვა… ერთი ხელი მომხვდა პირველი თვალში და მეორე თავში, შემდეგ წავიქეცი და მირტყამდნენ [ეგ ორნი]… მესამე, როგორც გავიხსენე, ვიცი, რომ გვაშველებდა, ნუღარ ურტყამთო… ხელის ტკივილი ვიგრძენი, თავში მქონდა ტკივილები… მოტეხილობა დამიდგინეს ექიმებმა. [მოტეხილობა ვიგრძენი] გონზე როცა მოვედი…”, – თქვა მან და აღნიშნა, რომ ეს ჩხუბი მიწისქვეშა გადასასვლელში მოხდა.
პროკურორის შეკითხვაზე, მისი მხრიდანაც ხომ არ ყოფილა მათ მიმართ რაიმე სახის ფიზიკური ძალადობა – აღნიშნა, რომ არა – „მე ვერ მოვასწარი, ყბაში რომ დამარტყა, ვერაფერი ვეღარ [დავიმახსოვრე]”.
ბრალდებულების მიმართ პოზიციის დაფიქსირების დროს კი მან აღნიშნა:
„არ მაქვს არაფერი… მე თავიდანვეც ის იყო, რომ მოვითხოვე დაზარალებულის ანაზღაურება, გავჩერდი მაგიტომ, რომ ზარალზე… კანონმა გადაწყვიტოს”, – თქვა მან.
მოსამართლის შეკითხვაზე, კანონით გათვალისწინებული შეღავათი რომ მიიღონ ბრალდებულებმა, ამაზე წინააღმდეგი ხართ თუ თანხმობას აცხადებთ? – განაცხადა, რომ არ არის წინააღმდეგი.
პროკურორმა დაკითხვის ბოლოს მას ასევე სთხოვა, მიეთითებინა „იმ ორ ადამიანზე, ვინც მის მიმართ ძალადობა განახორციელა”.
დაზარალებული ჯერ პროცესზე დამსწრეთა მხარეს შებრუნდა და მათ ათვალიერებდა. შემდეგ კი თქვა – „ვერა ვცნობ”. განმეორებით შეკითხვაზე კი მიანიშნა ქერდიყოშვილზე:
„აი, ერთი ეს უნდა იყოს. თეთრი რომ აცვია, მეორე დაბალი იყო”.
პროკურორი: ვერ ცნობთ, დაბალი ვინც არის? სახელი და გვარი თუ არის თქვენთვის ცნობილი?
დაზარალებული: მე რამდენადაც ვიცი, გადმოცემით, ერთი იყო ქერდიყაშვილი, რაღაც ეგეთი გვარია და მეორე უნდა იყოს ხასაია… დაბალი იყო ხასაია.
პროკურორი: ამ სამი ადამიანიდან, შორტი რომელიმე სხვასაც ეცვა?
დაზარალებული: მეორეს სპორტულები ეცვა, მესამეს ჯინსის შარვალი ეცვა.
მოწმეს შეკითხვები დაუსვა გელა ხასაიამაც. მისი კითხვები ძირითადად შეეხებოდა მისი ამოცნობის საკითხსა და კონფლიქტის დაწყების მიზეზს. გთავაზობთ დიალოგს პროცესიდან:
– ვერ ამომიცანით, მხოლოდ გახსოვდათ სიმაღლე. ფოტოები რომ განახეს ამოცნობაზე, მანდ სახეზე [როგორ ამომიცანით].
– თვალის ფერით ვიცანი.
– აქ რატომ ვერ მიცანით?
– ვერ ვხედავ. სათვალე თუ არ გავიკეთე და წესიერად არ დავაკვირდი, ვერ ვიცნობ.
– იმ ღამეს [შემთხვევის ღამეს] სათვალე გეკეთათ?
– არა, იმ ღამეს დამამახსოვრდა სახეზე.
***
– თქვენ ამბობთ, რომ პირველი მე დაგარტყით….
– მარჯვენა თვალში მომხვდა პირველი ხელი.
– და ზუსტად იცით, რომ მე ვიყავი?
– დაბალი რომელიც იდგა.
– ანუ ჩემზე ამბობთ?!
– რავი ახლა, თქვენ იყავით თუ, არ მახსოვს ასე. დაბალი რომელიც იყო, იმან დამარტყა პირველი.
– დანაშაული არ ხდება მიზეზის გარეშე. რაღაცამ გამოიწვია ჩხუბი, რა იყო მიზეზი, რის გამოც დაგარტყეს თვალში?
– კამათი მოხდა.
– კამათი ზოგადი სიტყვაა. რაზე ვიკამათეთ?
– აი, ეგენი აღარ მახსოვს, ეგ დეტალები.
– თვალის ფერი გახსოვთ, და მთავარი – რაზე დაიწყო ჩხუბი, ეგ არ გახსოვთ?
– ეგენი აღარ მახსოვს. ერთი პიროვნება ამბობდა, რომ ნუღარ ურტყამთ, მოკვდებაო…
***
– ვერ მივიღე კითხვაზე პასუხი – ამბობთ, რომ გახსოვთ, თვალის ფერი… მანამდე, როცა არაფერი არ გჭირდათ, დაზიანება არ გქონდათ, ხომ ის უფრო კარგად უნდა გახსოვდეთ?!
– მოგვივიდა კამათი, ჩხუბი მოხდა.
– რაზე?
– რავი, მოხდა ჩხუბი, ნასვამები ვიყავით, და აღარ მახსოვს… აღარ მახსოვს, ჩემი ბრალი იყო, მე გავარტყი პირველი, თუ რა მოხდა, არ მახსოვს… ისიც ვიცი, დარწმუნებული ვარ, რომ მე ხელი ვერ [გამოვიყენე/გამოვიქნიე].
– ადვოკატი: რომ თქვით, ხელი მოვიქნიეო?
– მოვიქნიე ეგ ჩხუბის დროს იყო.
პროკურატურა ხასაიასა და ქერდიყოშვილს დაზარალებულის ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას ედავება.
ბრალდების მხარის პოზიციით, 1 სექტემბერს, თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულებმა ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენეს დაზარალებულს – რამაზ ჩადუნელს.
გელა ხასაია ბრალს არ აღიარებს.