სუსი: ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს საჯარო მოხელე

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს საჯარო მოხელე, რომელიც „ერთ-ერთ უწყებაში მაღალ თანამდებობაზე იყო დასაქმებული“.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით, სისტემურად აგროვებდა და გადასცემდა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკურ და უსაფრთხოების პროცესებზე.

სუსის განცხადებით, დაკავებული ინფორმაციის მოსაპოვებლად იყენებდა როგორც თავის ამჟამინდელ სამსახურებრივ მდგომარეობას, ისე წარსულში დაკავებულ თანამდებობებსა და სხვადასხვა უწყებაში არსებულ პირად კავშირებს.

მათივე ცნობით, საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ მას უცხო ქვეყნის წარმომადგენლებთან მაღალ დონეზე ორგანიზებული, კონსპირაციული კონტაქტი ჰქონდა — შეხვედრები დაშიფრული კავშირის საშუალებით იგეგმებოდა, ხოლო ინფორმაციის გადაცემა ხორციელდებოდა როგორც პირისპირ, ისე ელექტრონული გზით, უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვით.

უწყების ინფორმაციით, გადაცემული მასალები მოიცავდა ინფორმაციას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესების, ძალოვანი უწყებების, უსაფრთხოების სტრუქტურებისა და ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობების შესახებ. გარდა ამისა, ბრალდებული მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ მუშაობდა სპეციალური საინფორმაციო პლატფორმების შექმნაზე, რომელთა მიზანიც მედიასფეროს წარმომადგენლების მოზიდვა და მათი მეშვეობით რეგიონის ქვეყნებზე სადაზვერვო მონაცემების შეგროვება იყო.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ინტენსიურ რეჟიმში გატარებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად, ჯაშუშობისთვის, კერძოდ, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის თანამშრომლების დავალებით ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქე.

სხვადასხვა, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, თავისი ამჟამინდელი სამსახურებრივი მდგომარეობის, წარსულში დაკავებული თანამდებობებისა და სხვადასხვა უწყებაში არსებული პირადი კავშირების მეშვეობით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესების სასარგებლოდ, სისტემურად ახორციელებდა ინფორმაციის მოპოვებას და მათთვის გადაცემას.

დაკავებულს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენელთან გააჩნდა მაღალ დონეზე ორგანიზებული, კონსპირაციული ხასიათის სისტემატური კონტაქტები. შეხვედრები იგეგმებოდა დაშიფრული ორმხრივი კავშირის გამოყენებით და იმართებოდა სხვადასხვა ლოკაციაზე წინასწარ შეთანხმებული კონსპირაციის პირობების მკაცრი დაცვით. ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა როგორც პირისპირ კონტაქტის, ასევე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.

უცხო ქვეყნის სპეცსამსახურისთვის გადაცემული ინფორმაცია მოიცავდა სხვადასხვა კატეგორიის საიდუმლო მონაცემებს, რომლებიც დაკავშირებული იყო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესებთან, ძალოვან უწყებებსა და უსაფრთხოების სტრუქტურებში არსებულ ვითარებასთან, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების შესახებ ინფორმაციასა და ინფორმაციის გადაცემის დამკვეთებისთვის საინტერესო სხვა მონაცემებთან.

გარდა ამისა, მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენლის დავალებით, დაკავებული პირი მუშაობდა საინფორმაციო პლატფორმების შექმნაზეც, რომლის მიზანი იყო მედიასფეროს წარმომადგენლების მოზიდვა და აღნიშნული ქსელის გამოყენებით უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დაინტერესების შესაბამისად სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვება, მათ შორის რეგიონის ქვეყნების მიმართულებით. აღნიშნულ საქმიანობას ბრალდებული მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით ახორციელებდა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – განაცხადეს სუსში.