ხარება: მე არ გამიცია მსგავსი ბრძანებები, რომ წაქცეული ეცემა ვინმეს

პუბლიკა

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი (ხარება) ვარაუდობს, რომ ზვიად მაისაშვილზე, ლევან ხაბეიშვილზე და გურამ როგავაზე ძალადობის საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელები „ჩაშვებულები არიან“. ხარებამ ინტერვიუ TV პირველს მისცა.

„ჩაშვებულია, აბა რა არის. ჩამშვებებს და მაგნაირ ხალხს რა გამოლევს. [შიგნიდან ჩაუშვეს ბიჭები?] ალბათ ახლა თვითონ თბილად იყოს ვინმე და სხვა გაიწიროს, ალბათ ეგეთი რამე გააკეთა ვიღაც არაკაცმა თორე ეგ ბიჭები რა შუაში იყვნენ?“, – თქვა მან.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, დაკავებულთა შორის არის თუ არა მისი ყოფილი მოადგილე, მირზა კეზევაძე, ხარაზიშვილმა თქვა, რომ არ იცის.

ის ირწმუნება, რომ აქციის მონაწილეებზე ძალადობის ბრძანება არც თავად გაუცია და არც ვინმესგან მიუღია.

„[მირზა კეზევაძე დააკავეს?] არ ვიცი, არ მაქვს ურთიერთობა და არც მაინტერესებს, ნუ მეკითხები მაგ თემაზე. 18 წელი ვიყავი სპეცდანიშნულების რაზმის საბრძოლო დანაყოფის უფროსი, მსგავსი ბრძანება არცერთ მინისტრს, არცერთ ხელმძღვანელს ჩემთვის არ მოუცია, ან ვინმე მოკალი, ან ვინმეს სცემეო, კარგად იცით, რამდენი მინისტრი და მთავრობა გამოვიცვალეთ. არც დღეს ყოფილა მსგავსი რამე.

იყო დანაშაული, იყო გადაცდომა? მზად ვარ, პასუხი ვაგო მე პირადად ყველაფერზე. არც მე გამიცია მსგავსი ბრძანებები, რომ წაქცეული ეცემა ვინმეს და მსგავსი რამეები, რაც იყო ცუდი, გაეკეთებინათ. არც ჩემთვის არ დაუვალებია არავის. სასიამოვნო მოსასმენი არაა, ამას რომ მეკითხებიან, არაფერი ბრძანება არ ყოფილა“, – თქვა ხარაზიშვილმა.

შეკითხვაზე, მოხდა თუ არა დაკავებულთა იდენტიფიცირება, ხარაზიშვილი ამბობს, რომ ყველა ხედავდა მათ აღჭურვილობას.

„იდენტიფიცირება მოხდა, რო? არ ვიცი. „მასკიანი“ ადამიანი… კარგად ხედავდით, როგორ იყვნენ ადამიანები შენიღბული თავის ფორმა-აღჭურვილობით.

…ჩემი პასუხი არის ყველასთან, ჩემი ბიჭების და ჩემი სამშობლოს წინაშეც, მე ჩემი სამშობლო ისე მიყვარს, ტყვიის არ მეშინია და შიშით ვერავინ ვერ შემაშინებს. მე წავალ და მე ჩავჯდები თუ ჩემს სამშობლოს სჭირდება, თუ ჩემს ქვეყანას ამით რამე ეშველება და თუ ამ ბიჭებს აღარ შეაწუხებენ.

[თქვენც იყავით საგამოძიებო უწყებაში დაბარებული?] არ არის ეგ თქვენი საქმე, თუ დამიბარებენ პრობლემა არ მაქვს მისვლის. მე არაფერი არ დამიშავებია, არც ამ ბიჭებს არაფერი დაუშავებიათ. ეს ყველამ კარგად იცის, ის კადრები გაქვთ კიდევ თქვენ ყველაფერი გადაღებული“, – თქვა ხარაზიშვილმა.

7 მაისს ცნობილი გახდა, რომ ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ ძალადობის საქმეზე იდენტიფიცირებული და დაკავებულია 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე, შსს-ის დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი.

პროკურატურის ინფორმაციით,

ხუთი ბრალდებულიდან ორი პირი უკვე იმყოფება პატიმრობაში სხვა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, ხოლო სამი ბრალდებული 7 მაისს დააკავეს.

TV პირველის ინფორმაციით, ორი პირი, რომლებიც უკვე პატიმრობაში იმყოფებიან, დიმიტრი მჭედლიძე და გიორგი ბოლოთაშვილი არიან. ტელეკომპანიის ცნობით, ისინი ქვემო ქართლის რწმუნებულის ყოფილი მოადგილის, გიორგი შინჯიკაშვილის გარემოცვის წევრის, ისაკ უბილავას ჩემის საქმეზე არიან დაკავებულნი.