გელა ხასაიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის ციხეს სექტემბერში დატოვებს

პუბლიკა

სამოქალაქო აქტივისტსა და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრს, გელა ხასაიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.

ხასაიას ძირითად სასჯელად განესაზღვრა 4 წელი – ის ციხეში 1 წელს გაატარებს და საპატიმროს სექტემბერში დატოვებს, 3 წელი კი პირობითი მსჯავრის ქვეშ იქნება.

პროკურატურა გელა ხასაიასა და მასთან ერთად ბრალდებულ ვასილ ქერდიყოშვილს ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას ედავებოდა.

იმავე პირობებით საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა ვასილ ქერდიყოშვილსაც. ორივე ბრალდებულმა ბრალად წარდგენილი ქმედება აღიარა

– პროკურორი: ბატონო გელა, ერთი შეკითხვა მექნება თქვენთან – ანუ ადასტურებთ თუ არა თქვენ მიერ წარდგენილ ქმედებას?

გელა ხასაია: ვადასტურებ.

პროკურორი: ანუ აღიარებთ?

– გელა ხასაია: ვადასტურებ.

ბრალდების მხარის პოზიციით, 1 სექტემბერს, თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულებმა ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენეს დაზარალებულს – რამაზ ჩადუნელს.

საქმეში ფიგურირებს ჯამში 4 ადამიანი – დაზარალებულის სტატუსის მქონე რამაზ ჩადუნელი, ბრალდებულები – გელა ხასია და ვასილ ქერდიყოშვილი და მისი თანმხლები პირი – ჯაჯანიძე.

4 მაისის პროცესზე სწორედ დაზარალებულის სტატუსის მქონე რამაზ ჩადუნელი დაიკითხა.

ჩადუნელმა დაკითხვისას აღნიშნა, რომ ორმა პიროვნებამ მას ფიზიკური დაზიანება მიაყენა, „დეზერტირების ბაზრის“ მიმდებარედ, თამარ მეფის გამზირზე. მანამდე კი მათთან ერთად ლუდს სვამდა.

„კამათი მომივიდა ბიჭებთან” – თქვა მან პროკურორის შეკითხვაზე, თუმცა კონფლიქტის მიზეზი/საფუძველი არ აღუნიშნავს.

პროკურორის შეკითხვაზე, ამოიცნობდა თუ არა დარბაზში მყოფთაგან ამ პირებს, დაზარალებული ჯერ პროცესზე დამსწრეთა მხარეს შებრუნდა და მათ ათვალიერებდა. განმეორებით შეკითხვაზე კი მიანიშნა ქერდიყოშვილზე არადაბეჯითებით.

რაც შეეხება გელა ხასაიას, დაზარალებულმა მასზე ვერ მიუთითა. აღნიშნა, რომ დაბალი პიროვნება იყო და ეცვა შორტი. ამის შემდეგ მას პროკურორმა ე.წ. ამოცნობის ოქმები წარუდგინა.

მოსამართლის შეკითხვაზე მან თქვა, რომ არ იქნება წინააღმდეგი, თუ ბრალდებულებს კანონით გათვალისწინებული შეღავათები შეეხებათ.


შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ბრალდებულები 29 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.