ირაკლი კობახიძის თქმით, იქმნება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება — საქართველოს დიპლომატიის აკადემია.
მთავრობის სხდომაზე კობახიძემ თქვა, რომ „სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების შესაბამისი ფაკულტეტები დღეს არსებითად ვერ უზრუნველყოფენ მომავალი დიპლომატებისთვის აუცილებელი ცოდნისა და უნარების სათანადოდ გადაცემას“.
კობახიძისვე განცხადებით, დიპლომატიის აკადემია ფუნქციონირებას მომავალი წლის სექტემბრიდან დაიწყებს, ავტორიზაციის გავლის შემდეგ.
„საქართველოს დიპლომატიის აკადემია მოამზადებს მაღალკვალიფიციურ კადრებს დიპლომატიური სამსახურისთვის. უწყებრივი დაქვემდებარება ხელს შეუწყობს აკადემიას სწავლების და კვლევის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფაში.
თქვენ იცით, რომ წარმატებით ფუნქციონირებს რამდენიმე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ასეთი უწყებრივი დაქვემდებარებით, ეს არის მაგალითად საქართველოს თავდაცვის აკადემია, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია, ასევე შეიქმნა, მოგეხსენებათ, უსაფრთხოების აკადემია და ამ წარმატებული პრაქტიკის გათვალისწინებით ვფიქრობთ, რომ საქართველოს დიპლომატიის აკადემიაც, თავისი უწყებრივი დაქვემდებარებით, წარმატებით უზრუნველყოფს თავისი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულებას“, – თქვა მან.
მაკა ბოჭორიშვილის შეფასებით, „დიპლომატიის აკადემიის დაარსება მხოლოდ საგანმანათლებლო პროექტი არ არის – ეს არის ქვეყნის „ინტელექტუალური ფარი“ და სტრატეგიული ინვესტიცია მომავალში“.