უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიჰამ ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დაწყებამდე „ევროსკოპს“ უთხრა, რომ უახლოეს მომავალში მოლდოვაში მაკა ბოჭორიშვილს შეხვდება.
„ერევანში საქართველოს და უკრაინის ლიდერებს შორის ისტორიული შეხვედრა შედგა. ეს იყო აზრთა კარგი გაცვლა-გამოცვლა. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ეს კონსტრუქციული დიალოგი. უახლოეს მომავალში მოლდოვაში მე მექნება შეხვედრა ქართველ კოლეგასთან. ჩვენ გვსურს, სათანადოდ მოვაგვაროთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების დიპლომატიური მხარე.
ჩვენი ხალხი, ჩვენი საზოგადოებები იმსახურებენ ამას. დიახ, ჩვენს ორმხრივ დღის წესრიგში გვაქვს გარკვეული სენსიტიური საკითხები, თუმცა მზად ვართ წინ წასასვლელად“, – თქვა ადრიი სიბიჰამ „ევროსკოპთან“.
14-15 მაისს კიშინაუში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
გუშინ, 10 მაისს პროპაგანდისტული ტვ „იმედის“ ეთერში მაკა ბოჭორიშვილმა თქვა, რომ „ხედავენ შეცვლილ რიტორიკას უკრაინის მხრიდან“ და „იმედი გამოთქვა, რომ დამოკიდებულება შეიცვლება საქმით და არა მხოლოდ სიტყვებით“.
4 მაისს ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა. სამიტი ერევანში გაიმართა.
მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, შეხვედრა უკრაინული მხარის ინიციატივით გაიმართა.
ერევანში ასევე ერთმანეთს შეხვდნენ მაკა ბოჭორიშილი და ანდრიი სიბიჰა.
შეხვედრის შემდეგ სიბიჰამ X-ზე დაწერა, რომ მათ ისაუბრეს „ორმხრივ, რეგიონულ და საერთაშორისო მოვლენებზე“, რომ „ასევე განიხილეს ევროპული ინტეგრაცია და ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლი გლობალურ საქმეებში“ და შეთანხმდნენ შემდგომ კონტაქტზე.