შიო მუჯირი წმინდა სინოდმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აირჩია.
გაფართოებული კრება დღეს, 11 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა.
მისი ტიტული იქნება შიო III – საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მიტროპოლიტი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მთავარეპისკოპოსი.
მის გარდა საპატრიარქო ტახტისთვის იბრძოდნენ მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი და ფოთისა და ხობის ეპარქიისს მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი.
შიო III-ის ინტრონიზაცია (ახალარჩეული პატრიარქის ან პაპის ტახტზე სადღესასწაულო აყვანის რიტუალი) ხვალ, 12 მაისს სვეტიცხოველში გაიმართება.
„კანონის მიხედვით, დიდ დღესასწაულზე უკვე უნდა იმსახუროს კათილიკოს-პატრიარქმა. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უახლოესი ასეთი დღესასწაული გახლავთ ხვალ – ეს არის წმინდამოციქულ ანდრიას საქართველოში შემოსვლის და საქართველოს ყოვლადწმინდა ღვვთისმშობლისადმი წილხვდომილობის დღესასწაული. ამიტომ, ინტრონიზაცია შედგება ხვალ, სვეტიცხოველში. მსახურება დაიწყება დილის 10:00 საათზე“, – თქვა ახლადარჩეულმა პატრიარქმა.
მიტროპოლიტმა იობმა 9 ხმა მიიღო, მიტროპოლიტმა გრიგოლმა – 7 ხმა.
პატრიარქი შიო III 58 წლისაა.
ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მურიჯმა დაამთავრა თბილისის 53-ე საშუალო სკოლა.
1988 წლიდან მან სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვიოლონჩელოს კლასში.
1993 წელს მორჩილი ელიზბარი აღკვეცეს მონაზვნად და უწოდეს სახელად შიო.
1995 წელს ბერი შიო დიაკვნად აკურთხეს, ხოლო 1996 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ, ბერ-დიაკონი შიო მღვდლად აკურთხა.
1997 წელს მღვდელმონაზონი შიო დაინიშნა თბილისის კლდისუბნის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად.
1998 წელს მან დაამთავრა ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია, რის შემდეგაც სწავლა მოსკოვის სასულიერო აკადემიის დაუსწრებელ განყოფილებაში გააგრძელა.
1998 წლის 3 აპრილს მღვდელმონაზონ შიოს მიენიჭა იღუმენის წოდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და დაინიშნა ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვრად.
1999 წლის 6 მარტიდან იგი თბილისის ანჩისხატის ტაძრის ღვთისმსახურია, ხოლო იმავე წლის 20 სექტემბრიდან — ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი.
2001 წლის ოქტომბრიდან იღუმენი შიო მსახურობს მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრად. ამავე პერიოდში იგი პარალელურად სწავლობდა მოსკოვის წმინდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში
2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა იღუმენი შიო გამოარჩია ახლადშექმნილი სენაკისა და ჩხოროწყუის ეპარქიის წინამძღოლად.
2007 წლის 25 დეკემბერს ეპისკოპოსი შიო დაჯილდოვდა წმიდა გიორგის ორდენით. 2009 წლის ეპისკოპოსი შიოს მიანიჭეს მთავარეპისკოპოსის ხარისხში, 2010 წელს კი მიტროპოლიტი გახდა.
2018 წლის ივნისში წმინდა სინოდმა სტატუსი დააზუსტა და მიტროპოლიტი შიო „საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრედ” გამოაცხადა.
მეუფე შიო არის ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტიც.