„ტყის მცველის“ ინსტიტუტი ბრუნდება, იცვლება ხე-ტყის გაყიდვის და სათბობად გამოყენების წესი – მთავრობას „ტყის კოდექსში“ ცვლილებები შეაქვს.
უფრო კონკრეტულად, დაგეგმილი ცვლილებით, იგეგმება „ტყის მცველის“ ინსტიტუტის აღდგენა. ეროვნულ სატყეო სააგენტოს ემატება ტყის ფიზიკური დაცვის ფუნქცია. უქმდება ის საკანონმდებლო ჩანაწერი, რომელიც სააგენტოს ამ ვალდებულებისგან ათავისუფლებდა.
„დღეისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება უკანონო ჭრები. ამ მიმართულებით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს უკანონო ჭრის პრევენციას უშუალოდ ტყეში, რაც მოითხოვს ეფექტური ფიზიკური დაცვის ორგანიზებას, შესაბამის ადამიანურ და ტექნიკურ რესურსებს, პასუხისმგებელი პირების განსაზღვრას კონკრეტულ ტერიტორიებზე და გეგმიურ თუ არაგეგმიურ მონიტორინგს. ამჟამად ეროვნულ სატყეო სააგენტოს არ აქვს ტყის ფიზიკური დაცვის ფუნქცია.
ფორმალურად არ არსებობს „ტყის მცველის“ პოზიცია, სპეციალისტებს არ აქვთ განსაზღვრული პასუხისმგებლობა კონკრეტულ ტერიტორიაზე ტყის დაცვის თვალსაზრისით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს კონტროლის ეფექტიანობას.
როცა 2021 წელს საქართველოს ტყის კოდექსი შევიდა ძალაში, მასში სპეციალურად გაჩნდა ჩანაწერი, რომ ტყის მართვის ორგანოებს არ ჰქონოდათ ვალდებულება ტყე დაეცვათ ფიზიკურად, მათ შორის, ტყის უკანონო ჭრის პრევენციული ღონისძიებების გატარების გზით, ვინაიდან, არ იყო შესაბამისი რესურსი.
ახლა როცა აღნიშნული სქემა იცვლება და ტყის მართვის ორგანოს ემატება ადამიანური რესურსიც, ეს ჩანაწერი აღარ არის აქტუალური და ამავდროულად კოლიზიაში მოდის ცვლილებასთან, ტყის ფიზიკური დაცვის ნაწილში“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ხე-ტყის დამზადებისა და რეალიზაციის კუთხით მოქმედი პრაქტიკა ბიუროკრატიულად რთული და არაეფექტიანია. ცხადდება ტენდერი, გამარჯვებულთან ფორმდება ხელშეკრულება, რის შემდეგაც დამამზადებელი ჭრის და რესურსი გადააქვს საქმიან ეზოში, სადაც ხე-ტყე ხარისხდება და აუქციონის წესით იყიდება.
„აღნიშნული პროცესი დროში გაწელილია და საჭიროებს რეალიზაციის მექანიზმის გადახედვას“, – წერია განმარტებით ბარათში.
შემოთავაზებული ცვლილებით, ხეტყის დამზადების აუქციონში გამარჯვებული პირი თავად დაამზადებს სამეურნეო ჭრით ხე-ტყეს.
კანონპროექტი ასევე თვალისწინებს დაცულ ტერიტორიებზე ტყის მოვლითი და სარეკონსტრუქციო ჭრების შედეგად მიღებული მერქნის გამოყენებას ადგილობრივი მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად. მოქმედი კანონით, მოსახლეობას გასათბობად მხოლოდ სამეურნეო და სანიტარული ჭრის შედეგად მიღებული შეშის გამოყენება შეუძლია, ხოლო მოვლითი და სარეკონსტრუქციო ჭრების შედეგად მიღებული მერქანი აუქციონით იყიდება.
„დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაქვემდებარებაში არსებულ დაცულ ტერიტორიებზე ტყით დაფარული ფართობი შეადგენს დაახლოებით 367 933 ჰექტარს. […] დღეის მდგომარეობით, ტყის მართვის გეგმა მომზადებული და დამტკიცებულია 210 219 ჰექტარი ტყის ფართობზე.
ტყის მართვის გეგმებით, ტრადიციული გამოყენების ზონებში ტყის ხარისხობრივი, რაოდენობრივი და სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილია მხოლოდ მოვლითი და სანიტარული ჭრის ღონისძიებები, ვინაიდან დაცულ ტერიტორიებზე სამეურნეო ჭრა არ ინიშნება. ამასთან, საქართველოს ტყის კოდექსის მოქმედი რედაქციის თანახმად, აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში დაგეგმილი ჭრებიდან ადგილობრივი მოსახლეობისთვის დასაშვებია სარგებლობა მხოლოდ სანიტარული ჭრის შედეგად მიღებული მერქნული რესურსით.
ამავე დროს, რიგ შემთხვევებში ადგილობრივ მოსახლეობას არ გააჩნია სათბობი მერქნის მოპოვების ალტერნატიული წყარო, გარდა დაცული ტერიტორიებისა, მათ შორის: ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის, ალგეთის ეროვნული პარკის, ნეძვის აღკვეთილის, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და სხვა დაცული ტერიტორიების ფარგლებში არსებული ტყეების.
დაცულ ტერიტორიებზე განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის დროს მოჭრილი მერქნული რესურსის რეალიზაცია ამჟამად ხორციელდება ელექტრონული აუქციონის გზით. დღეის მდგომარეობით სსიპ-დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიან ეზოებში დაგროვილია დაახლოებით 4000 კბ.მ საშეშე მერქანი, რომლის რეალიზაცია აუქციონებზე პრაქტიკულად ვერ ხერხდება“, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
ასევე, დაგეგმილი ცვლილებებით, არამერქნული რესურსებით და მეორეხარისხოვანი მასალით სარგებლობის უფლება ეძლევათ ინდივიდუალურ მეწარმეებსაც. აქამდე ეს მხოლოდ იურიდიულ პირებს შეეძლოთ.
„პრაქტიკამ აჩვენა, რომ აღნიშნული საქმიანობით დაინტერესებულნი არიან ინდივიდუალური მეწარმეებიც. აღნიშნული რეგულაცია არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს მეწარმე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რის გამოც მიზანშეწონილია [კანონში] ცვლილება შევიდეს და ტყით სპეციალური სარგებლობის უფლება მიენიჭოთ მეწარმე ფიზიკურ პირებსაც“, – ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.
მიღების შემთხვევაში კანონის აღსრულებისთვის საჭირო გახდება ეროვნული სატყეო სააგენტოსთვის 499 თანამშრომლის დამატება:
- 4 უბნის უფროსი – ხელფასი თვეში 3200 ლარი
- 94 მეტყევე – ხელფასი თვეში 2880 ლარი
- 401 ტყის მცველი – ხელფასი თვეში 2080 ლარი.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, 2026 წელს საჭირო იქნება, ბიუჯეტიდან გამოიყოს, დაახლოებით 28 800 000 ლარი, მათ შორისაა ახალი თანამშრომლების 6 თვის ხელფასი – 6 705 000 ლარი, ტექნიკა/აღჭურვილობისთვის თანხა 16,490,000 ლარი, სატყეო გზების მოწყობა-რეაბილიტაცია – 4,795,000 ლარი; ასევე თანხა დაზღვევისთვის, უნიფორმისთვის, საწვავისთვის და ა.შ.
ამასთან, 2026 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებით შევა საშემოსავლო გადასახადი ახალი თანამშრომლების 6 თვის ხელფასიდან დაახლოებით 1 341 120 ლარი (6 თვის ხელფასი შეადგენს 6 705 600 ლარს, ამ თანხის 20 % ). ხოლო, 2027-2029 წლებში კი (12 თვის ხელფასიდან – 13 411 200 ლარი) – 2 682 240 ლარი ყოველწლიურად.