ევროსაბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე 36-მა ქვეყანამ და ევროკავშირმა გამოხატა მზადყოფნა, შეუერთდნენ ახალ გაფართოებულ შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც უნდა შეიქმნას სპეციალური ტრიბუნალი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშულებისთვის.
ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე მინისტერიალის სესია მოლდოვის დედაქალაქ მიმდინარეობს.
ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ შეხვედრაზე განაცხადა:
„ამ სახელმწიფოებმა გადადგეს გადამწყვეტი ნაბიჯი სპეციალური ტრიბუნალის ფაქტობრივი დაფუძნებისა და უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისთვის პასუხისმგებლობის აღიარებისკენ. სპეციალური ტრიბუნალი სამართლიანობისა და იმედის სიმბოლოა. ახლა საჭიროა ზომების მიღება ამ პოლიტიკური ვალდებულების სისრულეში მოსაყვანად, ტრიბუნალის ფუნქციონირებისა და დაფინანსების უზრუნველყოფის გზით. ახლოვდება დრო, როდესაც რუსეთს პასუხი მოეთხოვება აგრესიის გამო. ჩვენ წინაშე არსებული გზა სამართლიანობის გზაა და სამართლიანობამ უნდა გაიმარჯვოს“.
გენერალურმა მდივანმა მოუწოდა სახელმწიფოებს, რაც შეიძლება მალე დაასრულონ ყველა საჭირო ეროვნული პროცედურა სპეციალურ ტრიბუნალში გასაწევრებლად. ტრიბუნალი გამოიძიებს, სისხლისსამართლებრივ დევნას განახორციელებს და გაასამართლებს მათ, ვისაც მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულზე. მისი მიზანია, შეავსოს ხარვეზი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) იურისდიქციაში და პასუხისგებაში მისცეს ამ დანაშაულში ჩართული მაღალი თანამდებობის პირები.
შეხვედრაზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიჰამ თქვა:
„ევროპისა და მსოფლიოს მორალური ფუნდამენტი მხოლოდ მაშინ აღდგება, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული დაისჯება. ეს არ არის წარსულის საკითხი. ეს მომავლის საკითხია. სიმართლის, სამართლიანობისა და ნდობის საერთო სივრცის აღდგენის საკითხი“.
მინისტრებმა ასევე მიესალმნენ სახელმწიფოების მხრიდან გამოხატულ ძალიან ფართო მხარდაჭერას იმ კონვენციის მიმართ, რომელიც უკრაინისთვის ზიანის ანაზღაურების საერთაშორისო კომისიას აფუძნებს და სხვა ქვეყნებსაც მოუწოდეს, შეუერთდნენ მათ, რათა უზრუნველყოფილ იქნას კომპენსაციის მექანიზმის სწრაფი შექმნა.
ზიანის ანაზღაურების საერთაშორისო კომისია არის რუსეთის აგრესიულ ომთან დაკავშირებული კომპენსაციის ყოვლისმომცველი მექანიზმის მეორე ნაწილი, რომელიც დაეფუძნება უკრაინისთვის მიყენებული ზარალის რეგისტრს.
ზარალის რეგისტრი, რომელიც 2023 წელს შეიქმნა, აგროვებს და აღრიცხავს უკრაინაში ფიზიკური პირების, ორგანიზაციებისა და საჯარო უწყებების მიერ წარდგენილ საკომპენსაციო მოთხოვნებს.
დღეის მდგომარეობით, რეგისტრს, რომელმაც უკვე მიიღო 150 000-ზე მეტი განაცხადი, 44 სახელმწიფო და ევროკავშირი შეუერთდა.
ზიანის ანაზღაურების საერთაშორისო კომისია განიხილავს, შეაფასებს და გადაწყვეტს ზარალის რეგისტრში წარდგენილ მოთხოვნებს და განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თითოეულ კონკრეტულ საქმეზე. იგი ასევე შეაფასებს იმ მოთხოვნებს, რომლებიც მიღებული იქნება ზარალის რეგისტრის საერთაშორისო საკომპენსაციო კომისიაში ინტეგრირების შემდეგ, როგორც ეს კონვენციით არის გათვალისწინებული.