კიშინაუში ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე მინისტერიალის ​სესია მიმდინარეობს

პუბლიკა

მოლდოვის დედაქალაქ კიშინაუში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე მინისტერიალის სესია მიმდინარეობს. ღონისძიებაში 50-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს, მათ შორის 20-ზე მეტი – სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრია.

ღონისძიებაში მონაწილეობს მაკა ბოჭორიშვილიც.

შეხვედრას ესწრება პრეზიდენტი მაია სანდუ.

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიჰაი პოპშოიმ თქვა, რომ „მოლდოვის რესპუბლიკისთვის დიდი პატივია ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის, მანდატის დასრულებას აღნიშნავს“.

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა:

„მშვიდობა მხოლოდ ომის არარსებობა არ არის. ის უნდა აშენდეს, შენარჩუნდეს და დაცული იყოს.  დემოკრატიის დაცვა ათწლეულების წინ შექმნილი ინსტრუმენტებით აღარ შეიძლება. ახლა ჩვენ გვჭირდება ახალი კანონმდებლობა დემოკრატიის დასაცავად, რომელიც დაიცავს დემოკრატიულ საზოგადოებებს გარე თავდასხმებისგან, მათი შიგნიდან ჩაკეტვის გარეშე“.

შეხვედრაზე იმსჯელებენ უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებაზე ომისშემდგომი პასუხისმგებლობისა და რეკონსტრუქციის აქცენტით, დეზინფორმაციისა და უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლაზე, უსაფრთხოების გაძლიერებასა და დემოკრატიული მდგრადობის გაძლიერებაზე.

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრები ასევე განიხილავენ ევროპის დემოკრატიულ პაქტს, ევროპის საბჭოს სამომავლო საგარეო მოქმედების სტრატეგიას, მიგრაციას და საერთაშორისო თანამშრომლობისა და მრავალმხრივი დამოკიდებულების გაძლიერებას.

ღონისძიების დასასრულს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა მონაკოს სამთავროს გადაეცემა.