ირაკლი კობახიძე ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებს ღია წერილით მიმართავს

პუბლიკა

ირაკლი კობახიძე ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებს, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტასა და ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს.

კობახიძე წერილში აღნიშნავს, რომ საქართველო ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყანაა, რომელიც ისტორიულად და კულტურულად ევროპული სივრცის ნაწილია და ევროკავშირში გაწევრებისკენ ისწრაფვის.

წერილში კვლავ გამეორებულია პროპაგანდისტული ნარატივი, რომ „ევროკავშირმა საქართველოსთან ურთიერთობა ცალმხრივად გაწყვიტა“, მათივე ინიციატივით, „რის შემდეგაც არაერთხელ იქნა უარყოფილი ჩვენ მიერ შეთავაზებული დისკუსიისა და თანამშრომლობის ფორმატები“.

ირაკლი კობახიძე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დანიის დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს და ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიუ კოშტასა და რობერტა მეცოლას შეკითხვებით მიმართავს:

„როგორც ევროპული ცივილიზაციის ნაწილს და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას, გვაქვს კითხვები იმ შემაშფოთებელ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც შუაგულ ევროპაში, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში განვითარდა და რომლებსაც, ვფიქრობთ, არაფერი აქვს საერთო არც ევროპასთან და არც ევროპულ ღირებულებებთან.

ქალბატონო ურსულა, ბატონო ანტონიო, ქალბატონო რობერტა, მოგმართავთ კითხვით თქვენ, როგორც ევროკავშირის უმაღლესი ინსტიტუტების წარმომადგენლებს – როგორ აფასებთ იმ ძალადობას, რომელიც დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში განვითარდა, როდესაც მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეებს ჯერ ხელკეტებით გაუსწორდნენ, შემდეგ კი მათ წინააღმდეგ ძაღლები გამოიყენეს?

იმ უმძიმესმა კადრებმა, სადაც ვიხილეთ, თუ როგორ საშინლად არბევს პოლიცია მშვიდობიან დემონსტრანტებს, საერთაშორისო საზოგადოებას ნათლად დაანახა შემაშფოთებელი რეალობა – თუკი წლების განმავლობაში ევროპა დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, აგრეთვე სხვა ფუნდამენტური ღირებულებების დაცვის ეტალონად მიიჩნეოდა, დღეს სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება საპირისპირო ტენდენცია. არსებული ვითარება აჩენს საფრთხეს, რომ ევროპა შესაძლოა იქცეს არა ამ ღირებულებების დაცვის, არამედ მათი უგულებელყოფისა და უხეში დარღვევის ეტალონად.

საქართველოსთვის, ისევე, როგორც ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც დემოკრატიული ღირებულებების ერთგულია, კატეგორიულად მიუღებელია როგორც ის ძალადობა, რომელიც კოპენჰაგენში ვიხილეთ, ისე ის ფაქტი, რომ ევროკავშირი აღარ იცავს ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებსაც დაეფუძნა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბუნებრივია, თქვენ მიმართ ჩნდება კითხვები, მათ შორის კითხვები იმის შესახებ, შეესაბამება თუ არა ასეთი ძალადობრივი ქმედებები იმ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების იმ სტანდარტებს, რომელთა ერთგულებასაც ევროკავშირი მუდმივად უსვამს ხაზს და რომლისკენაც მსოფლიოს ქვეყნები მიისწრაფოდნენ?

როგორც ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირები, როგორ ფიქრობთ, სად მიჰყავს ევროპა იმ პროცესებს, რომლებიც დემოკრატიულ უკუსვლას, ეკონომიკურ სტაგნაციას, მიგრაციულ კრიზისს, ისტორიული მეხსიერების დაკნინებას, ეროვნული და სქესობრივი იდენტობების შესუსტებას და საზოგადოებრივი თვითმყოფადობის რღვევას უკავშირდება? როგორ აღმოჩნდა ევროპა, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის განვითარების, თავისუფლებისა და დემოკრატიის მაგალითად მიიჩნეოდა, ასეთ ღრმა ღირებულებით კრიზისში და ზოგადად, საით მიჰყავს ევროკავშირი ამ გზას?

სამწუხარო და შემაშფოთებელი ფაქტია, რომ დღეს ევროკავშირი ხშირად უგულებელყოფს საზოგადოების ბუნებრივ, კულტურულ და ისტორიულ საფუძვლებს. ჩნდება განცდა, რომ ევროპული სივრცე თანდათან შორდება იმ პრინციპებს, რომლებმაც ის მსოფლიოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სიმბოლოდ აქცია.

საქართველო, ევროპული, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა თქვენგან მკაფიო პასუხს ელის – რა გეგმა აქვს ევროკავშირს, რა მიმართულებით ვითარდება მოვლენები გაერთიანების შიგნით და რა იქნება ამ შემაშფოთებელი პროცესების საბოლო შედეგი, პროცესებისა, რომლებზეც არა მხოლოდ ჩვენ ვსაუბრობთ, არამედ სხვა ევროპული ქვეყნების მოსახლეობა თუ პოლიტიკური ლიდერებიც საჯაროდ საუბრობენ?“, – ნათქვამია კობახიძის წერილში.

დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში პროპალესტინელმა აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს, რომლის მონაწილეები ისრაელისთვის განკუთვნილი სამხედრო ტვირთის გადაზიდვასა და კომპანია Maersk-ის ამ პროცესებში შესაძლო მონაწილეობას აპროტესტებდნენ. მათი მტკიცებით, არსებობს დიდი რისკი იმისა, რომ შეიარაღება გამოყენებული იყოს ღაზის სექტორში.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 13 მაისს აქტივისტებმა კომპანია Maersk-ის სათავო ოფისის ბლოკირება სცადეს. დანიის პოლიციამ აქციის მონაწილეებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა, რადგან ადგილი კერძო საკუთრებად ითვლებოდა, თუმცა ადგილზე აქტივისტები მაინც დარჩნენ.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ აქციის დაშლისას პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ხელკეტები გამოიყენა, ასევე გამოიყვანა სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებიც. აქციის მონაწილეებმა პოლიცია ძალის გადამეტებაში დაადანაშაულეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დააკავეს 20-მდე აქტივისტი.