საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აფასებს ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას ირაკლი მილაძის საქმეზე.
ირაკლი მილაძემ 2022 წელს TikTok-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მან გააკრიტიკა თბილისის ურბანული სატრანსპორტო პოლიტიკა და გამოიყენა უცენზურო სიტყვები, მათ შორის „ნაბ***რი თბილისის მერის, მერიის თანამშრომლების და პოლიციის წინააღმდეგ.
ირაკლი მილაძე სამართალდამრღვევად ცნეს წვრილმანი ხულიგნობის მუხლით და 500 ლარით დააჯარიმეს.
სტრასბურგის სასამართლომ დღეს, 19 მაისს მიღებული გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ მილაძის მიმართ არ დარღვეულა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 – გამოხატვის თავისუფლების მუხლი.
საიას მიხედვით, ევროსასამართლომ დარღვევა არ დაადგინა შემდეგი მიზეზების გამო:
- სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებელს საბოლოოდ დაეკისრა 500 ლარის (180 ევრო) ოდენობის ჯარიმა, რაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის მინიმალური თანხაა;
- სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა;
- მას არ შეფარდებია თავისუფლების აღკვეთა;
- ხელისუფლებამ არ მოითხოვა ვიდეოს წაშლა, მისი სოციალური მედიის ანგარიშის შეზღუდვა ან უფრო ფართო ცენზურის რაიმე ფორმა;
- დაკისრებულმა სანქციამ არ შეუშალა ხელი განმცხადებელს პოლიტიკური აქტივიზმის გაგრძელებაში.
„სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმას, რომ სანქციის ასეთი მცირე ოდენობა მნიშვნელოვანი ფაქტორია პროპორციულობის შეფასებისას.
ასევე, მნიშვნელოვანია, რომ სააპელაციო სასამართლომ განმცხადებელი გაამართლა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული პარალელური ბრალდებისგან (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა).
თავიდან პირს შეფარდებული ჰქონდა 2000-ლარიანი ჯარიმა, რომელიც სააპელაციო სასამართლომ შეამცირა 500 ლარამდე და აჩვენა მიდგომა, რომელიც მიმართული იყო მხოლოდ სიტყვის იმ ელემენტებზე, რომლებიც წარმოადგენდა უკიდურეს პირად შეურაცხყოფას“, – წერს საია.
ორგანიზაცია წერს, რომ 2023 წლისგან განსხვავებით, დღევანდელი ვითარება ხასიათდება ადამიანის უფლებების უმძიმესი კრიზისით, სადაც გამოხატვის თავისუფლება რეპრესიების მთავარი სამიზნეა.
„შეურაცხყოფის მოტივით ადამიანების წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების წარმოება დროის გარკვეულ მომენტში შსს-სათვის რუტინად იყო ქცეული 2025 წელს. პირებს ეფარდებოდათ არა მარტო მაღალი ოდენობის სანქცია, არამედ პატიმრობაც კი.
სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახედ განისაზღვრა ჯარიმა 1500-იდან 4000 ლარამდე ან პატიმრობა 45 დღემდე, განმეორებითი ქმედებისთვის კი ჯარიმა 2500-იდან 6000 ლარამდე ან პატიმრობა 5-იდან 60 დღემდე.
ევროსასამართლოს დღეს მიღებული გადაწყვეტილება მკაფიოდ განსაზღვრავს იმ სახელმძღვანელო სტანდარტს, რომელიც სულაც არ აძლევს საშუალებას შინაგან საქმეთა სამინისტროს, აწარმოოს თავისუფალი აზრის დევნის კოორდინირებული პრაქტიკა“, – წერს საია.
ორგანიზაცია მიუთითებს ევროსასამართლოს განმარტებებზე, რომლებიც ამ სტანდარტს აწესებს:
-
დაუშვებელია ისეთი სანქციის გამოყენება, რომელიც არის მძიმე ან არაპროპორციული (მაგალითად, მაღალი ოდენობის ჯარიმა ან სისხლისსამართლებრივი სანქცია), რადგან ეს ახდენს არსებით ზეწოლას გამოხატვის თავისუფლებაზე.
-
საქმეს არ უნდა ჰქონდეს სისხლისსამართლებრივი ხასიათი ან არ უნდა არსებობდეს თავისუფლების აღკვეთის რეალური რისკი (მათ შორის, ადმინისტრაციული სახით).
-
სახელმწიფოს მხრიდან არ უნდა მოხდეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მისი გავრცელების დონეზე, მათ შორის, კონტენტის ამოღება, ანგარიშების დაბლოკვა ან ცენზურის სხვა ფორმა.
-
დაკისრებულმა სანქციამ არ უნდა შექმნას “მსუსხავი ეფექტი“ (chilling effect) და რეალურად არ უნდა აფერხებდეს ან აშინებდეს მოქალაქეებს საჯარო დებატებში მონაწილეობისგან.
-
ეროვნულმა სასამართლოებმა უნდა დაიცვან სათანადო ბალანსი და უნდა განასხვაონ დაცული პოლიტიკური ან საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სიტყვა და დაუცველი გამოხატვა (მაგალითად, პირადი შეურაცხყოფა).
-
ეროვნულმა ორგანოებმა უნდა დაასაბუთონ ჩარევის აუცილებლობა და გადაწყვეტილება უნდა დაამყარონ საკმარის და რელევანტურ მიზეზებზე.
-
თავად ვულგარული ფრაზების გამოყენება არ არის გადამწყვეტი ფაქტორი გამოხატვის შეურაცხმყოფლად მიჩნევისას, რადგან მას შესაძლოა მხოლოდ სტილისტური დატვირთვა ჰქონდეს. სასამართლოს განმარტებით, სტილი კომუნიკაციის განუყოფელი ნაწილია, როგორც გამოხატვის ფორმა და იგი, შინაარსთან ერთად, დაცულია გამოხატვის თავისუფლებით.
-
უზრუნველყოფილი უნდა იყოს ეფექტიანი სასამართლო კონტროლი, ხოლო ზემდგომმა ინსტანციებმა უნდა შეასწორონ აშკარა არაპროპორციული ჩარევა.
„ამგვარი გარემოებების (ერთის ან/და მეტის) არსებობისას, სახელმწიფოს ჩარევა სცდება დასაშვებ ზღვარს და იწვევს გამოხატვის თავისუფლების დარღვევას.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტები გამოხატვის თავისუფლებაზე მკაფიოდ განსაზღვრავს სახელმწიფოს ჩარევის ზღვარს.
ბუნდოვანი ნორმების, არაპროპორციული სანქციებისა და შემზღუდავი მექანიზმების გამოყენება ზრდის რისკს, რომ ეს უფლება ცენზურას დაექვემდებაროს“, – წერს საია.