სუსის ცნობით, პანკისში ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ წევრი საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს. უწყების განცხადებით, გაერთიანებული იყვნენ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში და ტერორისტული საქმიანობის განხორციელების მიზნით უცხო ქვეყნიდან იღებდნენ მითითებებს.
„ისინი პანკისის ხეობაში ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერი, ეგრეთ წოდებული, ჯამაათის ჩამოყალიბებას და ტერორისტულ საქმიანობაში სხვა პირების ჩართვას ცდილობდნენ, რისთვისაც სხვადასხვა ლოკაციაზე აწყობდნენ ფარულ, კონსპირაციულ შეხვედრებს და ეწეოდნენ ტერორისტული იდეოლოგიის პროპაგანდას” – თქვა ბრიფინგზე სუსის უფროსის მოადგილე ლაშა მაღრაძემ.
ლაშა მაღრაძის თქმით, კონტრტერორისტული ცენტრისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებმა გასულ ღამეს პანკისის ხეობის სოფლებში: ომალოში, ბირკიანსა და ჯოყოლოში ჩატარებული მასშტაბური ღონისძიებები ჩაატარეს. სუსის ცნობით, აღნიშნული პირები უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების მუხლით დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირები გაერთიანდნენ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში და ტერორისტული საქმიანობის განხორციელების მიზნით უცხო ქვეყნიდან იღებდნენ გარკვეულ მითითებებს. ისინი პანკისის ხეობაში ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერი, ეგრეთ წოდებული, ჯამაათის ჩამოყალიბებას და ტერორისტულ საქმიანობაში სხვა პირების ჩართვას ცდილობდნენ, რისთვისაც სხვადასხვა ლოკაციაზე აწყობდნენ ფარულ, კონსპირაციულ შეხვედრებს და ეწეოდნენ ტერორისტული იდეოლოგიის პროპაგანდას.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულებისა და მათთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების მიმართ მიმდინარეობდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები და ტარდებოდა შესაბამისი სამართლებრივი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია რამდენიმე ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერება, საბრძოლო მასალა, მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა და სხვა ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, ასევე ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ დროშა, მათი სიმბოლიკის ამსახველი ნივთები და პირადი დოკუმენტები” – თქვა ბრიფინგზე მაღრაძემ.
სუსის ინფორმაციით, გამოძიება სსსკ 328-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს და სასჯელის სახით 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დანაშაულში ჩართული სხვა პირების გამოვლენისა და მათი სისხლისსამართლის პასუხისგებაში მისაცემად აღნიშნულ საქმეზე გამოძიება გრძელდება.