პაპუაშვილი: ბრიტანეთის ელჩი საუბრობდა, რომ საქართველოში რუსული ნავთობპროდუქტები არ უნდა შემოსულიყო. ბიზნესზე ზეწოლა განახორციელეთო

პუბლიკა

შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ბრიტანეთის ელჩი ხელისუფლებისგან ბიზნესზე ზეწოლის განხორციელებას მოითხოვდა იმისთვის, რომ მათ რუსული ნავთობი არ შემოეტანათ. ეს განცხადება შალვა პაპუაშვილმა გააკეთა შეკითხვის საპასუხოდ, რომელიც დიდი ბრიტანეთის მიერ მესამე ქვეყნებში გადამუშავებულ რუსულ ნავთობზე სანქციების შემსუბუქებას ეხებოდა.

პაპუაშვილის თქმით, „ბრიტანეთის მთავრობა ფარისეველია“, რადგან ერთი მხრივ, ელჩი პირდაპირ ითხოვდა, რომ საქართველოში არ შემოსულიყო რუსული ნავთობი, მეორე მხრივ კი დღეს თავად „გააუქმა რუსეთზე სანქციები“.

„ეს ნიშნავს მხოლოდ ერთ რამეს – რამდენად ფარისეველია ბრიტანეთის მთავრობა, რომელიც საქართველოსგან პირდაპირ ითხოვდა, რომ საქართველოში არ შემოსულიყო რუსეთიდან ნავთობპროდუქტები. და საზოგადოებას ვეტყვი ერთ ამბავს: სწორედ ბრიტანეთის ელჩი პირადად დადიოდა სხვადასხვა კაბინეტში, მათ შორის, პარლამენტში პარლამენტის სხვადასხვა წევრთან, ითხოვდა შეხვედრებს ხან ჩაიზე, ხან კაბინეტში, ხან როგორ და ნახევრად მუქარაშერეული ტონით ესაუბრებოდა იმაზე, რომ საქართველოში არ უნდა შემოსულიყო რუსული ნავთობპროდუქტები.

როცა ეუბნებოდნენ, კი მაგრამ, რა გზით უნდა გააკეთოს ეს საქართველომ, გამოდის, სანქცია უნდა დაუწესოს რუსეთს, ვინაიდან სხვანაირად როგორ უნდა შეზღუდოს თავისუფალი ვაჭრობა, საუბრობდა, რომ სანქცია აუცილებელი არ არის, ბიზნესზე ზეწოლა განახორციელეთ, რომ მათ არ შემოიტანონო.

აი, ასეთი წარმოდგენა აქვს ბრიტანეთის ელჩს, რომ ხელისუფლებამ ბიზნესზე ზეწოლით… სინამდვილეში ის გულისხმობდა, რომ სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის, ან სანქციები უნდა დაგვეწესებინა, ან ბიზნესზე ზეწოლა უნდა მოგვეხდინა, რომ არ ევაჭრა ისე, როგორც სურდა.

როცა მას ეუბნებოდნენ, რომ მაშინ გამოვა, სხვა ბაზარზე უნდა მოიძიონ ნავთობპროდუქრები, რაც გააძვირებს საქართველოში ბენზინს, ბენზინის გაძვირება გააძვირებს პურის ფასს, პურის გაძვირება გააძვირებს სხვა რამეს და საბოლოოდ გაძვირდება ცხოვრება – ამაზე მისი პასუხი იყო, რას იზამთ, ჩვენს მოქალაქეებსაც გაუძვირდათ ცხოვრება, მეტს იხდიან და თქვენებმაც მეტი გადაიხადონო. ესაა პირდაპირი ციტატა ბრიტანეთის მოქმედი ელჩის ციტატისა.

დღეს ვიგებთ, რომ თავად ბრიტანეთმა გააუქმა სანქციები თურმე რუსეთის და რასაც ეძახდნენ, რომ რუსეთთან ვაჭრობა იძლევა საშუალებას, ტანკები გამოუშვან და შემდეგ უკრაინელებს ესროლონ, აი რუსეთს ტანკებისთვის ფული მისცეს, მათივე ლოგიკით თუ ვისაუბრებთ.

ამ ისტორიის მორალია, რომ ბრიტანეთის ელჩს საქართველოს მოსახლეობა ძალიან დიდად არ ანაღვლებს. მისთვის მნიშვნელოვანია დავალებების შესრულება, აიძულოს რაღაც გადაწყვეტილებები. რა დაემართება საქართველოს მოქალაქეს, კორექტულად რომ ვთქვა, ნაკლებად აღელვებს.

ჩვენ რომ მოგვესმინა ბრიტანეთის მოქმედი ელჩისთვის, დღეს საქართველო ამ ესკალაციის შედეგად… ალბათ გაწყდებოდა ეკონომიკური კავშირები რუსეთთან, ჩავცვივდებოდით ეკონომიკურ კოლაფსში. დღეს ამ ნიუსს წავიკითხავდით დანგრეული ეკონომიკის ხალხი. ასეთი ამორალურია საერთაშორისო პოლიტიკა და ეს უნდა გააცნობიერონ იმათ, ვინც პარლამენტის წინ ბრიტანეთის დროშებს აფრიალებენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის ამ განცხადებების საპასუხოდ „პუბლიკა“ ბრიტანეთის საელჩოს დაუკავშირდა. მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ შეამსუბუქა სანქციები იმ რუსულ ნავთობზე, რომლებიც მესამე ქვეყნებში გადამუშავდება დიზელად და საავიაციო საწვავად. გადაწყვეტილება ძალაში დღეიდან, 20 მაისიდან შედის. მიზეზი ფასების ზრდაა, რომელიც აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანში ომის დაწყების შემდეგ ირანის მხრიდან ჰორმუზის სრუტის ბლოკირებამ განაპირობა. ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ზოგადი სანქციები უფრო გამკაცრდა, თუმცა საჭირო გახდა გარკვეული მოქნილობა.