გუნბამ პრესკონფერენციაზე ეკონომიკასა და რუსეთთან ურთიერთობებზე ილაპარაკა

პუბლიკა

ავტორი: OC Media

ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტმა, ბადრა გუნბამ არჩევნების შემდეგ გამართულ პირველ დიდ პრესკონფერენციაზე ყურადღება ეკონომიკასა და რუსეთთან ურთიერთობებზე გაამახვილა.

ეს იყო ბადრა გუნბას პირველი დიდი პრესკონფერენცია 2025 წლის მარტში პრეზიდენტად არჩევის შემდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ პრესკონფერენცია ფორმალურად ეძღვნებოდა იმას, თუ რას მიაღწია მთავრობამ გასული წლის განმავლობაში, ის გადაიქცა დეტალურ დისკუსიად ეკონომიკის მდგომარეობაზე, ინფრასტრუქტურულ შეზღუდვებსა და აფხაზეთის დამოკიდებულებაზე გარე ფაქტორებზე, ძირითადად რუსეთთან ურთიერთქმედების ჭრილში.

გუნბამ 15 მაისს გამართული პრესკონფერენცია პოზიტიური სტატისტიკური მონაცემების ჩამოთვლით დაიწყო, მათ შორის იყო მშპ-ის 30%-ზე მეტი ზრდა, ბიუჯეტის შემოსავლების გაზრდა 21,7 მილიარდ რუბლამდე (300 მილიონი დოლარი) და შიდა შემოსავლების წილის გაზრდა 61%-ით.

თუმცა ჟურნალისტის პირველივე კითხვამ ინფლაციისა და ფასების მატების შესახებ მალევე შეცვალა საუბრის ფოკუსი და გამოაჩინა, რომ მაკროეკონომიკური მაჩვენებლები მალავს უფრო მოწყვლად ეკონომიკურ სტრუქტურას, სადაც ზრდა დიდწილად თანაარსებობს შეზღუდულ სტაბილურობასა და ჩრდილოვან ეკონომიკასთან.

გუნბამ მართლაც აღიარა ინფლაციის გავლენა მოქალაქეების რეალური შემოსავლების შემცირებაზე და თქვა, რომ ინფლაცია „ყოველწლიურად იზრდებოდა“ და რომ ეს იყო ტენდენცია, რომელიც „შეინიშნება არა მხოლოდ აფხაზეთში, არამედ მეზობელ ქვეყნებშიც და მისი მიზეზები საკმაოდ აშკარაა“.

რაც შეეხება მთავრობის საპასუხო ნაბიჯებს ამის წინააღმდეგ, გუნბამ ილაპარაკა საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების გაზრდასა და კერძო სექტორის სტიმულირების მცდელობებზე. თუმცა, მთავარი აქცენტი სხვა რამეზე – ეკონომიკის ნაცრისფერი ზონიდან გამოყვანის საჭიროებაზე გაკეთდა.

ამის ერთ-ერთ ძირითად ინსტრუმენტად ფართომასშტაბიანი საგადასახადო ადმინისტრირების რეფორმა და სალარო აპარატების შემოღება დასახელდა. გუნბას თქმით, ათასზე მეტი სალარო აპარატის დანერგვის პროცესი უკვე დაწყებულია, მიუხედავად ზოგიერთი ბიზნესის მხრიდან წინააღმდეგობისა.

„სახელმწიფო ვეღარ დაუშვებს, რომ ეკონომიკა ნაცრისფერ ზონაში დარჩეს. აქ კომპრომისი შეუძლებელია“, – განაცხადა ბადრა გუნბამ.

მან დიდი დრო დაუთმო ენერგეტიკაზე – აფხაზეთის ერთ-ერთ ყველაზე სენსიტიურ თემაზე საუბარს.

„თითოეულ თქვენგანს ახსოვს 2024 წელი, როდესაც ელექტროენერგია 10-12 საათით გეგმიურად ითიშებოდა.  თითოეულმა თქვენგანმა საკუთარ თავზე გამოსცადა, რამდენად რთულია სითბოს და შუქის გარეშე ცხოვრება“, – თქვა გუნბამ.

მან დასძინა, რომ ენერგოსისტემა ქრონიკულ დეფიციტშია, ხოლო ქსელში არსებული დანაკარგები მოითხოვს არა მხოლოდ ტექნიკურ გადაწყვეტებს, არამედ უფრო მკაცრ ზედამხედველობას. ამ პრობლემის მოსაგვარებლად მთავრობამ გამოაცხადა ქვესადგურების რეკონსტრუქცია, ელექტროგადამცემი ხაზების განახლება და მოხმარების აღრიცხვის შემოღება.

თუმცა, გუნბამ ასევე აღნიშნა, რომ არსებული სტაბილურობის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის მხარდაჭერით არის უზრუნველყოფილი.

„ეს არის უზარმაზარი მხარდაჭერა. თუ მას ფულად გამოხატულებაში გადათარგმნით, ეს არის 2 მილიარდ რუბლზე (28 მილიონი დოლარი) მეტი“, — თქვა მან.

გუნბამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ლოჯისტიკასაც, წინა პლანზე წამოსწია სოხუმის აეროპორტის გახსნა და განაცხადა, რომ საჰაერო მიმოსვლის აღდგენა ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა უნდა გახდეს.

მან ყურადღება გაამახვილა აფხაზეთის გავლით სატრანზიტო მარშრუტების განვითარებაზე, სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაციაზე და საზღვაო ინფრასტრუქტურის, მათ შორის ოჩამჩირის პორტის მეშვეობით ტრანზიტის გაზრდაზე.

გუნბამ აღნიშნა, რომ ამ განვითარების შედეგად მთავრობა ელოდება საგადასახადო შემოსავლების ზრდას, სამუშაო ადგილების შექმნას და ტურიზმის გაფართოებას, თუმცა, არსებითად, ეს ცვლილებები არის მცდელობა, რომ აფხაზეთი გარდაიქმნას უფრო აქტიურ რეგიონულ სატრანსპორტო კვანძად რუსეთის მონაწილეობითა და ინვესტიციებით.

ფულადი დახმარების გარდა მან პრესკონფერენციის მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმო რუსეთთან ურთიერთობას სოციალურ სფეროში. ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური საკითხი ამ მხრივ გახდა იმ აფხაზი მოქალაქეების მდგომარეობა, რომლებიც ჩაერთნენ რუსეთის სამთავრობო სოციალურ პროგრამაში „დედობის (ოჯახის) კაპიტალი“ და შესაბამისი თანხები მიიღეს, შემდეგ კი სამართლებრივი დევნის წინაშე აღმოჩნდნენ.

„დედობის (ოჯახის) კაპიტალი“ რუსეთის სახელმწიფო დემოგრაფიული და სოციალური დახმარების პროგრამაა, რომელიც ოჯახებს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სუბსიდიებს სთავაზობს შვილების გაჩენის ან შვილად აყვანის შემთხვევაში. 2007 წელს დაარსებული პროგრამა გასცემს სერტიფიკატს, რომელიც გამოიყენება კონკრეტული საჭიროებებისთვის, როგორიცაა საცხოვრებელი, განათლება ან პენსიაზე გასვლა.

ამ პროგრამაში მონაწილეობის გამო რუსეთში, აფხაზეთში მცხოვრები ზოგიერთი ქალის მიმართ წამოიწყეს სისხლის სამართლის საქმე თაღლითობის ბრალდებით. რუსული მხარის მტკიცებით, აფხაზეთში მცხოვრები ქალები, რომლებსაც აქვთ რუსეთის მოქალაქეობა, პროგამის ბენეფიტების მისაღებად ამტკიცებდნენ, რომ რუსეთში ცხოვრობდნენ.

„პირადად ჩემთვის ეს პრიორიტეტული საკითხია“, – თქვა გუნბამ და დასძინა, რომ მიმდინარეობს მუშაობა სამართლებრივ მექანიზმებზე პრობლემის მოსაგვარებლად.

გუნბამ ასევე მადლობა გადაუხადა რუს კოლეგებს გადაწყვეტილებების ძიებაში მონაწილეობისთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაგრძელდება დიალოგი სოციალურ გარანტიებზე.

ბოლოს გუნბამ განიხილა დემოგრაფიული პოლიტიკა და რეპატრიაცია და აღიარა, რომ ამჟამინდელმა მოდელმა არ გამოიღო მოსალოდნელი შედეგები.

„ჩვენ გვჭირდება რეპატრიაციის მთელი კონცეფციის გადატვირთვა. ეს ეხება არა მხოლოდ თურქეთს, არამედ რუსეთსაც, ისევე როგორც ურთიერთქმედებას ჩრდილოეთ კავკასიაში აბაზურ თემებთან“, — თქვა გუნბამ.

თავის გამოსვლაში გუმბამ ასევე ისაუბრა მიდგომის უფრო ფართო ცვლილებაზე: რეპატრიანტების ცალკეულ ანკლავებში ჩასახლების იდეიდან უფრო ინტეგრაციულ მოდელზე გადასვლაზე, რაც გულისხმობს თანაცხოვრებას და არსებულ სოციალურ სტრუქტურებში ჩართვას, მათ შორის ქვეყნის შიგნით ახალგაზრდა ოჯახების მხარდაჭერას.

მთლიანობაში, გუნბას გამოსვლამ ორგვარი სურათი დახატა: ერთი მხრივ, მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ზრდა, ბიუჯეტის გაფართოება და ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყება; მეორე მხრივ, სტრუქტურული პრობლემების აღიარება: ინფლაციური ზეწოლა, ჩრდილოვანი ეკონომიკა, ენერგეტიკული რესურსების დეფიციტი და მაღალი დამოკიდებულება გარე მხარდაჭერაზე.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

კითხვის გასაადვილებლად, აფხაზეთის, მთიანი ყარაბაღისა და სამხრეთ ოსეთის ინსტიტუტების ან პოლიტიკური პოზიციების განხილვისას OC Media არ იყენებს ისეთ განსაზღვრებებს, როგორიცაა „დე ფაქტო“, „არაღიარებული“ ან „ნაწილობრივ აღიარებული“. ეს არ გულისხმობს პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.