კობახიძე: დასაქმებულთა რაოდენობა ფორმალურად შემცირდა დასაქმების ფიქტიური პროგრამის გაუქმების გამო

პუბლიკა

ირაკლი კობახიძის თქმით, დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება ფორმალურია.

კობახიძეს bm.ge-ის ჟურნალისტმა ჰკითხა, რატომ არ აისახება ეკონომიკის ზრდა მოქალაქეების დასაქმებაზე – საქსტატის მონაცემების თანახმად, 2026 წლის პირველ კვარტალში, ოფიციალურად ეკონომიკის 9,1%-იანი ზრდის პარალელურად, 2026 წლის იმავე პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობა 2025 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 25 ათასი ადამიანით შემცირდა, ხოლო, სამუშაო ძალის გარეთ მყოფი ადამიანების რაოდენობა 50 ათასი ადამიანით გაიზარდა.

ეკონომიკურ ზრდაზე დღეს კობახიძემ კიდევ ერთხელ ბრიფინგზე ილაპარაკა და თქვა, რომ „ეკონომიკური ზრდა არის სიღარიბის შემცირების უმთავრესი მიზეზი, ეკონომიკის ზრდა განაპირობებს იმას, რომ იზრდება მოსახლეობის საშუალო ხელფასი, უმჯობესდება დასაქმების მაჩვენებლები, შედის მეტი თანხა ბიუჯეტში და თავისთავად ფართოვდება სოციალური დახმარების შესაძლებლობები“.

ჟურნალისტის კითხვის პასუხად კობახიძემ თქვა, რომ დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებას ერთი კონკრეტული მიზეზი აქვს – სოციალური დახმარების ჩანაცვლების პროგრამის გაუქმება.

საზოგადოებრივ სამუშაოზე სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამა 2022 წლის მარტიდან ამოქმედდა. მაშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო.

სოციალურად დაუცველებს სახელმწიფომ საჯარო სამსახურში დასაქმება შესთავაზა – ხელფასი 300 ლარი იყო, პროგრამის ბენეფიციარები იყვნენ 18 წლის და უფროსი ასაკის შრომისუნარიანი პირები, ვისი ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს და იღებენ მიზნობრივ სოციალურ დახმარებას.

პროგრამა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2026 წლის დასაწყისიდან შეაჩერა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ეს პროგრამა ფიქტიური იყო.

„30 ათასი ადამიანი იყო, შეიძლება ითქვას, ფიქტიურად დასაქმებული. ისინი ითვლებოდნენ დასაქმებულად, მაგრამ სინამდვილეში ისევ სოციალურ დახმარებას იღებდნენ. ასე იყო 29 ათასზე ოდნავ მეტი ადამიანი. ეს პროგრამა გაუქმდა, რაც აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი იყო, იმიტომ რომ ფიქტიური იყო და ამან გამოიწვია ფორმალურად, დასაქმებულთა დაახლოებით 29 ათასი ადამიანით შემცირება.

რეალურად, დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება. მხოლოდ ეს ერთი კონკრეტული ფაქტორი განაპირობებს ფორმალურ შემცირებას. გავაუქმეთ უსარგებლო პროგრამა და ამით ფორმალურად 29 ათასი ადამიანით შემცირდა დასაქმებულთა მაჩვენებელი, დანარჩენი დასაქმება პირიქით, გაზდილია“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.